პირობა, რომელიც შეასრულა ციცინო შამათავამ


  • სოფლის ხალხს განსხვავებული ხასიათი და ტრადიციები აქვს. მათი გული რომ მოიგო და მათ წინაშე ავტორიტეტი მოიპოვო, უნდა გენდობოდნენ. ახალსოფლელები ენდობიან სოფლის მკვიდრს, დამსახურებულ პედიატრს ქალბატონ ციცინო შამათავას. მას ზედმეტსახელად “ბრძენ ქალბატონს” ეძახიან თბილი, ყურადღებიანი, კეთილი, დაუზარელი, საქმის მცოდნე, მაღალი პასუხისმგბელობის გრძნობით,-ესეც მისთვის მიძღვნილი ეპითეტებია. ქალბატონ ციცინოს საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს, არადა, მის მიერ განვლილი ცხოვრების გზა ძალიან საინტერესოა.

-ახალსოფლის საშუალო სკოლის ვერცხლის მედალზე დამთავრების შემდეგ, გადავწყვიტე, ჩამებარებინა სამედიცინო ინსტიტუტში. მინდოდა, ექიმ-პედიატრი ვყოფილვიყავი, მაგრამ კომუნისტური წყობა იყო და მექრთამეობა მძვინვარებდა, ყველა ახლობელი მირჩევდა იქ არ ჩამებარებინა, იმდენად მიუწვდომლად მიაჩნდათ სამედიცინო ინსტიტუტში ჩარიცხვა, მე მაინც გავრისკე და წავედი გამოცდებზე, ვერ ჩავაბარე პირველ წელს, დავბრუნდი სოფელში, მრავალშვილიანი ოჯახის შვილი ვიყავი, ყველაზე უმცროსი, მეშვიდე შვილი. ჩემი უფროსი დის, სოციალისტური შრომის გმირის, ვალია შამათავას რჩევით, უნდა მემეცადინა თბილისში რეპეტიტორებთან, მაგრამ თბილისში ბინის ქირის გადახდა, რეპეტიტორებზე ფულის გადახდა უაზრობად ჩავთვალე. გაზეთებში იწერებოდა, სიმწიფის ატესტატით კოლმეურნეობებსა და ფაბრიკა-ქარხანებში ვინც დაიწყებდა მუშაობას, მას მიეცემოდა ლიმიტი. გადავწყვიტე, მემუშავა ჩემი სოფლის კოლმეურნეობაში, ჩაის პლანტაცია კოლმეურნეობის კანტორის უკან იყო, შევქმენი ახალგაზრდული რგოლი, დამეხმარა მაშინდელი კოლმეურნეობის კომკავშირის კომიტეტის მდივანი გრიშა იოსავა. გვერდში დამიდგნენ ჩემი თანაკლასელები: ზინა ყუფუნია და ფაცია მოსია. სოციალურ შეჯიბრში გამოვიწვიეთ მეორე ახალგაზრდული რგოლი. ადგილობრივი გაზეთის მებრძოლის ფურცლებზე დაიწერა ჩვენზე სტატია სათაურით “გზა მშვიდობისა”, სადაც იყო აღნიშნული, რომ ვერცხლის მედალოსანი ციცინო შამათავა, 13 სკოლადამთავრებულთან ერთად, სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდულ რგოლს. ამ სტატიის გავრცელების შემდეგ, არ დარჩენილა არცერთი გაზეთი ჩვენზე არ დაეწერა: “ახალგაზრდა კომუნისტი” “მალადიჟ გრუზიი” “საქართველოს ქალი” აჭრელდა ჩვენზე წერილებით. ძალიან მეხმარებოდნენ მაშინდელი კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი ვახტანგ კვარაცხელია, მეორე მდივანი ნოდარ ჭითანავა. 1959 წელს ამირჩიეს საქართველოს კომკავშირის ყრილობის დელეგატედ, კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის წევრად. არასოდეს არ დამავიწყდება ბატონ ვახტანგ კვარაცხელიას სიტყვები: ციცინო, აწი მაინც ჩაირიცხები სამედიცინო ინსტიტუტშიო. 1960 წელს, 8 მარტთან დაკავშირებით, დამაჯილდოვეს ლენინის ორდენით. იმავე წელს, დროზე ადრე წავედი თბილისში, რომ ცოტა მემეცადინა. მატარებელში შემხვდა ბატონი ნოდარ ჭითანავა, მე მომერიდა, მაგრამ თვითონ მომცა რჩევა, მიდი კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში ნოდარ ჩხოლარიასთან და ის მოგცემს რეკომენდაცია-დახასიათებას სამედიცინო ინსტიტუტში რექტორთან წარსადგენადო. მეც მივედი ბატონ ნოდარ ჩხოლარიასთან და მომცა რეკომენდაცია-დახასიათება სამედიცინო ინსტიტუტის რექტორთან ბატონ გელბახიანთან და 1960 წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში პედიატრიულ ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში მეძლეოდა სტიპენდია, რითაც ბინის ქირას ვისტუმრებდი. 1966 წელს დავამთავრე აღნიშნული ინსტიტუტი. მაშინ ინსტიტუტში არსებული კომისია კურსდამთავრებულებს ანაწილებდა, იქ, სადაც საჭირო იყო. მე გამანაწილეს ენგურჰესის მშენებლობის მედიკოს სანიტარულ ნაწილში, სადაც პედიატრი საერთოდ არ ყოფილა. იქ ცხოვრობდნენ რუსეთის სხვადასხვა რესპუბლიკიდან ჩამოსული მოქალაქეები. ჯვარზენის დასახლების საავადმყოფოს ჰქონდა ავადმყოფი ბავშვების პალატები. ენგურჰესის მშენებლობას ქონდა ცალკე სამმართველოები, რომლებიც ერთმანეთს 15-20 კმ-ით იყვნენ დაშორებული. ილორი, ერისწყალი, საბერიო, რეჩხი, გუდავა. ყველგან იყო სამედიცინო პუნქტები თერაპევტით და ერთი მედდით. პედიატრი კი, მთელ ენგურჰესზე მხოლოდ ვიყავი მე. მიწევდა თვეში ორჯერ თითო უბნის შემოვლა. სტაციონარში ვაწვენდი ავადმყოფ ბავშვებს და ვმკურნალობდი შეძლებისდაგვარად. ასე ვიწვალე 3 წელი. 3 წლის შემდეგ, გამაგზავნეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად 6 თვით. საერთო ჯამში, ენგურჰესის მშენებლობაზე, ვიმუშავე 15 წელიწადი. შემდეგ გადმოვედი ზუგდიდში. ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიხსნა ბავშვთა განყოფილება, საჭირო იყო ექიმ-პედიატრები. მაშინდელმა განყოფილების გამგემ ჯანიკო ჟვანიამ მიმიწვია სამუშაოდ. ვმუშაობდი ინტენსიური პალატის ექიმად. მაგრამ დადგა ცუდი დრო. შევარდნაძის პრეზიდენტობის დრო, როცა შუქი არ იყო და ღამით მოსული ავადმყოფი ბავშვებისთვის ვენაში, სანთლის შუქით შეგვყავდა წამალი. ზუგდიდში მძვინვარებდა “მხედრიონების” ბანდა, რომლებიც დედას თვალწინ შვილს უკლავდნენ, სახლებს წვავდნენ, ოჯახებს ძარცვავდნენ. მორიგეობის პერიოდში, კარები ჩაკეტილი მქონდა, დარბოდნენ განყოფილებებში. ნარკოტიკების საძებნელად, ჩაკეტილი კარებიდან ვყვიროდი-ბავშვთა განყოფილებაში ნარკოტიკი არ არის მეთქი. გმირობის ტოლფასად უნდა ჩაითვალოს მაშინდელი ზუგდიდელი ექიმების მუშაობა. ხელფასიც არ გვეძლეოდა. იმ პერიოდში, ჩემს სოფელში, ახალსოფელში, მძიმე მდგომარეობა იყო, ექიმი ჩემს მეტი არავინ არ ცხოვრობდა, სასწრაფო დამხარების ექიმები და მანქანები არ არსებობდა, ამიტომ მე მიწევდა ჩემს სოფლელებთანაც სახლში მისვლა და მკურნალობა.
შევარდნაძის რეჟიმის დასრულების შემდეგ სახელმწიფომ ვერ შესძლო საავადმყოფოს შენახვა, გაიყიდა ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფო, გახდა რეფერალური ჰოსპიტალი, ხელფასებიც დროულად გაიცემოდა. ვმუშაობდი იქ მორიგე ექიმად, ვინაიდან, ჩემს სოფელში, არ იყო პედიატრიც, მე შემითავსეს.
2008-2009 წლებში შემოვიდა საქართველოში ოჯახის ექიმის ინსტიტუტი. ექიმს, რომელიც მუშაობდა პოლიკლინიკებში, უნდა ჰქონოდა ოჯახის ექიმის სერთიფიკატი. გავიარე ოჯახის ექიმის ექვსთვიანი კურსები და 2010 წელს გამოცდა ჩავაბარე თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროში. ავიღე ოჯახის ექიმის სერთიფიკატი. 2011 წლის 30 დეკემბერს საავადმყოფოში ჩავაბარე ბოლო მორიგეობა და იმ დღესვე დავწერე განცხადება საავადმყოფოდან წასვლის შესახებ. დღემდე ვმუშაობ ახალსოფლის საექიმო ამბულატორიაში ოჯახის ექიმად და ძირითადად ვკურირებ ბავშვებს 15 წლამდე.
-პატარებს უყვარხართ როგორ აღწევთ ამას?
-თბილი დახვედრა და სიყვარულია ჩემი მათთან ურთიერთობის მომწესრიგებელი. მეც პატარაობიდანვე მიყვარდა ექიმობა. თოჯინებთან თამაშისას სულ ექიმის როლში ვიყავი. უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ მე-5 კლასში ყოფნისას ჩემს მასწვალებელს ნუნუ ლემონჯავას შევფიცე ექიმი გავხდები მეთქი.
-როგორ უმკლავდებით უარყოფით ემოციებს?
-ჩვეულებრივად, როგორც ყველა, სხვა, ნებისმიერი ადამიანი.
-თქვენი საყვარელი ფრაზა?
-“ჩემო თოჯინა”, “თემო თბილო”!
– თქვენი ცხოვრების დიდი ტკივილი…
-გითხარით, დედმამიშვილებში ყველაზე უმცროსი ვარ… და ყველა და-ძმის გარდაცვალება მე ვნახე, ასევე დისშვილების, ძმისშვილების. ახლაც შავებში დავდივარ. ესაა ჩემი დიდი ტკივილი.
-როგორც ქართველი მოქალაქე, რას იტყვით ხმამაღლა?
-რას ვიტყვი და… დაგვიბრუნონ ის ჩვენი ტერიტორიები, რომელიც წაგვართვეს-ჩვენი სოხუმი, ჩვენი აფხაზეთი.

საუბარი ჩაიწერა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!