რეზო ივარდავა, ზუგდიდელი, რომელიც უყვარდათ ზუგდიდელებს


  • ამ მოკრძალებულ სტატიაში “ზუგდიდელები” გთავაზობთ მოგონებებს ცნობილი ზუგდიდელის, რეზო ივარდავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ეს არის მეგობრების ფიქრები ადამიანზე, რომელიც თვითონ გახლდათ საუკეთესო მეგობარი, კოლექტივის საუკეთესო ხელმძღვანელი, ოჯახის საუკეთესო მამა, მეუღლე, რომელმაც დატოვა სამაგალითო ნაკვალევი ქალაქის ცხოვრებაში.

იგორ ქობალია: “1990 წლის 2 ივლისს, ზუგდიდში მოხდა თავზარდამცემი ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი საქართველო. მოკლეს ზუგდიდის ჩაის ფაბრიკის საწარმოო გაერთიანებისა და ჩაის საწონი ფაბრიკის გენერალური დირქტორი, ბატონი რეზო ივარდავა. ნაადრევად შეწყდა სახელოვანი ზუგდიდელის, საკუთარი ცხოვრებითა და საქმიანობით, ფიზიკური და სულიერი სიძლიერით, მაღალი ზნეობითა და პატრიოტული სულისკვეთებით გამორჩეული პიროვნების ლამაზი სიცოცხლე. მუხანათური ბოროტება მოერია ფიზიკურად, მაგრამ ვერ მოკლა მისი დიდი კაცობა და ხსოვნა, რომელმაც ფაქტიურად მეორე სიცოცხლე შეიძინა.  ძალიან გამიჭირდა მოგონებების დაწერა უახლოეს და უერთგულეს, უღალატო მეგობარზე, ბატონ რეზო ივარდავაზე.
რეზო ივარდავა მიეკუთვნებოდა იმ ადამიანების კატეგორიას, რომელმაც საზოგადოების ყურადღება სიცოცხლეშივე, რა გინდ მოკლე იყოს იგი, დაიმკვიდრა. მან მეგობრების, ახლობლების სიყვარული და თანადგომა, ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგაც დატოვა შთამბეჭდავ მოგონებებში. ბატონი რეზო უსაზღვროდ იყო შეყვარებული სიცოცხლეზე, ოპტიმისტურად უყურებდა მომავალს, ფლობდა დიდ ენერგიას, ნებისყოფას. გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით. იყო მაღალი რანგის პროფესიონალი, გააჩნდა გრძელვადიანი გეგმები, მიზნები და ამოცანები, რაზედაც ბევრჯერ გვისაუბრია, სამწუხაროდ, ნახევრის გავლაც არ დასცალდა, თან წაიღო ბევრი ნაღველი და აუხდენელი ოცნება.
გარკვეული დრო გავიდა, მაგრამ ზუგდიდის საზოგადოებაში, განსაკუთრებით სამეგობროში არ განელებულა მისდმი სიყვარული და პატივისცემა. მეგობრები ხშირად ვიკრიბებით მის საფლავზე, ვანთებთ სანთლებს, ვიხსენებთ ერთად გატარებულ წლებს, ვეხმიანებით მის ოჯახს და ეს არის ჩვენი ნუგეში.
იშვიათია რეზოსნაირი კეთილშობილი, ყოველთვის დისციპლინირებული, მუდამ მოწესრიგებული, ადამიანების მიმართ საოცრად გულისხმიერი პროვნება. ის უზადო მასპინძელი იყო, მისთვის არ არსებობდა მაღალი და დაბალი რანგის სტუმარი. ყველას ზუგდიდის საპატიო სტუმრად აღიქვამდა, უყურადღებოდ არავის ტოვებდა, ერთნაირად ცნობილი მეგრული პურ-მარილითა და ტრადიციებით მასპინძლობდა.
რეზო იყო შესანიშნავი სამეურნეო მუშაკი, ის საზღვარგარეთ ღირსეულად წარმოადგენდა საქართველოს. რეზოს შრომითი ბიოგრაფია სუფთაა. მას არ დაჰკლებია პატივი და ღირსება, მთავრობის ჯილდოები, სიგელები. მისი სახელი არასოდეს შებღალულა.
რეზოს ბიოგრაფიას როცა ვეხებით, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ მისი ბავშვობის მძიმე პერიოდს, ის უმამოდ გაიზარდა, დედამ მძიმე, აუტანელი ფიზიკური შრომით შეძლო შვილების აღზრდა. დედა სალოცავი ხატი იყო რეზოსთვის, აღმერთებდა, ზებუნებრივად უყვარდა. რეზოს შინაგანმა ძალამ უმცროსი ძმაც გაიყვანა ცხოვრების დიდ სარბიელზე.
რეზოს თავდავიწყებით უყვარდა ოჯახი, მეუღლე ნონა ქვარცხავა, ცნობილი ექიმ-ალერგოლოგი, შვილები: თემური და თეა ივარდავები. მისი ყოველდღიური სასაუბრო თემა და ზრუნვის საგანი სწორედ ისინი იყვნენ.
ქალბატონმა ნონამ ყველაზე კრიტიკულ მომენტში დაკარგა მეუღლე, დარჩა მცირეწლოვან ბავშვებთან და ხანდაზმულ დედამთილთან ერთად. ეს იმ დროს დაემთხვა, როცა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა გარდამავალი პერიოდი. გამეფებული იყო ქაოსი, განუკითხაობა, უმუშევრობა. სწორედ ასეთ ვითარებაში, ქალბატონმა ნონამ შეძლო შვილების აღზრდა კეთილშობილ ადამიანებად. ორივემ მიიღო უმაღლესი განათლება, თეა ორი შვილის დედაა, შექმნა შესანიშნავი ოჯახი, ჰყავს მზრუნველი და მოსიყვარულე მეუღლე, თემური მამამისის თვისებების მატარებელია, ჰგავს არამარტო გარეგნულად, არამედ საქმიანობითაც. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, უკვე იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის მნიშვნელოვანი სამსახურის უფროსი. ქალბატონმა ნონამ, საკუთარ დედაზე არანაკლები სიყვარულით და სითბოთი მოუარა დედამთილს. გაუსაძლისი ტკივილისა და მწუხარების ფონზე შეძლებისდაგვარად გაუხანგრძლივა სიცოცხლე, შემდგომ ღირსეულად დაიტირა და გააცილა სამუდამო გზაზე. ჩვენ რეზოს მეგობრები ქედს ვიხრით მისი კარგი ქალობის წინაშე. ღმერთი იყოს შენი შემწე და მფარველი ქალბატონ ნონა. მინდა აღვნიშნო კიდევ, რომ დავკარგე დიდი მეგობარი რეზოს სახით. რეზო დიდი სიყვარულით მიყვარდა. დავკარგე უახლოესი ადამიანი, ჩემი ოჯახის მოკეთე, მეგობარი, მრჩეველი. ჩემს ოჯახში ტრადიციადაა ქცეული რეზოსთან დაკავშირებული თარიღების აღნიშვნა. სანამ ცოცხალი ვარ, ჭიქა ღვინო ყოველთვის ეძღვნება მის სახელს, ყოველთვის მემახსოვრება.”
ვაჟა ფიფია: “ბატონი რეზო ივარდავა მარადიულია ჩვენში. მისი სიცოცხლე გრძელდება ჩვენს ხსოვნაში. მუდამ ცოცხლობს ჩვენში მისი პროფესიონალიზმი. მეგობრობაც უჩვეულო იცოდა და მეგობრებიც გამორჩეული ჰყავდა. სიკეთის კეთება მისთვის დიდი სიამოვნება იყო. მისი განათლებულობა, კოლხური ზრდილობა და კულტურა, სიკოხტავე, ქცევა-მანერა, ლაღი იუმორი დღემდე ცოცხლობს ჩვენში.
პირადად მე, მასთან და მის ოჯახთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. იგი ჩემი სიყრმის გამორჩეული და სულიერი მეგობარი იყო. ამიტომაც მეჯვარეობა და ქორწილის სუფრის თამადობა დამაკისრა. ჩემს ბიჭებთანაც მეგობრობდა, განასაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ზაზას მიმართ. მარადისობაში გადასულო, ჩემო ძმაო და მეგობარო რეზო, მიმძიმს უშენობა, შენეული ღიმილი, მოფერება და მეგობრობა აკლია შენს საძმოს.”
ლერი ჭითანავა: “ბატონი რეზო ივარდავა ზუგდიდის საზოგადოებას დაამახსოვრდა, როგორც ქართული ჩაის ორგანიზატორთა შორის ჭეშმარიტი ლიდერი. ის მთელი შეგნებით იყო პატიოსანი, სპეტაკი, უმწიკლო რეპუტაციის, პრინციპული, უკომპრომისო და ამავდროულად კაცთმოყვარე ადამიანი. ის ცნობილია როგორც ეკონომიკის ეფექტური მართვის დიდოსტატი. ის საკუთარი თავისგან და ხელქვეითებისგანაც ითხოვდა შესაძლებლობების ზედა ზღვარზე გასვლას და წარმატებით ახერხებდა დასმული ამოცანების გადაწყვეტას. როდესაც ბატონი რეზო სათავეში ჩაუყენეს ჩაის მრეწველობის გაერთიანებას, მაშინ დარგში, ყოველმხრივ რთული მდგომარეობა იყო. მან უმოკლეს დროში, პრაქტიკულად შეუძლებელი გააკეთა და ეს ეამაყება მის მეგობრებს. მისი ხელმძღვანელობის დროს, ზუგდიდის ჩაის საწარმოები, ყოველწლიურად, 160-170 მილიონი დოლარის სამრეწველო პროდუქციას მატებდა ქართულ ეკონომიკას. ბატონი რეზო ფუფუნებაში არ გაზრდილა, მაშინ შექმნილი ვითარების მიუხედავად, მას არასდროს ჰქონია მომხვეჭველი ცდუნება. სიმდიდრე, რაც რეზო ივარდავამ განუზომლად დააგროვა, ეს არის ხალხის გულწრფელი სიყვარული და უდიდესი ავტორიტეტი. ასეთი იყო და ასეთად დარჩა ეს ბრწყინვალე ადამიანი ჩემს მეხსიერებაშიც.
მზია პერტახია: “კარგი იქნებოდა და დიდი ბედნიერება, მოგონება რომ არ ყოფილიყო, მაგრამ რადგანაც ის არსებობს და ჩვენი ცხოვრების ნაწილიცაა, ჩვენ, ჩვენი მოსაგონარი უნდა ვთქვათ. ამ შემთხვევაში კი, სათქმელს ასე დავიწყებდი:  საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სამუშაოდ გამანაწილეს ზუგდიდის #1 ჩაის ფაბრიკაში. 1971 წლის 15 აგვისტოს, სრულიად გამოუცდელი ინჟინერი შიშით და მორიდებით გამოვცხადდი სამსახურში. მაშინ ბატონი რეზო იყო მთავარი ინჟინერ-ტექნოლოგი, ბატონმა რეზომ, ახალგაზრდა სპეციალისტს, სათანადო რჩევები მომცა, გამაცნო ჩაის გადამუშავების პროცესები. ამ დღიდან მოყოლებული,15 წლის განმავლობაში, მისი ხელმძღვანელობით ვიმუშავე ჩაის მრეწველობის სისტემაში. ბატონი რეზო განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა ახალგაზრდა კადრების მიმართ. თუ შეამჩნევდა ახალგაზრდის მონდომებას, საქმისადმი ერთგულებას, ყოველნაირად ცდილობდა მისი კარიერული წინსვლისათვის ხელის შეწყობას. რაოდენ სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ დახარჯულა და ბევრი კარგის გაკეთება შეძლო, ასე ნაადრევად ტოვებს წუთისოფელს. ეს გახსენება, მხოლოდ მადლიერების გამოხატვის მოკრძალებული სურვილია, რადგან სიცოცხლეში ამას ვერ ვიტყოდით. უფალი ფარავდეს ბატონ რეზოს წმინდა სულს მარადიულ სასუფეველში”.
კლიმენტი კიკალიშვილი: “რეზო ივარდავა, – ბევრი რამის მთქმელია ეს სახელი და გვარი ზუგდიდისა და საქართველოს სინამდვილეში. რეზო ლამაზი მეგობარი, გონიერი მეურნე, თავისი შემოქმედებით, რეზო დიდი ოსტატი ჩაის ტექნოლოგიის საქმეში, რეზო კომუნიკაბელური თანამშრომლებთან და ურთიერთობაში. რეზო დინჯი მოსაუბრე საქმიან მსჯელობაში, რეზო აუღელვებელი ყველა სიტუაციაში და ამ დროს, რეზოს სიკვდილი მსახვრალი ხელისაგან. ყველა ჩვენგანისათვის საოცარი, მძაფრი გაკვირვების და აღელვების საფუძველი. შეიძლება იმას არ ვწერთ, რაც უნდა დაიწეროს, ჩვენი რეზოს გახსენებასთან დაკავშირებით, მაგრამ მეგობართა გულისწყრომა დღესაც კულმინაციურ დონეს აღწევს, რადგან მისი სიკვდილით ჩვენც, მის მეგობრებს დაგვაკლდა სიცოცხლის გარკვეული წლები.
სამწუხაროა, რომ კაცი, რომელიც ზუგდიდს ამშვენებდა, ცოცხალი რომ ყოფილიყო, დღესაც, სიჭარმაგის ასაკშიც, საოცრად დაამშვენებდა ზუგდიდელებს თავისი დარბაისლური ხასიათით, საზოგადო აზრით და ახალგაზრდობის მიმართ რჩევა დარიგებებით, ამ ქვეყნად რომ არ არის დიახაც, რომ სამწუხაროა. ჩვენო რეზო, გვახსოვხართ დავიწყებული არა ხარ”.

მასალა მოამზადა როზა როგავამ


კომენტარი

  1. თემურ რევიშვილი

    გმადლობთ კარკი კაცის გახსენებისთვის!

  2. Invariably konjaria

    რეზო ივარდავა….იყო…😢არის ჩემი კარის მეზობელი..ოდნავ ტკივილია დროსაც კი.მისი დიდი იმედი გვქონდა.რეზო იყო .ყოველთვის გაჭირვების ტალკვესი.მიჭირს მისი წარსულში გახსენება…ის იყო ადამიანობის უდიდესი განსახიერება…აცხონოს და გაანათლოს უფალმა.😢😢😢😢

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!