როგორ იხსენებდა პირველი ზუგდიდელი ჟურნალისტი ქალი, ბაბო აბულაძე მის თაობას და ზუგდიდს


  • ბაბო აბულაძე ქუჩაში რომ გაივლიდა, ზუგდიდელი დენდები პერანგს ბოლო ღილის ჩათვლით შეიკრავდნენ და სუნთქვაშეკრული მზერას აყოლებდნენ, შემდეგ კი, ოცნებობდნენ, ნეტავი სადმე ბაბულიასთან ახლოს დაგვაყენაო. საქმე მხოლოდ სილამაზეში არ იყო, ჟურნალისტი ბაბო აბულაძე თავისი დროის ზუგდიდის ბომონდის ავანგარდში გახლდათ.

-საკმაოდ პროგრესულ ოჯახში გავიზარდე. ბებია ცნობილი რენტგენლოგის სოკრატ პეტრიდისის ოჯახში აბრეშუმის თესლის გამოსაყვან ქარხანაში მიკროსკოპისტად მუშაობდა. ბებია ლამაზი ქალი იყო. ზუგდიდში ჩამოსულ თერჯოლელ კონსტანტინე აბულაძეს მოეწონა და დაოჯახდნენ. ბაბუა ზუგდიდში დასახლდა. ოთხი შვილი ჰყავდათ. მაშინდელ ზუგდიდში სულ 200 კაცი ცხოვრობდა. დღევანდელი სტომატოლოგიური კლინიკის ადგილას, დიდი ტილო იყო გამოკრული. ერთხელ, მახსოვს, მამიდამ წამიყვანა, ბულვარის კიდესთან ვიდექი, უცებ უზარმაზარი მატარებელი წამოვიდა, რომელმაც ამ ტილოზე გაიარა, მოულოდნელობისგან შემეშინდა. მამიდას ავეკარი. სახლში წამიყვანე მეთქი. ეს იყო პირველი კინო. სტადიონი სადაცაა, ძიძიგურების სახლის წინ, ხის შენობაში თეატრი იყო. შალვა ჯღერია ერთ სპექტაკლში ანზორ ჩერბიშს თამაშობდა. იქაური მსახიობები კი, ყველაზე დიდი ვარსკვლავები იყვნენ ჩემთვის. სასტუმრო “ოდიში”  მსოფლიოში ყველაზე დიდი შენობა მეგონა, რადგან უფრო დიდი ნანახი არც მქონდა. ბულვარი წკრიალებდა. ერთ ფოთოლსაც ვერნახავდით ძირს. მუდამ სუფთა იყო. გარშემო ღობის მსგავსად ლამაზად “ტრიფოლეტა” ჰქონდა შემოვლებული. შუაში პატარა მდინარე მორაკრაკებდა, რომელიც სათავეს ბოტანიკური ბაღიდან იღებდა. ბულვარის გარშემო ქვაფენილი იყო ჩაწიკწიკებული. ზუგდიდში ცირკიც კი იყო. არასდროს დამავიწყდება აკრობატისტ ვლადიმერ ხატკოვის სახელი. სამხარეო ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოედანზე, სადაც დღეს ჯვარია აგებული, ბაზარი იყო. იქვე პაჭკორიების ფურნედან ყოველთვის ცხელი პურის სურნელი გამოდიოდა. შემდეგ ბაზარი თანდათან გადაიტანეს. ქალაქის შემოსასვლელში, ტყუპი სამსართულიანი სახლი რომ დგას, ეს მაშინდელ საზოგადოებას დიდად არ ეპიტნავა.  მეშვიდე კლასში ვიქნებოდი. მამიდაჩემის ნათქვამი მახსოვს, საზოგადოება წუხს, შემოსასვლელი არ უნდა ჩაეკეტათ და ქალაქი უნდა გაეზარდათო. პირველი სკოლის გაყოლებაზე ტერიტორიას გულისხმობდნენ სადაც დღეს მოსახლეობაა, თითქოს იქ მრავალ სართულიანი შენობები უნდა აშენებულიყოო.
– პირველი სკოლის ტერიტორიაზე ეკლესი თუ გახსოვთ….
-სკოლა 1938 წელს დავამთავრე. მახსოვს, მე-5 -მე-6 კლასებში ეკლესია უკვე ფიზკულტურის დარბაზად იყო გამოყენებული, ბავშვებს საღამოს საათებში სავარჯიშოდ გვიბარებდნენ. შენობა მთლიანად შეთეთრებული იყო. ამბიონი სცენად იყო გადაკეთებული, სადაც სპექტაკლებს ვდგამდით. გუმბათის მოყვანილობა ჩემს მეხსიერებას არ შემორჩა. შემდეგ საავადმყოფო რომ აშენდა, ეს შენობა დაანგრიეს, საავადმყოფოს ფასადს ეფარებაო….
-ჟურნალისტი როგორ გახდით?

ბაბო აბულაძე მედეა ჩახავასთან

-ჟურნალისტობაზე არასდროს მიოცნებია. მაშინ ასეთი ფაკულტეტი არც არსებობდა. მამიდაჩემი ლუბა მასწავლებელი იყო და მეც ეს პროფესია ავირჩიე, ამიტომ პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავაბარე. ინსტიტუტში გამართულ ერთ-ერთ საღამოზე გალაკტიონის “მერი” წავიკითხე. რადიოკომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე ლეო ესაკია ისე დაინტერესებულა, ჩემი ლექტორისთვის მისამართი უკითხავს. რომ დამიბარეს, ცოტა შევცბი. არც ვიცოდი, რა ხდებოდა… ერთადერთი, რაც ძალიან კარგად შემეძლო, ეს მხატვრული კითხვა იყო. ცნობილი დიქტორები: ქეთო ლანდია, მედეა ჩახავა, დავით ძიგუა, ეროსი მანჯგალაძე დამხვდნენ. ლეო ესაკიამ ორი ტექსტი მომცა, ერთს თვალი გადაავლე და შემდეგ წაიკითხე, მეორე კი-ამის გარეშეო. ეს უკანასკნელი ზედმიწევნით კარგად წავიკითხე. ერთი სიტყვით, ლეო ესაკიამ რადიოს დიქტორად ამიყვანა ქართული სექტორის ხელმძღვანელის ინიციატივით კი მხოლოდ დიქტორობა არ “მაკმარეს” და ლიტმუშაკობა დამიმატეს. ასე შემთხვევით დავიწყე რადიოში მუშაობა.
-როგორ გაართვით თავი საქმეს. არ ამაყობდით, რომ სამეგრელოდან ჩასულ გოგონას მთელი საქართველო რადიოში გისმენდათ?
-თავს არ ვიქებ, მაგრამ საკმაოდ კარგად გამოვიდა ყველაფერი. აღნიშნავდნენ, ჭკვიანიაო, ჩაცმის მაღალი კულტურა აქვსო. ალბათ, ცოტას “ვმეტიჩრობდი” კიდეც და თავი მომწონდა. ზუგდიდიდან მირეკავდნენ, ბაბულია, ეს შენ ხარო?!
-იმ დროს რადიო ძალიან პოპულარული იყო. თქვენ ერთ-ერთი პირველი დიქტორთაგანი იყავით…
-ჩემი მეწყვილე რადიოში ეროსი მანჯგალაძე იყო. ყოველ მეორე დღეს 5 საათიდან 5 საათამდე ვმუშაობდით. ერთმანეთთან და-ძმურად ვიყავით. რომ მნახავდა, მეტყოდა, გენაცვალოს შენი მჭადით გამოზრდილი ეროსიო. ზუგდიდიდან სიმინდის ფქვილს არ მაკლებდნენ და რედაქციაში ხშირად საგანგებოდ გამომცხვარი მჭადი დამქონდა. სულ ეროსი ჭამდა… მახსოვს, ერთხელ, ერთ-ერთ დიქტორს ერთმა ბიჭმა სამი მანეთი ამოუღო ჯიბიდან, ხელმოკლე ბიჭი იყო, საციხოდ ქონდა საქმე. ლეო ესაკიამ თანამშრომლებს ახსნა-განმარტებები დაგვაწერინა. მხოლოდ მე და ეროსი გამოვესარჩლეთ. ლეოს და ბაბულიაც იქვე მუშაობდა. მოგვიანებით ძმის ნათქვამი გვითხრა, ლეო ესაკიას ჩვენზე უთქვამს, ბაბულიასა და ეროსისგან ადამიანები დადგებიანო.
-როგორც ჩანს, ელიტურ საზოგადოებაში თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობდით. ალბათ თამამი იყავით?
-უფრო დაინტერესებული ვიყავი. ყველაფერი მაინტერესებდა. 20 წლის ვიყავი და შესაძლოა სითამამეც არ მაკლდა. თბილისში ოპერის უკან, ძნელაძის ქუჩაზე ვცხოვრობდი. ყველა მსახიობს ვიცნობდი და აქეთაც მცნობდნენ. „აბესალომ და ეთერის“ მესამე მოქმედებას კულისებიდან ვუყურებდი ხოლმე, სახლიდან ხალათით წამოსული ოპერაში „ჩორნი ხოდით“ ამოვყოფდით ხოლმე თავს. საკმაოდ ახლოს ვიყავი ცნობილ პოეტებთან და შემოქმედ ადამიანებთან კარლო კალაძესთან, იოსებ ნონეშვილთან, ბათუ კრავეიშვილთან, ნადია ცომაიასთან და სხვებთან. ერთხელ, რადიოში, გრიშაშვილის ლექსი წავიკითხე. მეორე დღეს თავისი წიგნი მაჩუქა წარწერით, „ქართული ლექსის საუკეთესო მკითხველს ბაბულია აბულაძეს“. იოსებ ნონეშვილი ჩემი სახლის წინა შენობაში, რედაქციაში მუშაობდა. ჩვენი ფანჯრები ერთმანეთ უყურებდა. და-ძმური ურთიერთობა გვქონდა. ერთხელ „ვიღაცამ“ რადიოში გვიან დამირეკა და დღეს უკვე ცნობილი ლექსი „შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა“ წამიკითხა. იოსები ხმაზე ვერ ვიცანი და აღფრთოვანებული ყველას ვასმენინებდი. ცოტა ხანში ეს ლექსი იოსებ ნონეშვილის ხელმოწერით გაზეთ „კომუნისტში“ დაიბეჭდა. ბევრი ვიცინეთ, „ვეჩხუბე“, რატომ არ მითხარი შენ თუ იყავი მეთქი… ახლაც არ ვიცი, მე მომიძღვნა თუ არა, მაგრამ ნამდვილად პირველი ვიყავი, ვისაც ეს ლექსი წაუკითხა. შემდეგ ზუგდიდში რომ ჩამოვიდოდა, ჩემს გარეშე არსად არ მიდიოდა.
-როგორ შეელიეთ თბილისში ასე აწყობილ კარიერას და ზუგდიდში ჩამოხვედით?
-ჩემი და გათხოვდა. სახლში ერთი გაუთხოვარი მამიდა და მშობლები მარტო დარჩნენ. ჩემს დედ-მამას ერთი სული ჰქონდათ, ზუგდიდში დავბრუნებულიყავი, მაგრამ მათ სურვილს ანგარიშს დიდად არ ვუწევდი. ერთხელ ჩამოვედი და რადიოში გადაცემა წავიყვანე, რომელიც მაშინდელ რაიკომის მდივანს გრიშა ჩაჩიბაიას მოუსმენია. რადიოს უფროსი ვასო კოხია დაუბარებია, მის მშობლებს უთხარი, თბილისში არ ვუშვებთქო. მოკლედ, ჩემს მშობლებს ნატვრა აუხდათ. თბილისს თავი დავანებე რადიოში დიქტორად დავიწყე მუშაობა, პარალელურად, პედაგოგიურ ინსტიტუტში კათედრაზე სამსახურსაც ვუთავსებდი. მოგვიანებით, უკვე ადგილობრივ გაზეთში გადმოვედი ჯერ ლიტმუშაკად, შემდეგ მშრომელთა წერილების განყოფილების უფროსად და სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ. მას შემდეგ ბოლომდე რედაქციაში ვმუშაობდი. ასე დავრჩი და დავრჩი. ზოგს მოსწონდა ჩემი წერილები, ზოგს ახლაც აქვს შენახული, მაგრამ არასდროს არავისთვის შემიძულებია თავი. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პირველი ჟურნალისტი ქალი ვიყავი ზუგდიდში.
-რას ნიშნავდა მაშინ ჟურნალისტობა?
-ძალიან საპატიო საქმე იყო. მაშინდელი ჟურნალისტები ყოველმხრივ დახვეწილები, განათლებულნი და აკადემიურები იყვნენ. შეუდარებელი იყო ისაკ ქორთუა, გიორგი ფიფია, დათო ჭანტურია, საშა ეგუტია, ბიქტორ ქობალია, რომელიც ჩემი პირველი რედაქტორი იყო და მისი ინიციატივით გავხვდი გაზეთ „მებრძოლის“ რედაქციის წევრი. საოცარი დამოკიდებულება გვქონდა. რედაქციაში სხვა ცხოვრება ჩქეფდა.
-რამდენად თავისუფალი იყავით, როგორც ჟურნალისტი?
-არცერთ რაიკომის მდივანს არ დაუვალებია ჩემთვის ეს დაწერა და ესა და ეს გაანადგურეო. ჩემი სფერო პოლიტიკას არ ეხებოდა საზოგადოებას მოიცავდა და ვწერდი იმას, რასაც ვხედავდი, ჩემი გულის კარნახით… კარგი პოზიცია მეჭირა და არავის ვეჯავრებოდი.
-ყველაფერი მოგწონდათ?
-შეჩვეული ჭირივით იყო. რასაც ვაკეთებდი მწამდა, ტყუილს არ ვწერდი. რაც მთავარია, ჩემი ნაწერის გამო არავინ მოუხსნიათ და არავინ გამიფუჭებია. პირიქით, საქმეს ვასწორებდი. რუბრიკა გვქონდა „ჩვენი გამოსვლის შემდეგ“. დაბეჭდილს ძალა ჰქონდა.
-კინოს დირექტორი როგორ გახდით?
-უფრო მეტიც, ცოტა ხანს პიონერთა პარკის დირექტორობასაც ვითავსებდი, მაგრამ ყველაფერი-პედაგოგიური ინსტიტუტი, გაზეთი, კინო-რადიოს პარალელურად ხდებოდა. კინოს დირექტორად ჩემი დანიშვნა აწ განსვენებულ რაიკომის მდივანს მიტროფანე კუჭავას იდეა იყო. კინოფიკაციის ახალი დირექტორისთვის შეუთავაზებია, ამ გოგოს კულტურული დონე რაიონს ცდება, კინო- თეატრის დირექტორად გავუშვათო. მაშინ რაიკომის მდივნები რედაქციაში რანგით ყველაზე უმცროს თანამშრომლებსაც უშუალოდ იცნობდნენ. ამ თანამდებობაზე რომ დამნიშნეს, დედაჩემმა იხუმრა, რა იცოდნენ ყოველ ღამე, რომ კინოში იყავიო. მართლაც, ყოველ საღამოს ხან კინოში ვიყავი, ხანაც თეატრში…“ რემბრანდტი“, “ლედი გამილტონი“, „სპარტაკი“…უცხოური ფილმები გაქირავებით გამოგვქონდა. ერთხელ, რაიკომის მდივანმა დამიბარა, შენზე საჩივარიაო. თურმე ანაკლიაში დაბანაკებული რუსი ჯარისკაცები რუსული ფილმების ჩვენებას ითხოვდნენ… ფილმების ჩამონათვალი ვაჩვენე, სულ უცხოური ფილმები იყო. აწგანსვენებულ კუჭავას რას გამოაპარებდი… ყველა გადააკეთა, თუმცა მალე მეც სამუშაოდ რედაქციაში გადავედი.
-ზემოთ ბავშვობის დროინდელი ზუგდიდი გაიხსენეთ თბილისიდან დაბრუნებულს როგორი დაგხვდათ?
– უაღრესად კულტურული ქალაქი იყო. ყოველ კვირას გრიშა ჩაჩიბაიას, მარჯანიშვილის, რუსთაველის თეატრის ან მუსკომედიის წარმომადგენლები ჩამოჰყავდა. თეატრი ხალხით იყო გადაჭედილი, განსაკუთრებით ექიმები აქტიურობდნენ. ქირურგ ვანო მესხის ულამაზესი მეუღლე ტუსიკო ცერცვაძე ლოჟაში რომ გამოჩნდებოდა, ნახევარი დარბაზი მას უყურებდა. იროდი კალანდია და მისი მეუღლე თამარ სილოგავა, გალაკტიონ ჭელიძე…კოსტა ნაროუშვილი, მირიან ნარმანია, ვალიკო მეუნარგია, ვალიკო სიჭინავა…-ეს მაშინდელი ელიტა იყო. ერთი კაცი იყო ეროვნებით რუსი, მითხრა, „ბაბული მი ვ კინო ხოდიმ ნი ფილმ სმოტრეტ, ა ნა ტებიაო.“
-თაყვანისმცემლები ბევრი გყავდათ?
-ახლა, სიბერეში გამომიტყდნენ, ვნატრობდით ნეტავ ბაბულიასთან ახლოს დაგვაყენაო. რომ ჩაივლიდი მაშინვე საყელოს შევიკრავდით შენი რიდით და სუნთქვაშეკრული ველოდით, როდის ჩაივლიდიო.
-თუმცა სიყვარულს ვერ გაექეცით…

-კაცი სპორტულად თუ გამოგედევნა, საბოლოოდ ყოველთვის ჭკუაში გაჯობებს. ქალი მაიც სუსტია. მეც ერთმა ზესტაფონელმა მაჯობა. პირველად კინოში ვნახე თავის ახლობელთან ერთად. გასვლის დროს, კართან ერთი ისეთი მზერა შემავლო, გონებაში მაშინვე გავიფიქრე, ეს ხომ არ არის “ის”, ვისაც აქამდე ვეძებდი მეთქი. 40 წელს ვუახლოვდებოდი. მართლაც ჩემს იდეალთან მიახლოებული მამაკაცი აღმოჩნდა.
იმ პერიოდში სამუშაოდ რედაქციაში გადმოვედი. გვერდზე “სამტრესტი” იყო, სადაც მუშაობდა. ყოველ დილას ამომხედავდა, დამინახავდა და წავიდოდა. სიყვარული, სითბოა, სიახლოვე, ისე მოგეპარება ვერ დაგეგმავ, თავისით იკვლევს გზას. ასე მოხდა ჩემთანაც. შემდეგ ნატალია გვეყოლა, რომლის გვარის გამგრძელებლად აღზრდა მამაჩემმა, ბაბუამ ანდრია აბულაძემ იკისრა. ახლა, როცა ჭიშკართან ვიღაცა იკითხავს, ექიმი აბულაძე აქ ცხოვრობსო, მამაჩემი ცოცხალი მგონია.
ნატა ფსიქიატრი და ამავე დროს ნარკოლოგია. საუკეთესო სპეციალისტია და ამით ვამაყობ. ეგ არის რომ ძალიან დაკავებულია, ერთი შვილი ყავს, მარიამი, რომელიც წელს პირველად წავიდა გიმნაზიაში. მის გაზრდაში დიდი წვლილი მამას, კახა ბულიას მიუძღვის. ხშირად ვხუმრობ. ბიჭური ხასიათი აქვს მეთქი ვერცხლისწყალივით გოგოა, ბებიას დიდი მეგობარი.
-რამდენადაც ვიცი, თქვენ იყავით ერთ-ერთი მთავარი მასპინძელი ქალბატონი ზუგდიდში ჩამოსული საპატიო სტუმრების.
-ზუგდიდის სტუმრებს მე, და-ძმა მიტუშა და პავლუშა ანთელავები, ნუცა გერგედავა, ირა ედიგაროვა სხვები ინგირში რკინიგზის სადგურზე ვხვდებოდით. ზუგდიდი საოცარი მასპინძლობით ყველას აკვირვებდა .მასპინძლებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი გვქვონდა, ზუგდიდის სახელი შორს გაგვეტანა და ასეც ხდებოდა. არაერთხელ მომისმენია სხვადასხვა დროს ჩამოსული ბევრი ცნობილი სტუმრისგან ერთი და იგივე ფრაზა- „ეს შეიძლება ზუგდიდში მოხდეს.“ რატომღაც, უცნაური დამთხვევა იყო, ყველას ერთი რეაქცია ჰქონდა მაშინდელ ზუგდიდში სტუმრობის შემდეგ.
ერთხელ აკაკი ხორავა ჩამოვიდა, იუბილე გადაუხადეს ბოლოს ერთმა ბიჭმა სცენაზე კაპიტონ ცანავას მიერ სპილოს ძვლებით აწყობილი ჩონგური აჩუქა. აკაკიმ ცრემლი ვერ შეიკავა. იმ მომენტში ოტელოს უბადლო შემსრულებლის ატირება ნამდვილი ოტელოს ატირების ტოლფასი იყო… ვასო გოძიაშვილის დამ, ესტრადის მომღერალმა მარეხ გოძიაშვილმა კონცერტის შემდეგ სასტუმროში მოსვენება გადაწყვიტა. ვინ აცალა, გადარეულ ბიჭებს თასები უშოვიათ, სპირტი ჩაუსხამთ და ქვემოდან „გინდ მეძინოს“ უმღერეს. აღფრთოვანებული მიხვდა რა სიურპრიზიც მოეწყვეს და თავადაც შეუერთდა… „ეს შეიძლება მხოლოდ ზუგდიდში მოხდესო“. იგივე თქვეს ზუგდიდში დებმა იშხნელებმაც. მახსოვს, მუსკომედიის მსახიობმა ტურიკო ტურაშვილმა ბულვარში კონცერტის შემდეგ ზუგდიდელ მასპინძლებთან ერთად ახალი კონცერტი გამართა. რად ღირს თუნდაც ცინუკი დადიანისა და ჭაბუა ამირეჯიბის სტუმრობა. ცინუკის სთხოვეს გვიმღერეო, მაგრამ საკრავი ინსტრუმენტი არ იყო. არ ვიცი, როგორ მოახერხეს, ბიჭები, ალეკო როდონაია, ვალიკო კემულარია და მათი მეგობრები, მცირე ხანში დუდუკით შემოვიდნენ და დაუვიწყარი საღამო შედგა.
-ისეთი სტუმარი თუ გყავდათ, ვისაც ვერაფერი მოუხერხეთ?
-( იცინის) ერთხელ კონსტანტინე გამსახურდია ჩამოვიდა და საღამოს ერთ ოჯახში ვახშამი გაიშალა კონსტანტინეს გვერდზე ერთ მხარეს მე ვიჯექი, მეორე მხარეს კი საშა ეგუტია. კონსტანტინეს პირდაპირ ერთი მაღალჩინოსნის მეუღლე, ულამაზესი მანდილოსანი იჯდა. „რა მეჯავრება“, ამბობს კონსტანტინე. საშამ მრავლისმეტყველად გადმომხედა, „რა მეჯავრება“-გაიმეორა ისევ მწერალმა. ისევ შევხედეთ ერთმანეთს მე და საშამ. „ლამაზი ქალი“… პაუზებით გააგრძელა კონსტანტინე გამსახურდიამ. გავიფიქრე, ლამაზი ქალი რაფერ ეჯავრება-მეთქი. „ლამაზი ქალი მამაკაცის გვერდით რომ ილუკმებაო“, -დაასრულა აზრი მწერალმა და შვება ვიგრძენით. ნამდვილად გაგვაკვირვა, უფრო სწორად „დაგვაინტრიგა“ მწერალმა. მაგრამ იმ მაღალჩინოსნის ლამაზ მეუღლეს არც ეს სიტყვები გაუგონია და საქმეც გააგრძელა.
ზუგდიდის ნამდვილი მემატიანე ხართ. არ გიცდიათ, თქვენი დროის ზუგდიდზე დაგეწერათ?
-ეს იყო სულით ხორცამდე ლამაზი ახალგაზრდობა. ყველაფერს ჰქონდა ფასი და ღირებულება. ახლა დრო შეიცვალა, ამერიკის სტილზე გადავდივართ. ვისაც წაუკითხავს “სტოეტაჟნაია ამერიკა”, ის მიხვდება ყველაფერს. ერთი ცნობილი კაცის ცოლს საშინაო ტანსაცმელზე პალტო მოუხურავს და ქუჩაში ისე გამოსულა. ქალაქის ბიჭებმა ლამის გაასამართლეს. როგორ იკადრაო. ყველაფერს ყურადღებას აქცევდნენ და ყველას ყველაფერს არ პატიობდნენ. სხვა ღირებულებები ფასობდა. ბევრი ვნახე, ბევრი განვიცადე, ვწერდი და ბევრს ახლაც შენახული აქვს ჩემი წერილები, მაგრამ მემუარის დაწერა ნამდვილად არ მიფიქრია. რაზეც გესაუბრებით, ეს არის მაშინდელი ჟურნალისტის მიერ ზუგდიდისთვის წამიერად თვალის გადავლება. დანარჩენი კი მთელი ჩემი ცხოვრებაა, ზუგდიდთან შეთვისებული”.
ჟურნალი “ზუგდიდელები”,

2005 წელი, N5

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!