- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 268 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 218 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 50 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 26 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში, უკანონო ტყითსარგებლობის 31 ფაქტი გამოვლინდა.
“ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 157 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 16 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 984 ფაქტი გამოავლინეს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.