სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის მუნიციპალიტეტები ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავების სპეციალური ტექნიკით აღიჭურვება


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის 17 მუნიციპალიტეტი ნარჩენების შესაგროვებელი სხვადასხვა ზომისა და მოცულობის სპეციალური მანქანებითა (74 ერთეული) და კონტეინერებით (12019 ერთეული) აღიჭურვება.

ზუგდიდისა და თელავის მუნიციპალიტეტები ქაღალდისა და მუყაოს სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტის განხორციელებისთვის სპეციალური ტექნიკით მომარაგდება.

ტექნიკის შესყიდვის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებსა და შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას” შორის ხელშეკრულებები ქალაქ ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაფორმდა. ხელმოწერას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავების ტექნიკური აღჭურვილობის მიწოდება 2022-23 წლებში ეტაპობრივად უნდა განახორციელონ.

მუნიციპალიტეტები “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” (ISWM II) ფარგლებში აღიჭურვება. პროგრამა ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის განმახორციელებლები არიან საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია CDM Smith (ადგილობრივ კომპანიებთან ერთად: Saunders Group და GEO) და Fichtner (ბერძნულ კომპანია Paseco-სთან და ადგილობრივ კომპანია PMCG-სთან ერთად).


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.