პრეზიდენტი – საქართველოს ძლიერი და მებრძოლი ქალების დიდი ისტორია აქვს


  • საქართველოს პრეზიდენტმა დიდ ბრიტანეთში, “ოქსფორდის კავშირში” “ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის” ყოველწლიური სერიის ფარგლებში, ლექცია წაიკითხა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქართველი ხალხის ურყევ ევროპულ არჩევანსა და ევროპულ პერსპექტივაზე,  უკრაინის ომზე, რუსეთის აგრესიასა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე,  ასევე, ქალების როლსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე.

“ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე იმ ადგილას, სადაც ბევრი შესანიშნავი პიროვნება, ბევრი შესანიშნავი ქალი იმყოფებოდა. ეს ის ადგილია, რომლის პრეზიდენტიც იყო ბენაზირ ბჰუტო – კავშირის პირველი მუსლიმი პრეზიდენტი და ასევე, გამორჩეული ქალი, დედა ტერეზა. ამიტომ ძალიან ვამაყობ, რომ შემიძლია გესაუბროთ  აქ და გაგიზიაროთ ჩემი შეხედულებები არსებულ სიტუაციაზე.

არ მსურს ბევრი ვისაუბრო რადგან არ მგონია, რომ ის ფაქტი, რომ ვარ პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოში და რეგიონში, იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიყო უშუალოდ სპეციალიზებული იმ კითხვებზე პასუხების გაცემაში, რაც საზოგადოებაში ქალების საკითხებს ეხება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შიდა პოლიტიკაში, მაგრამ ვფიქრობ, ამ საკითხმა არ უნდა განსაზღვროს ქალი პრეზიდენტი.

მინდა  უბრალოდ ინფორმაცია მოგაწოდოთ რადგან ვფიქრობ, რომ საქართველო არც თუ ისე კარგადაა ცნობილი და ხშირად, როდესაც სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს ვხვდები, მეუბნებიან – „შენ პირველი ქალი პრეზიდენტი ხარ. ეს რთული უნდა იყოს“, რადგან ისინი საქართველოს ხედავენ, როგორც უფრო აღმოსავლურ ქვეყანას, ვიდრე ევროპულს და, ალბათ, როგორც ძალიან არაფემინისტური პოლიტიკითა და ქალისა და კაცის ძალიან მკაცრი გამიჯვნის მქონე ქვეყნად.

ჩემი სურვილია გავფანტო ეს მითიური შეხედულებები, რადგან საქართველო ასეთი სულაც არ არის. უძველესი დროიდან, ჩვენი მითოლოგია იწყება ქალებით – მაგალითად, მედეა, საქართველოში მე-4 საუკუნეში ქრისტიანობა სწორედ 17 წლის ქალის მეშვეობით შემოვიდა.

ჩვენი პირველი წმინდანები ქალები იყვნენ. ჩვენს მთავარ მეფეს/დედოფალს – მას მეფედ მოიხსენიებდნენ, რადგან ის  საქართველოს დიდი აღორძინების პერიოდში თანასწორი და ძლიერი იყო, და ასე გაგრძელდა მომავალშიც.

ძალიან საინტერესოა, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ საქართველოს მთელი წინააღმდეგობა,  (მანამდე კი სხვა იმპერიების წინააღმდეგ) ქალების ხელში იყო, რომლებიც იბრძოდნენ სიცოცხლის ბოლომდე.

იმ პერიოდში, ბევრი მათგანი გადაასახლეს და მოკლეს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძლიერი, მებრძოლი ქალების ისტორია. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, 1918 წელს, პირველი კონსტიტუცია ქალებს  არჩევის უფლებას აძლევდა და პირველ ასამბლეაზე ხუთი ქალი იყო არჩეული, რომელთაგან ერთ-ერთი, პირველი მუსულმანი ქალი იყო, რომელიც ყველა ასამბლეათა შორის პირველად აირჩიეს.

ეს გაგრძელდა, რადგან საბჭოთა რეპრესიების დროს, ქალები უშუალოდ გახდნენ რეპრესიების მსხვერპლნი, რომლებიც ხშირად შვილებთან ერთად დეპორტირებულნი იყვნენ ცენტრალურ აზიაში, ძალიან რთულ გარემოში.

ჩვენს უახლოეს ისტორიაში, 1991 წლის დამოუკიდებლობამდე, საქართველოში განხორციელებული საბჭოთა რეპრესიების უახლეს პერიოდში, 1989 წელს, როდესაც საბჭოთა ტანკები შევიდნენ თბილისში, გამოიყენეს  [მომწამვლელი] გაზი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და იქაც, ქუჩაში მყოფი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ქალები იყვნენ და ყველაზე მეტი მსხვერპლიც სწორედ ქალებს შორის იყო.

შესაბამისად, ჩემი არჩევა არ არის რევოლუცია საქართველოში. იყო სხვა რამ, რისთვისაც მომიწია ბრძოლა და შეიძლება დღესაც მიწევს, მაგრამ არა იმ ფაქტის გამო, რომ ქალი ვარ. ვისურვებდი, რომ არ გვქონდეს ის პრობლემები, რომლებიც დღეს გვაწუხებს და რომელსაც ვიზიარებთ ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად. ისეთი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია   საზოგადოების განვითარებასთან.

ეს იქნება ოჯახური ძალადობა, თუ ის ფაქტი, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ არაა თანაბარი ანაზღაურება ბევრ საჯარო სამსახურში, მაგრამ ამაშიც გვაქვს პროგრესი. ჩვენ არ გვყავს საკმარისი ქალები პარლამენტში და ეს, ჩემი აზრით, დაკავშირებულია პოლარიზაციასთან, სიძულვილის ენასთან და ძალიან მკაცრ პოლიტიკასთან, რომელსაც დღეს ვხედავთ. მგონი აქაც არ ვართ გამონაკლისი.

მაგრამ მთლიანობაში, იქ სადაც მოსახლეობას ვხვდები და დავდივარ ქუჩებში ან ზოგიერთ სოფელში და ვეკითხები გოგოებს, რომელიც მოდიან ჩემთან ფოტოებისა და სელფების გადასაღებად, ვეკითხები მათ – “გინდათ ერთ დღეს გავხდეთ პრეზიდენტი?“ და პასუხი არის –  „დიახ, რატომაც არა”.  ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის მთავარი მიღწევა ქალი პრეზიდენტისთვის – რომ ეს ყველაფერი გახდეს რუტინული”,- განაცხადა პრეზიდენტმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.