სალომე მაქაცარია და ცენტრი “განთიადი”


  • ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, მდებარეობს სასწავლო ცენტრი „განთიადი“, სადაც მომავალი თაობისათვის ღირსეული განათლების მისაცემად პროფესიონალთა გუნდი მუშაობს. “ზუგდიდელების“ სტუმარია „განთიადის“ დამფუძნებელი სალომე მაქაცარია.

სალომე მაქცარია: “დავიბადე ზუგდიდში  და გავიზარდე ახალსოფელში, საშუალო სკოლაც დავამთავრე ამავე სოფელში. ჩემი წარმატებებიც უკავშირდება ამ სკოლას, სადაც მინერგავდნენ სამშობლოს სიყვარულს, მასწავლებლები არ შემოიფრაგლებოდნენ ვიწრო განათლებით არამედ გასცემდნენ უანგარო შრომას და ცოდნას ჩვენთვის, გვინერგავდნენ წიგნისა და ცოდნის სიყვარულს,  მთავარი იყო მიგვეღო, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჩემი სკოლის მასწავლებლებს.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩავირიცხე თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. მაშინ პროკურორობაზე ვოცნებობდი, მაგრამ მოგვიანებით აზრი შემეცვალა და  ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე ზუგდიდის გრიგოლ ხვიტიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგის ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 2016 წელს და დღემდე ვაგრძელებ სწავლას, ამჟამად ქართულ ფილოლოგიას ვეუფლები.  შემდეგ სხვადასხვა სფეროში ვიმუშავე. იმ სამსახურებმა დიდი გამოცდილება მომცა. ამჟამად, სასწავლო ცენტრი “განთიადის” დამფუძნებელი გახლავართ, ასევე ვარ მასწავლებელი და ვასწავლი მოსწავლეებს პირველი კლასიდან მეექვსე კლასის ჩათვლით.

-სალომე, რას ნიშნავს მცნება “კარგი პედაგოგი”?

-კარგი პედაგოგი შემოქმედ, შრომისმოყვარე, კრეატიულ და რა თქმა უნდა, თავისი საქმის პროფესიონალ მასწავლებელს ნიშნავს. მასწავლებლის ვალია მომავალი თაობების ადამიანად ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება და მასწავლებელი, რომელიც ამ გამოწვევას ღირსეულად უპასუხებს ის ჩაითვლება კარგ პედაგოგად.

ადამიანი, რაც უფრო მეტს ისწავლის ის, უფრო ბედნიერია, უფრო მშვიდდება სულიერადაც. ცოდნა ნათელს ხდის ადამიანს. პროფესია, რომელიც მე ამოვარჩიე არის მასწავლებლობა, ბავშვებთან ურთიერთობა და მათი სიყვარული. ეს სიყვარული მეც ბავშვობის დროს აღმოვაჩინე,-ყველა მეზობელ მოსწავლეს ვეხმარებოდი და გამიჩნდა დიდი სურვილი, რომ ეს ოცნება ამსრულებოდა. ბავშვები ყველაზე წრფელი, უბოროტონი არიან და სწორედ ისინი მაძლევენ ენერგიასა და შემართებას, ამ ბოროტება გამეფებულ სამყაროში.

-რას მოიაზრებს  ცენტრი „განთიადი“?

 -სასწავლო ცენტრი ,,განთიადი“-ს დევიზი არის “სწავლა და ცოდნა გზა გამარჯვებისთვის“ და სწორედ, რომ მხოლოდ ცოდნის გზით არის შესაძლებელი ცხოვრებაში გამარჯვების მიღწევა და ეს სწავლისა და საკუთარი თავის რწმენის გარეშე შეუძლებელია, სწორედ ამას მოიაზრებს შედეგზე ორიენტირებულ სწავლებას, სკოლამდელი განათლებიდან მე-12 კლასის ჩათვლით, როგორც კომპლექსურ, ასევე საგნობრივ კატეგორიებში, როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად.

შედეგზე ორიენტირებულობა და მიზნისკენ სწრაფვა დიდი შრომითაა შესაძლებელი, ეს ჩვენ გამოგვდის, რაზეც მოწმობს მადლიერ მშობელთა რაოდენობა.

სამწუხაროა, რომ ჩვენი სასწავლო ცენტრი ფასიანია. ბედნიერი ვარ, რომ შევძელი მიზნის მიღწევა და ახალსოფელში იფუნქციონირებს ,,განთიადის“ ფილიალი. ეს ცენტრი, ჩემი სოფლის სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს 20%-იან ფასდაკლებას. ამასთანავე, სამ სოციალურად დაუცველ ბავშვს მოვემსახურებით უფასოდ ინგლისურსა და მათემატიკაში.

სალომე, როგორ ფიქრობთ, მიზნის მისაღწევად რა არის საჭირო?

– შრომა და სიყვარული საქმისადმი.

-ისეთი ცხოვრება გაქვთ როგორზეც ბავშვობაში ოცნებობდით?

– დიახ, მაქვს.

-თქვენი პიროვნული თვისებებიდან ყველაზე მეტად რა გეამაყებათ?

-ის, რომ არასოდეს არ ვნებდები.

 -გულწრფელი ბოდიში თუ მოგიხდიათ?

-ძალიან ხშირად, ჩემი მოსწავლეებისთვისაც კი მომიხდია გულწრფელი ბოდიში საჭიროების დროს.

– წყენას როგორ გამოხატავთ, ადვილად გწყინთ?

-ადვილად მწყინს, ფეთქებადი ხასიათიც მაქვს, მაგრამ გულში არ ვიტოვებ წყენას.

 –თქვენი სუსტი წერტილი?

-ვთვლი, რომ სუსტი წერტილი არა მაქვს.

-სალომე, წარსულზე, როცა ფიქრობთ და აანალიზებთ, რა მომენტები გახსენდებათ მძაფრად?

-ბავშვობის პერიოდი, რა თქმა უნდა.

 -როგორც ჩანს მეგობრებს დიდი ადგილი უკავიათ თქვენს ცხოვრებაში…

-დიახ, საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავთ, მაგრამ ამ გრძნობით გამოწვეული უდიდესი სიცარიელეა ჩემს გულში.

 -როგორ ატარებთ თავისუფალ დროს და საერთოდ, როგორი გარემო გჭირდებათ დასვენებისათვის?

-თითქმის არ მაქვს დრო დავისვენო, ამის გამო, ოჯახის წევრებიც გამოთქვამენ პრეტენზიას. ვერ ვახერხებ დროის გამონახვას.

-ადამიანის თვისებაში რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ?

-აუცილებელია გულახდილობა და საქმისადმი სიყვარული.

-სალომე, რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

-პანდემიის დროს გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვატაროთ პირბადე და ავიცრათ. მე და ჩემი თანამშრომლები აცრილები ვართ. ზუგდიდელებს ვუსურვებ წარმატებებს, მშვიდობას და ერთმანეთის გვერდით დგომას.

მასალა მოამზადა როზა როგავამ


კომენტარი

  1. კესო

    წარმატებები სალომეს და მის უმაგრეს გუნდს, საუკეთესოები არიან მართლაც, ❤❤❤

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!