- აუგმენტინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელსაც ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ იყენებენ. სწორედ იმიტომ, რომ მისი მოქმედებისა და სამკურნალო თვისებების შესახებ ცოტა რამ ყველას სმენია, ხშირია თვითმკურნალობის შემთხვევებიც. არადა, ეს ანტიბიოტიკების ჯგუფის პრეპარატია, რომლის თვითნებურად მიღებაც დაუშვებელია.
როცა საქმე ისეთ ძლიერ მედიკამენტს ეხება, როგორიც აუგმენტინია, მიღებისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. უნდა გავითვალისწინოთ შესაძლო გვერდითი მოვლენები, კარგად გავეცნოთ უკუჩვენებებს და სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებისას შესაძლო რეაქციებს.
სამეცნიერო ენაზე აუგმენტინის კლასიკიფიკაცია ასეთია: ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკების კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი, პენიცილინის ანტიბიოტიკთა ჯგუფიდან. მისი მთავარი, აქტიური ინგრედიენტები ამოქსაცილინი და კლავულანის მჟავაა.
ამოქსაცილინი ბაქტერიების წინააღმდეგ საბრძოლველი აქტიური ნივთიერებაა, ხოლო კლავულანის მჟავა ხელს უშლის ორგანიზმში მოხვედრილ ბაქტერიებს, რომ რეზისტენტობა განივითარონ ამოქსაცილინის წინააღმდეგ.
რისი წამალია აუგმენტინი?
პირველ რიგში, ვისაუბროთ იმაზე, თუ რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება აუგმენტინი ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და მოიცავს შემდეგ ავადობებს:
- მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, წილოვანი პნევმონია, ბრონქოპნევმონია, პლევრის ემპიემა, ფილტვის აბსცესი;
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები — აბსცესი, ცელულიტი, ჭრილობის ინფექცია;
- შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები — ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი, სალპინგიტი, სალპინგოოფორიტი, ტუბოოვარიული აბსცესი, ენდომეტრიტი, ბაქტერიული ვაგინიტი, სეპტიური აბორტი, მშობიარობის შემდგომი სეფსისი, პელვიოპერიტონიტი, გონორეა;
- ოსტეომიელიტი;
- სეფსისი;
- ინტრააბდომინური აბსცესი;
- პერიტონიტი;
- პოსტოპერაციული ინფექციები.
გარდა გავრცელებული ტაბლეტებისა, აუგმენტინი ინტრავენური ფორმითაც ინიშნება. ამ ტიპის პრეპარატი გამოიყენება ქირურგიული პროცედურების: გასტროინტესტინური, მცირე მენჯის ღრუს, თავისა და კისრის მიდამოს, გულ-სისხლძარღვთა, თირკმლის, სანაღვლე გზების და სახსრების რეკონსტრუქციის პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკის მიზნით.
როგორია აუგმენტინის შესაძლო გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები
არ იქნება გასაკვირი, თუკი ვიტყვით, რომ აუგმენტინის მსგავსი ძლიერმოქმედი პრეპარატის მოხმარებას გვერდითი მოვლენებიც შეიძლება ახლდეს თან. თუმცა, ამაში განსაკუთრებულიც არაფერია და, როგორც წესი, საკმაოდ იშვიათადაც ვლინდება პაციენტებში.
მაგალითად, შეიძლება მის მოხმარებას თან ახლდეს თავის ტკივილი — ცხადია, ამის შესახებ ექიმს აუცილებლად უნდა ეცნობოს, თუმცა, პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ აუგმენტინის მოხმარებამ, შეიძლება, გამოიწვიოს დისპეფსია, გულისრევა, ღებინება ან დიარეა. სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, ჰეპატიტისა და ქოლესტაზური სიყვითლის განვითარების ცალკეული შემთხვევები და ცნობები ფსევდომემბრანული კოლიტის ერთეული შემთხვევების შესახებაც.
აუგმენტინის მოხმარებამდე უნდა გავეცნოთ ალერგიული რეაქციების ჩამონათვალს, რომელიც მედიკამენტს შეიძლება ახლდეს თან. ესენია: ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება და ძალზე იშვიათად – მულტიფორმული ერითემა, ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი. რომელიმე მათგანის გამოვლენის შემთხვევაში უნდა მივმართოთ მკურნალ ექიმს.
იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია გვერდითი ეფექტი იყოს პრეპარატის ბიოლოგიური ქმედებით გამოწვეული კანდიდოზი ან სხვა სახის სუპერინფექცია.
თუკი აუგმენტინს ინტრავენურად იღებთ, შესაძლოა, ინიექციის ადგილას განვითარდეს ფლებიტი (ვენების ანთება, რომელიც გამოწვეულია ვენებში სისხლის შედედების შედეგად, ძირითადად ქვედა კიდურებში).
მედიკამენტის უკუჩვენებათა ჩამონათვალში კი ნახავთ პენიცილინების, ცეფალოსპორინების, სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობას.
შეიძლება თუ არა აუგმენტინის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს?
აუგმენტინის მოხმარებაზე მნიშვნელოვანია ინფორმირებულნი ვიყოთ, თუკი ორსულობას ვგეგმავთ ან ორსულობის შემდეგ ლაქტაცია გვაქვს კვების ფორმად გათვალისწინებული.
გამომდინარე იქიდან, რომ ორსულებზე აუგმენტინის მოქმედების შესახებ ინფორმაცია მწირია, რეკომენდებულია მკურნალობის მის გარეშე წარმართვა. ამჟამად არსებული ცნობებით რთულია თქმა, რა უარყოფითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს პრეპარატს ნაყოფზე, ამიტომაც განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში (ორსულობის პირველი სამი თვე, 12 კვირა) აუგმენტინის მიღება არ შეიძლება.
რაც შეეხება ლაქტაციას — ამ პერიოდში მისაღებია, რომ დედამ შესაბამის ავადობაზე აუგმენტინის დახმარებით იმკურნალოს. თუმცა, პრეპარატის დანიშვნამდე უნდა გამოირიცხოს რძეში პრეპარატის უმცირესი რაოდენობის ექსკრეციით გამოწვეული ჰიპერმგრძნობელობის განვითარების რისკიც კი.
დაბოლოს, უნდა გვახსოვდეს — რაც უნდა ერთი შეხედვით ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდიდეს მედიკამენტის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურა თუ მისივე ანოტაცია, დაუშვებელია თვითმკურნალობა. აუგმენტინი ძლიერი მოქმედების მქონე ანტიბაქტერიული წამალია და მისი თვითნებურად მიღება, თუნდაც ეს განმეორებითი შემთხვევა იყოს, არ შეიძლება.
თუკი ფიქრობთ, რომ შეიძლება ის რომელიმე დაავადება გაწუხებდეთ, რის წინააღმდეგაც აუგმენტინი გამოიყენება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.