როგორ ცხოვრობენ პედაგოგები სკოლიდან წასვლის შემდეგ-ლეილა ხუფენია

პედაგოგ ლეილა ხუფენიას აქვს ამ კითხვაზე პასუხი. ის წლების განმავლობაში სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე და პედაგოგად, არაერთი ახალგაზრდის აღმზრდელი და დამკვალიანებელია. მე-5 საჯარი სკოლიდან წამოსვლის შემდეგ, მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, საოჯახო მეურნეობის განვითარებაში ეხმარება ოჯახში და-ძმას. ამბობს, რომ  5 ჰექტარი მიწაა ახლა მისი სამფლობელო და სამუშაო ადგილი, რომ სხვა დროსთან შედარებით უფრო მეტს ფიქრობს ცხოვრებაზე, რომ წარსულიდან პოზიტიური მეტი ახსოვს, ვიდრე ცუდი. პედაგოგი ლეილა ხუფენია საკუთარ თავზე თავად გვიყვება:

ბავშვობა–,,ლულუმხანი და ასლულუმხანი’’

ბავშვობა ყველასთვის თავისებურად საყვარელი ცხოვრების პერიოდია. მისი აჩრდილი მუდამ გვიხმობს თავის წიაღში.

მე არ ვიყავი მდიდარი ოჯახის შვილი, მაგრამ ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ თავიანთი შვილების საკეთილდღეოდ, რათა ბავშვობა ლამაზად გაგვხსენებოდა.

დედაჩემი პროფესიით მუსიკათმცოდნე იყო და თავისი კრეატიულობით გვხიბლავდა ბავშვებს. გვასწავლიდა სიმღერებს, ლექსებს, ცეკვებს გვადგმევინებდა მინი სპექტაკლებს, გვიკითხავდა ზღაპრებს, გვზრდიდა რელიგიურად, გვინერგავდა სიკეთის კეთებას. თვითონ ხომ სიკეთის განსახიერება იყო.

საბავშვო ბაღში არ მივლია, მაგრამ ოჯახში შესაბამისი განვითარება მივიღე. ბავშვს არაფერი ავიწყდება, დღემდე მახსოვს ბებიაჩემის მონათხრობი მეგრული ზღაპრები: “ლულუმხანი და ასლულუმხანი’’, ასევე ,,ბეძღელია და კვეწელია“. ის განათლებული ქალი არ იყო, მაგრამ ცხოვრებისეულ გამოცდილების მქონე, რომელსაც არაფერი არ ეშლებოდა. მეცინება ყოველთვის, როცა ბებიას ზღაპრები მახსენდება. ის ჩემთვის ტკბილად მოსაგონარია. ცხონებულიყოს მისი სული.

რამდენმა წელმა გაიარა მას შემდეგ, მაგრამ ისევ ისე გვიყვარს ფერადი ბუშტები და სათამაშოები, ის მოგონებები, წარსულში რომ დარჩა “ხსოვნის დამტვრეულ სკივრში მივიწყებული“…

სკოლა და ძმასთან ერთად მოწეული პირველი მოსავალი

თანდათანობით მივიწევდი წინ. დღევანდღელ დღესავით მახსოვს, თუ როგორ მიმიყვანა დარჩელის საშუალო სკოლის პირველ კლასში ჩემმა უფროსმა დამ, რა მეცვა, როგორი ჩანთა მეკავა და როგორ ჩააბარა ჩემი თავი პირველი კლასის მასწავლებელს, ლიდა გულუას,  რომელმაც დაგვლოცა და ჩაგვიხუტა გულში.

კლასში ძალიან კარგი მეგობრები მყავდა, რომლებთან ურთიერთობა დღემდე მაკავშირებს.

პირველ კლასში ყოფნისას მახსენდება სასაცილო ამბავი. სკოლაში იყიდებოდა ფუნთუშები. ბუფეტში მუშაობდა ძაბია დეიდა (ასე ვეძახოდით მას) ფუნთუშის საყიდლად დამაკლდა 5 კაპიკი, არადა ძალიან მშიოდა. რა მექნა? უნდა მესესხა. ასეც მოვიქეცი.

ჩემმა მეგობარმა, გურგენ ცანავამ, მომცა 5 კაპიკი და თან დასძინა: ხვალ დამიბრუნებო. ფუნთუშა ვიყიდე, გემრიელად მივირთვი, მაგრამ დღემდე გურგენისთვის არ დამიბრუნებია ვალი. ის კი ყოველ დანახვაზე პროცენტებს ითხოვს.

ბედნიერი ბავშვობა მქონდა მე-4 კლასამდე, მაგრამ ბედისწერამ ყველაფერი უკუღმა დაატრიალა მამაჩემი ტრაგიკულად გარდაიცვალა. მე ვიყავი ყველაზე უმცროსი ოჯახში, ჩემი ძმა  ჩემზე უფროსი იყო ერთი წლით, კლასში ერთად ვსწავლობდი.

დედაჩემს დაეკისრა ოჯახის გაძღოლა თავდაუზოგავად მუშაობდა. ჩვენც ამოვუდექით გვერდში, რათა ცოტათი შეგვემსუბუქებინა ჯაფა. ყოველთვის მეტირება, როცა იმ დროს ვიხსენებ.

მე-4 კლასში ვიყავით მე და ჩემი ძმა, როცა მეურნეობის სასიმინდე მიწის ნაკვეთი დავამუშავეთ, რა  თქმა უნდა, გვეხმარებოდა ჩემი მეზობელი, სევერიან ხუფენია, რომელიც ამ უბნის ბრიგადირი იყო. იმ წელს ოჯახში შემოვიტანეთ ერთი ტონა სიმინდი. მინდა მადლიერად მოვიხსენიო სევერიან ბიძია, კეთილი, თბილი, მოსიყვარულე, ობლების ხელის გამწოდებელი. ღმერთმა აცხონოს მისი სული.

საბჭოთა პერიოდში სიმინდის გარკვეული ნაწილი სახელმწიფოსთვის უნდა ჩაგვებარებინა, მაგრამ ბატონმა სევერიანმა ყველა სახლში შემოგვიტანა. არ შეიძლება სიკეთის დავიწყება.

სკოლაში საუკეთესო პედაგოგები მყავდა: ანტონ არნანია, მელენტი კოდუა, პალიკო ჟიჟბაია, მათუთა ბოკუჩავა ( კლასის დამირგებელი) და სხვა.

განსაკუთრებით მიყვარდა ჰუმანიტარული საგნები. ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ანტონ არნანიას. ის იყო პოეტი, საზოგადო მოღვაწე, ჭეშმარიტი ქართველი და ნამდვილი პედაგოგი.

თავიდანვე ვოცნებობდი იურისტობაზე, მაგრამ საბოლოოდ ყურადღება შევაჩერე პედაგოგობაზე.

             მეცხოველეობის ფერმა–ველოსიპედი და გზა უნივერსიტეტისკენ

სწავლის გაგრძელება მინდოდა უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ ცუდი პირობები არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ მესწავლა. ეს ის დრო იყო, როცა ჩემი დები ამთავრებდნენ უმაღლეს სასწავლებელს. არ ვიცოდი რა მექნა, დღედაღამე ვფიქრობდი, მალულად ვტიროდი, მაგრამ დედაჩემს არ ვაჩვენებდი ცრემლებს.

ერთ მშვენიერ დღეს, გადავწყვიტე, მუშაობა დამეწყო სოფლის მეცხოველეობის ფერმაში, მწველავად. თავიდან გაუკვირდათ ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ მეორე დღეს უკვე ფერმაში ამოვყავი თავი. მუშებს არ სჯეროდათ მე თუ შევძლებდი მუშაობას: ეს ბავშვი რისი გამკეთებელი იქნებაო, მაგრამ ეჭვები გაუქარწყლდათ, როცა დაინახეს ჩემი მონდომება.

ფერმა სახლიდან ექვსი კილომეტრით იყო დაშორებული, ამიტომ ვიყიდე ველოსიპედი „უკრაინა“ და იმით დავიწყე სიარული, რადგან ფეხით გადაადგილება დამღლელი იყო. ჩანთაში წიგნებს ჩავალაგებდი, მოვიკიდებდი ზურგზე და თავისუფალ დროს, როცა ყველაფერს მოვისტუმრებდი, ჩამოვჯდებოდი ენგურის ნაპირზე და ვმეცადინეობდი.

ფერმა თანდათან დაკომპლექტდა ახალგაზრდებით. ჩამოყალიბდა კომკავშირული ბრიგადა. ჟურნალისტების ბუმი იყო თითქმის ყოველკვირა. გაზეთებსა და წიგნებში იწერებოდა სტატიები ჩვენზე. სახალისო და საინტერესო იყო ჩვენი მუშაობა. ბატონი ისააკ ქორთუა (გაზეთ ,,მებრძოლის“ რედაქტორი) ხშირად გვსტუმრობდა, გვაიმედებმდა, გვარიგებდა. გამოიცა წიგნი ,,ახალი ზღუდეების დამლაშქვრელნი“, რომლის ავტორი იყო ქრისტესიაშვილი (სახელი არ მახსოვს) და გვეზღვნებოდა ჩვენ. ფერმაში გატარებული ყოველი დღე ძვირაფასი იყო ჩემთვის და არის დღემდე. მე იქ ვისწავლე შრომის ფასი, თანადგომა და სიყვარული. ჩემი ნამოღვაწარით შევიძინე ახალი ჭიშკარი და ტელევიზორი. ყოველ კვირა დამქონდა სახლში რძე თავსახურიანი ლითონის ჭურჭლით ანუ „ბიდონით“.  მოვაგროვე სახარჯო ფული და გავუდექი გზას უნივერსიტეტისკენ.

უნივერსიტეტი–სოხუმი

ჩავაბარე სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც იმ წელს გადაკეთდა სახელმწიფო უნივერსიტეტად, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. მყავდა ძალიან კარგი ლექტორები, პროფესორ-მასწავლებლები. არ შემიძლია არ გავიხსენო ისინი: ვახტანგ ვახანია, ვალიკო ჯეჯელავა, ოთარ ჭურღულია, ტიტე მოსია, რევაზ სალია, ალექსანდრე კიკვაძე, ეთერ ქაჯაია, ჯემალ სილაგაძე და სხვანი.

მახსენდება ერთი კურიოზი ჩემი სტუდენტური ცხოვრებიდან.

ერთ დღეს მივმართე ქართული ენის კათედრას, ლაბორანტსა და ჩემს შორის მოხდა შეკამათება, საკურსოს გამო. ავღელვდი და კაბინეტის კარი მივაჯახუნე. სულ არ შემიმჩნევია ჩემი ლექტორი ვალიკო ჯეჯელავა, რომელიც ამ დროს იქ იმყოფებოდა თურმე. სწრაფად წავედი აუდიტორიისკენ, დაირეკა ზარი და ბატონი ვალიკოს ლექცია დაიწყო. ის შემოვარდა ქორივით აუდიტორიაში, ჟურნალი დააგდო მაგიდაზე და დაიწყო ხმამაღლა ლანძღვა: -ამისთანა უზრდელი ქალის (ასე მოგვმართავდა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს) მნახეველი არ ვარ მე. შემოანგრია კარიო. არავინ იცოდა ჩემი ინციდენტის შესახებ. მე კი თავდაწეული ვიჯექი და კრინტი არ დამიძრავს, როცა ნახა, რომ თავი დამნაშავედ ვიგრძენი, მაშინ ცოტათი დამშვიდდა და თქვა: – რა გასაკვირია ხ – ჯ–სთან არის ახლოსო – და ჩაიცინა.

ამის შემდეგ სამმა წელმა გაიარა. დადგა სახელმწიფო გამოცდების დღე. პირველად გვქონდა გამოცდა ქართული ენის გრამატიკაში. თბილისიდან მოწვევით ჩამოსული იყო კომისიის თავმჯდომარე. ავიღე ბილეთი ვალიკო მეკითხება:

-რომელი ნომერია, ქალო?

-39-ე, – ვუპასუხე მე (განრისხებულად).

-რას მედავები ქალო?

-იმიტომ გედავებით, ბატონო ვალიკო, რომ “ხ” -“ჯ”-სთან არის ახლოს მეთქი (ხუფენია-ჯეჯელავა).

და როცა დააკონკრეტა, თუ რას ნიშნავდა ეს, მთელი საგამოცდა დარბაზი ახარხარდა. კომისიის თავმჯომარემ მიმართა ვალიკოს:

– ეს რა მაგარი გოგო ყოფილა, მას გამოკითხვის გარეშე დაუწერე ნიშანიო.

დიდი თუ პატარა ყველა მხიარულ განწყობაზე დავაყენე. მე კი მოთელვა გავაკეთე ჩემი ასეთი საქციელით, კარგი განწყობა შემოვიტანე გამოცდაზე. ასეთი კურიოზებით იყო სავსე ჩემი სტუდენტური ცხოვრება. გული სიხარულით მევსება, როცა ამ წლებს ვიხსენებ.

სოხუმი ძალიან მენატრება. ის ჩემი ცხოვრების ნაწილია. ლამაზი, მზიანი, წარმტაცი მხარე დღეს ჩვენთვის შეუღწევადი და შორეული გახდა, არდა, რა კარგი ურთიერთობა გვქონდა აფხაზ სტუდენდებთან და ხალხთან. ცუდი არაფერი მახსენდება იქ ყოფნის პერიოში. ვწუხვარ ძალიან, რომ ჩვენს შორის ჩამოვარდა ზიზღი. იმედია, გამოსავალი მოიძებნება. მხოლოდ სიყვარულით მოვიპოვებთ ნდობას, რომელიც გააქარვებს უნდობლობას და საბოლოოდ გაიმარჯვებს მშვიდობა.

დარჩელის მეურნეობის კომკავშირის მდივანი–საბჭოთა პერიოდი

უნივერსიტეტი დავამთავრე და დავიწყე მუშაობ სოფ. დარჩელის მეურნეობის კომკავშირის განთავისუფლებულ მდივნად. ეს დრო მეტად საინტერესოა, იქ ყოფნის პერიოდში შევიძინე გამოცდილება. საზოგადოებასთან ურთიერთობა. ვმუშაობდი კეთილსინდისიერად. არასდროს დამავიწყდება თუ როგრო გვზრდიდნენ და გზას გვიკაფანდნენ ახალგაზრდებს კომკავშირის რაიკომის მდივანი, ბატონი გურამ ფიფია. ის იყო კომუნიკაბელური, ახალგაზრდებზე მზრუნველი, გვასწავლიდა, გვირჩევდა და გვაიმედებდა. დღემდე დიდი სიყვარულით ვიხსენებ მას.

ყოველთვის მოწინავეთა რიგებში ვიყავი. თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია არ გავიხსენო კომკავშირის  ერთ-ერთი კონფერენცია, რომელიც ჩატარდა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრში. გამოვედი სიტყვით. დარბაზი გასუსული მისმენდა, ხოლო თბილისელმა სტუმარმა, ორჯონიკიძემ, იკითხრა: ვინ არის ეს გოგო? ვხედავდი გურამი გაბრწყინებული თვალებით უყვებოდა ჩემს წარსულზე და აწმყოზე. მადლობა ამისთვის ბატონ გურამს.

ვიყავის სამართლიანი. კომკავშირში მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა. დაუვიწყარია ჩემთვის პარტიული ორგანიზაციის მდივანი, ბატონი ბორის ანთია, რომელიც ჩემი მეგობარი და მასწავლებელი იყო.

ზოგიერთს არ სურს იმ დროის გახსენება, რადგან საბჭოთა პერიოდი იყო, მაგრამ იმ დროში კარგიც იყო და ცუდიც, როგორც დღეს. განსხვავება ისაა, რომ სიმართლის თქმა თავისუფლად შეიძლება. სხვათაშორის, მე არასდროს ვიყავი შეზღუდული ამ მხრივ.

პროფესიული სასწავლებელი-მარცხი და გამარჯვება…

ინგირის პროფესიულ სასწავლებელში გადამიყვანეს დირექტორის მოადგილედ აღმზდელობით დარგში. ეს სასწავლებელი მწვანეში იყო ჩაფლული, არაჩვეულებრივი გარემო მქონდა. სასწავლებელის დირექტორი გახლდათ ჟორჟი ზაქარაია, შემდეგ კი ინეზა ცაავა. იქ კარგი და იუმორით სავსე მეგობრები მყავდა. დაუვიწყარია ბატონი შალვა იზორია, კაცი, რომელიც იყო ცოცხალი ენციკლოპედია. ამავდროულად მეგობარი, მრჩეველი და დიდი იუმორისტი. მახსენდება ერთი საინტერესო დღე ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობიდან, ვინაიდან სასწავლებელი იყო პროფესიული, კურსდამთავრებულებს ვასწავლიდი „სამართალს“, მოულოდნელად, ქუთაისიდან, დამესწრო გაკვეთილზე წარმომადგენელი. შიშის გამო გაკვეთილი ჩამივარდა, ამან კიდე უფრო ოპტიმისტურად განმაწყო და შევეცადე გადამელახა ბარიერი. სამაგიეროდ, როცა მეორეჯერ დამესწრო წარმომადგენელი თბილისიდან, გაოცებული დარჩა ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილით და მითხრა: შენ კარგი იურისტი იქნებოდიო. იმ დღეს გაკვეთილად მქონდა ,,სისხლის სამართალი“. დღემდე მახსოვს ეს ყველაფერი და მეცინება.

დარჩელის საშუალო სკოლა

დარჩელის მეურნეობის დირექტორის, ბატონი ოთარ ანთიასა და საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ ჭედიას თხოვნით, გადამიყვანეს დარჩელის საშუალო სკოლაში დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში, სკოლაში არსებული პრობლემების გამო. მე ვცდილობდი ნდობა გამემართლებინა. მუშაობა მიწევდა ჩემს მშობლიურ სკოლაში, სადაც იყვნენ ჩემი ყოფილი პედაგოგები და აღმზრდელები. დაწყების დღიდანვე ვმუშაობდი თავდაუზოგავად, არაფერი არ მრჩებოდა ყურადღების გარეშე. მახსოვს როგორ ვაგროვებდით, ბავშვებთან ერთად, ეკალს, ბოთლებს, ჩაის თესლებს, ვაბარებდით მეურნეობას და იმ თანხით სკოლის საკლასო ოთახებს ,,ვარემონტებდით“. სახელი შორს გაუვარდა ამ სკოლას თავისი ღირსებით, წესრიგით და სხვადასხვა სახის ღონისძიებით. დაუვიწყარია ჩემთვის სოფლის ცენტრში ჩატარებული ღონისძიება „ჯარალუა“, რომლის ინიციატორი იყო ბატონი ზურაბ ცხონდია, მან გვერდში დამიყენა და ერთობლივი ძალით ჩავატარეთ ეს დღესასწაული. გაოცებული დარჩნენ თბილისიდან ჩამოსული სტუმრები. დღესაც თვალწინ მიდგას ,,იარმურკობა“,  ,,მარულა“, ქორწილის იმიტაცია წარსულიდან, მეგრული სიმღერები და ცეკვები.

ბევრი ტკბილ-მწარე მოგონება მაქვს ამ სკოლასთან დაკავშირებით, არ მინდა გავიხსენო ის, რისი გახსენებაც მინორულ ნოტაზე მაყენებს.

ქალაქ ზუგდიდის სკოლა-ინტერნატი, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი, ექსპერიმენტული სკოლა, ზუგდიდის უნივერსიტეტი და ბოლოს, მე-5 საჯარო სკოლა.

საოცრად საინტერესო წლები იყო ზემოთ აღნიშნულ სკოლებში მუშაობისას. შევიძინე უამრავი მეგობარი, როგორც პედაგოგი, ასევე მოსწავლე.

ყველაზე დიდხანს ვიმუშავე, თითქმის ოცი წელი, მე-5 საჯარო სკოლაში, რომლის დირექტორი გახლავთ, ქალბატონი დოდო ცქვიტაია. ამ სკოლაში მუშაობამდე სამი წლით ადრე, გარდამეცვალა უფროსი და, ვალინა ხუფენია, ძალიან განვიცადე და გული ამიცრუვდა მუშაობაზე.

ერთხელ, შებინდებისას, სახლში მომადგა ქალბატონი დოდო, მანუგეშა, მომეფერა და  მთხოვა, წავსულიყავი მასთან, სკოლაში, დირექტორის მოადგილედ აღმზრდელობით დარგში, ამავდროულად ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ამ სკოლაში დამხვდა საუკეთესო ახალგაზრდული კოლექტივი, რომელმაც გულში ჩამიხუტა და ყველანაირი პრობლემა დამაძლევინა, მადლობა მათ ასეთი თბილი და კეთილი მიდგომისათვის. სკოლაში საინტერესო მოსწავლეებიც დამხვდნენ, თითოეულ მათგანს საგანთან ერთად, ვასწავლიდი მეგობრობას, ერთგულებას, პატრიოტიზმს, ურთიერთსიყვარულს. სიტუაციური ამოცანებით ვაჩვენებდი უფროსისადმი, მოხუცისადმი პატივისცემას, ვატარებდი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს…

ეს სკოლა ჩემთვის მნიშვენლოვანი იმითაც იყო, რომ მყავდა „გზას აცდენილი“ ბავშვები. დღე და ღამე ერთი იყო ჩემთვის, ვფიქრობდი როგორი მეთოდით, რა ხერხით გამომეყვანა ისინი ამ მდგომარეობიდან. არასდროს გამომიყენებია სხვის მიერ დაწერილი თეორიები. ჩემი პირადი ცხოვრების მაგალითებით, წერილებით, სიყვარულის უსაზღვრო გაცემით, ნდობით, ისინი სწორ გზაზე დავაყენე. ბევრი მათგანი დღესაც წერს ლექსებს, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მიეღოთ უმაღლესი განათლება. რა უნდა იყოს ამაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის.

ამ სკოლაში მუშაობისას, განსაკუთრებული იყო ჩემთვის 2019 წლის კურსდამთავრებულები, რომლებიც მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, „ჩემს ხელში“ გაიზარდნენ. ეს კლასი იყო განსხვავებული: მონდომებით, მეგობრობით,  კარგი აკადემიური მაჩვენებლებით, მშობლებით და ურთიერთპატივისცემით. ყველა ბავშვს ერთმანეთი უყვარდა, ერთად იყვნენ ჭირსა და ლხინში.

“განსაკუთრებული იყო ჩემთვის 2019 წლის კურსდამთავრებულები, რომლებიც მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, „ჩემს ხელში“ გაიზარდნენ.”

მახსენდება კურიოზი, ეს მოხდა მეთერთმეტე კლასში ყოფნის დროს. შესასვლელი ზარი დაირეკა, გაკვეთილი დაიწყო. შევედი კლასში და რას ვხედავ? 27 ბავშვიდან არცერთი არ დამხვდა კლასში.  გაოგნებული დავრჩი, მერე მაგიდასთან დავჯექი და დავიწყე ფიქრი, სად უნდა წასულიყნენ. უცებ შევნიშნე მაგიდაზე თაბახის ფურცელი, ავიღე. აი, რა ეწერა:

” XI-ა კლასის სიგელი დამრიგებელს და დამრიგებელზე მეტს – ლეილა ხუფენიას!

                საყვარელო ლეილა მასწ! ალბათ უკვე გაიგეთ ჩვენი „მზაკვრული“ ჩანაფიქრის შესახებ. ძალიან გთხოვთ, ნუ განრისხდებით. თვით როსტევანმაც კი აპატია გაპარვა ავთანდილს. სილამაზისა არ იყოს, საგმირო საქმე მსხვერპლს მოითხოვს, თუმცა იმედი გვაქვს, ამ ამბავმა უმსხვერპლოდ ჩაიაროს. გკოცნით ბევრს, ხვალამდე.

დიდი სიყვარულით თქვენი საყვარელი ბავშვები.“

 ამ წერილმა ყველაფერი დამავიწყა, გული ამიჩუყდა, ბოლოს ჩამეცინა და მივხვდი იმას, რომ ეს მე-10 კლასში დაგეგმილი შატალოს ჩაშლის გამო იყო ორგანიზებული.

ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის დასასრულს საუკეთესო და წარმატებული თაობა გავაცილე სკოლიდან. განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა: დაჩი წურწუმია, მერიკო ქირია, ნინო გვალია, სოფო შამუგია, კესო შუშანია, ალექსი გაბესკირია, თამარ შამუგია და სხვები. ამ ბავშვებმა ჩააბარეს საუკეთესო უმაღლეს საწავლებლებში 100% – 70% -50% გრანტებით. მადლობა ამ სკოლას და მის დირექტორს ქალბატონ დოდოს იმისთვის, რომ დიდი სიყვარული მაგრძნობინეს.

სოფელში

სკოლაში უკვე ამოვწურე რესურსი და გადავწყვიტე, ჩემს მშობლიურ სოფელს დავბრუნებოდი, ვინაიდან ჩემს ასაკში ადამიანს უფრო თავისუფალი ცხოვრება სჭირდება. ქალაქი სხვა თემაა. მე კი ახლადამოსული მწვანე ბალახი და მიწის სუნი მენატრება. არაფერი ისე არ მიყვარს, როგორც აყვავებული, დაბურული ხის ძირას ჯდომა, თოვლის ფიფქებივით ჩამოცვენილი ყვავილის ფურცლები და იქვე დამუშავებული ხნულებისა და მოფუსფუსე ადამიანების ყურება. მე დავუბრუნდი იმ კერას, რომელთანაც უამრავი რამ მაკავშირებს. აქ ყველაფერი ჩემია,- ხე , ქვა, მინდორ-ველი. რა ჯობია დაღლილ-დაქანცული მდინარის პირას რომ ჩამოჯდები და იწყებ ფიქრს შენს წარსულზე, საიდანაც ამოტივტივდება ჩემი ბავშვობა, დედ-მამა, ბებია-ბაბუა. აქ ყველაფერი ნაცნობია, მგონი სხვა განზომილებაში გადავსახლდი. აქ სიმშვიდეა, მეტი ფიქრის დროა.

სოფელი თავისას მოითხოვს. სკოლიდან წამოსვლის შემდეგ  თავს ერთი წუთითაც არ ვაძლევ გაჩერების უფლებას. მაქვს 5 ჰექტარზე მეტი მიწა, თხილნარითა და სხვადასხვა ხილით დახუნძლული, საყანე ფართობი, ვზრდი წიწილებს, გოჭებს, ვუვული ძროხებს, ვფუსფუსებ ბოსტანში, მთელი დღე ცხოვრების ფერხულში ვარ ჩაფლული. თავისუფალ დროს ვიღებ ფოტოებს, მოყვარულის დონეზე და ვაქვეყნებ ფეისბუქზე. ვწერ ჩანახატებს, თავისუფალმა დრომ ძალიან ბევრი ფიქრის საშუალება მომცა, ვამეცადინებ აბიტურიეტებს. ბედნიერი ვარ იმით, რომ წარსულიდან უფრო მეტი კარგი მახსენდება. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი უნდა იყოს ამ ქვეყნად.

და… ბალუ!

“ბალუ, ჩემი ცხოვრების, ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟია….”

არაერთ ცნობილ მწერალს მიუძღვნია ძაღლისთვის სულისშემძვრელი მოთხრობა, არაერთი ფილმი გადაღებულა, რომელიც ცხოველთა არამოყვარულსაც კი, გულიანად აცინებს, ან მთელი გულით ატირებს. შესაძლოა, ვერ ავხსნათ, თუ რას განიცდიან ისინი გარკვეულ მომენტში, თუმცა, ყველა პატრონი დამეთანხმება, რომ ძაღლი უერთგულესი არსებაა დედამიწაზე. ბალუ ჩემთვის უსაყვარლესი არსებაა, მან ძალიან ბევრი სიყვარული და სითბო მაგრძნობინა. ის პირუტყვია, მაგრამ თვალებით მოსაუბრე და გულით მოსიყვარულე. რა მეშველებოდა ბალუს გარეშე? იმ დროს, როცა სკოლიდან წამოვედი და გამიჭირდა დაშორება ამხანაგებთან, ბავშვებთან. ბალუკამ თანამიგრძნო და გული გამითბო. ბალუ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟია…

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.