რეალურ დროში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება უკვე ზუგდიდშიც შესაძლებელია


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან, “B“ და „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურშიც შეძლებენ, რადგან ზუგდიდში უკვე დასრულდა გზებზე მიმდინარე შესაბამისი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები.

“პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება მომსახურების სააგენტოს 10 სტრუქტურულ ერთეულშია შესაძლებელი. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება.

მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა დაჯავშნოს რიგი. რიგის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში, ასევე, სააგენტოს ვებგვერდის, მობილური აპლიკაციის ან სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ასრულებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 26 აპრილიდან, “B” და “BE” კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა”.-აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.