- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 156 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 119 – ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 37 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში, უკანონო ტყითსარგებლობის 9 ფაქტი გამოვლინდა.
“ჯამში ამოღებულია 138 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით დალუქულია 8 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის 6 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 1311 ფაქტი გამოავლინეს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.