- ზუგდიდში, საკონსერვოს უბანში მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელი ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა, თუმცა გადარჩა.
შენობაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა დევნილმა “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ ბავშვი იმ წუთას მეორე ოთახში იყო გასული, რა დროსაც მოხდა შენობის ნგრევა. “საშინელი ხმა გავიგეთ. გარეთ გამოვედით. არავის გვეგონა, ბავშვი ცოცხალი თუ გადარჩებოდა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები დროულად მოვიდნენ და მცირეწლოვანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, როგორც ექიმებმა გვითხრეს, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ობიექტს, ეს შენობა საცხოვრებლად უვარგისია და შესაბამისი დასკვნაც არსებობს”.