- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამეგრელოს აკადემია გაიხსნა.
ფეხბურთის ფედერაციის სამეგრელოს აკადემია პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად დაათვალიერა.
აკადემიაში ახალი სასწავლო წლიდან 40-მდე ფეხბურთელის მიღება იგეგმება. ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას, აკადემიის გუნდებთან ერთად, ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, სამოყვარულო და ქალთა ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ.
პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, FIFA-ს პროგრამა FORWARD-ისა და UEFA-ს პროგრამა HatTrick-ის დაფინანსებით განხორციელდა. აკადემიის მშენებლობისთვის ჯამში 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.