- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 01 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 106 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 71 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 35 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში, სხვადასხვა რეგიონში არაერთი სამართალდარღვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტი – 32 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში; იმერეთში გამოვლენილია 22 სამართალდარღვევა, კახეთში – 10, სამცხე-ჯავახეთშიც – 10, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც – 10, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 8, ქვემო ქართლში – 7, შიდა ქართლში – 6, გურიაში კი – 1.
უწყების ცნობით, ჯამში ამოღებულია 208 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
“ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით დალუქულია 5 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. რაც შეეხება წლის სტატისტიკას, მიმდინარე წლის ცხრა თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის 1221 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 52 უკანონო სახერხი საამქრო.”-ნათქვამია ინფორმაციაში.