საოჯახო სასტუმროებიც ემზადებიან სტუმრის მისაღებად

  • დღეიდან,  საქართველოში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოეხსნა სასტუმროებს, მათ შორის საოჯახო ტიპის სასტუმროებსაც.

საოჯახო ტიპის სასტუმროს  „მწვანე სახლის“  მეპატრონე თინათინ დიდიშვილი „ზუგდიდელებთან“ ამბობს, რომ მისი სასტუმრო ათ კაცზეა გათვლილი და უკვე მზადაა ახალი რეგულაციების შესაბამისად გაიხსნას და მიიღოს სტუმრები, თუმცა მასთან ჯერ არ ყოფილან ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე დაათვალიერებენ, თუ რამდენად შეესაბამება სატუმროს დღევანდელი მდგომარეობა იმ გამოწვევებს, რომელიც რეგულაციებითა და  რეკომენდაციებითაა გასათვალისწინებელი. „მწვანე სახლის“ მეპატრონე მონიტორინგის ჯგუფს სავარაუდოდ, ამ დღეებში ელოდება:

„ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე სასტუმროს საქმიანობის განახლების შესახებ განცხადების დადება დამიგვიანდა. სწორედ, ამან გამოიწვია, რომ დღეს ჩვენ ვერ შევძელით სასტუმრო გაგვეხსნა. ვართ მოლოდინში და სავარაუდოდ, ამ დღეებში მოვლენ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები და დაათვალიერებენ ჩვენთან არსებულ მდგომარეობას.“

საოჯახო სასტუმრო „მანანას“ მფლობელი მანანა ცხადაია ამბობს, რომ საკმაოდ რთულია იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო სთხოვს მცირე ტიპის საოჯახო სასტუმროებს. „დეზობარიერების, დისტანციური თერმოსქრინის,  სადეზინფექციო ხსნარების შეძენა ძნელია იმ სასტუმროების მეპატრონეებისთვის, ვისაც ბოლო სამი თვის განმავლობაში, არანაირი შემოსავალი არ მიუღია. სასურველია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს  საოჯახო სასტუმროების აღდგენა-განვითარებას. კარგი იქნება, ჩვენთვის, ან დეზობარიერები შეეძინა, ან დისტანციური თერმომეტრები, რომლებიც სულაც არ ღირს იაფი.“

საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები ფიქრობენ, რომ წლევანდელი სეზონი მათთვის ჩავარდნილია.

„ზუგდიდელების“ ინფორმაციით, დღეს, 8 ივნისს, არ გახსნილა ზუგდიდის არცერთი დიდი სასტუმრო ერთის გარდა. სასტუმრო „ლეთო“ გაიხსნა და  ალბათ ფიქრობს, რომ აკმაყოფილებს ჯანმოსრეკომენდაციებს და სახელმწიფოს რეგულაციებს. სასტუმროების უმრავლესობა, ჩვენი ინფორმაციით, ჯერ კიდევ სწავლობს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რკომენდაციებს, აკვირდება მოვლენებს და მოგვიანებით აპირებს გახსნას. მითუმეტეს, ამ ეტაპისთვის, ქვეყანა უცხოელ ტურისტებს არ ღებულობს.

რაც შეეხება იმ სასტუმროებს, სადაც საკარანტინო ზონა იყო გახსნილი, უფრო დამაფიქრებელი მდგომარეობაა . „ზუგდიდელებთან“ საუბარში სასტუმროს პერსონალმა შეპარვით გამოთქვა ეჭვი, რომ ნაკლებად სავარაუდოა იმ   სასტუმროებში დარჩენა მოისურვონ ტურისტებმა, სადაც საკარანტინო ზონა იყო განთავსებული.

მიუხედავად იმისა, რომ საოჯახო სასტუმროებს, თუნდაც დიდ სასტუმროებს და რესტორნებს წესების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება ეძლევათ, ისინი, ამ ეტაპზე, მაინც ვერ მიიღებენ ტურისტებს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, რადგან ქვეყნის საჰაერო სივრცე რეგულარული ფრენებისთვის ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში დღეისთვის, ჩაკეტილი რჩება.

  • ინფორმაციისთვის:  საქართველოში შიდა ტურიზმის ამოქმედება 15 ივნისიდან იგეგმება, საერთაშორისო ტურისტებს კი, ქვეყანაში, 1 ივლისიდან ელოდებიან.

 

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.