- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მეოთხე საჯარო სკოლას არაერთი კრეატიული ნაძვის ხე აქვს დერეფნებში გამოფენილი. ერთი შეხედვით, ზღაპრულ სამყაროში გეგონებათ თავი.
სკოლის დირექტორი, ნათია ხუფაცარია ამბობს, რომ ნაძვის ხეები, სკოლაში გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, გაკეთდა და ამ პროცესში, მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, მშობლებიც მონაწილეობდნენო.
“ამ სილამაზის შექმნაში დიდია მშობლების წვლილი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, საახალწლო სამზადისში მამების აქტიურობა. მათ, შვილებთან ერთად, აქ, ადგილზე, შექმნეს ეს ყველაფერი. მართალი გითხრათ, ძალიან გაგვიჭირდა საუკეთესო ნამუშევრის გამოვლენა. გადავწყვიტეთ, არ იყოს პირველი, მეორე და მესამე ადგილები, გვინდა, ყველა ნაკეთობას მიენიჭოს შესაფერისი ნომინაცია, რადგან ყველა განსაკუთრებულია, ყველა ორიგინალურია.”
სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ნაძვის ხეების სიუხვე გამოიწვია სიტუაციამ, როცა ბიუჯეტში არ არის საკმარისი თანხა ერთი დიდი ნაძვის ხისთვის. სწორედ, გუნდურობამ, თანადგომამ, სიყვარულმა “მოიყვანა” ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში ათეულობით კრეატიული, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავბეული ნაძვის ხე, მისი მოსართავებით, თოვლის ბაბუებით, საჩუქრებით. “ზუგდიდელების” ყურადღება ერთმა შემეცნებითმა კუთხემ მიიქცია. პირობითად, მისთვის, მეოთხე სკოლელებს “კარცერ ლუქსი” შეურქმევიათ, აქ შეიძლება, მოსწავლემ, მასწავლებელმა თუ მისმა მშობელმა, მშვიდად მოიკალთოს და მოისმინის ფრაგმენტები რევაზ ინანიშვილის მოთხრობიდან, რომელსაც თავად მოსწავლეები კითხულობენ.
დირექტორი ნანობს, რომ ერთი, ყველაზე კრეატიული ნაძვის ხე ვერ გვაჩვენა. უბრალოდ… შეიჭამა თურმე! ნაძვის ხე მწვანე ჩურჩხელებისგან ყოფილა შექმნილი და…
ირგვლივ, ცნობილი საახალწლო მელოდია ჟღერს, ნაძვის ხეები ციმციმებენ, ბეთლემის ვარსკვლავიც ანათებს. ახალრებილიტირებული მეოთხე საჯარო სკოლიდან გადამდები, დადებითი ემოციები გვაცილებს, რომლის თანამოზიარე თქვენც გახდებით ამ ფოტოების დათვალიერების შემდეგ.
მართლაც რომ კრეატიულია… გილოცავთ შობა-ახალ წელს…