საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსი მიიღეს


გაიმართა “საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსის“ პრეზენტაცია, რომლის  შემუშავების ინიციატივა ფრაქციას „ზუგდიდის მომავლისთვის“ ეკუთვნის და მასზე მუშაობა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან მხარდაჭერით მოხდა. ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, ადამიანის უფლებების დაცვის და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ის აუცილებელი ვალდებულებები, რაც კოდექსის თანახმად, დეპუტატებმა უნდა დაიცვან.
ეთიკის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. ამასთან, დეპუტატი ვალდებულია საკრებულოს საქმიანობაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თავისი გარეგნული იერით, ქცევით და საჯარო გამოსვლებით შეესაბამებოდეს საზოგადოებრივი ეთიკის საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს, ყველა ვითარებაში დაიცვას საკრებულოს ავტორიტეტი, საზოგადოებრივი ინტერესები, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი სხდომის წესები, არ დაუშვას კოლეგების, საკრებულოში მომუშავე და სხვა პირთა შეურაცხყოფა და უპატივცემლობა მათი განსხვავებული პოზიციის გამო. საკრებულოს წევრები არ უნდა იყენებდნენ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ გამოთქმებს და უხამს სიტყვებს. დაუშვებელია პირადი დამოკიდებულების სამსახურისთვის მიუღებელი ფორმით გამოხატვა, მანდატის შეუსაბამო საქციელი სამსახურში თუ მის გარეთ. დეპუტატს ასევე ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი მხრიდან სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებაზე.- ეს გახლავთ ის ძირითადი ხერხემალი, რაზეც აგებულია “საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსი”.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ და „ეთიკის კოდექსი“ შეაფასეს.

აღნიშნული ღონისძიება ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) დაფინანსებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტთან (NDI) თანამშრომლობით ჩაატარა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!