ზუგდიდის ბულვარში ქუჩის პიანინო განთავსდა, რომელზეც დაკვრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. “ქუჩის პიანინო” ზუგდიდში, “შენი იდეა მერს” პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი მოქალაქის მერაბ ოკუჯავას ინიციატივით დაიდგა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, რომ პიანინოს შესაძენად ბიუჯეტიდან თანხები არ გახარჯულა. პიანინოს მოხატვაზე და დიზაინზე იზრუნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილემ იდა ქვარაიამ და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენელმა ეკატერინე ჯოლოგუამ.
ეკა ჯოლოგუამ “ზუგდიდელებთან” საუბარში თქვა, რომ იდეის განხორციელება, მერმა, ქალბატონ იდა ქვარაიას მიანდო. “–ძალიან მიყვარს როცა საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ. იდას ხელმძღვანელობით არაერთი დიდი ღონისძიება გაგვიკეთებია. რაც შეეხება “ქუჩის პიანინოს”, შევიკრიბეთ ჯგუფი ჩვეულებრივ, როგორც ვმუშაობთ ხოლმე, დეტალებში დაიგეგმა ყველაფერი. ქალბატონმა იდამ მოიძია პიანინო. კონცეფცია, დიზაინი, ვიზუალური გადაწყვეტა მას ეკუთვნის. რადგან ბულვარში გვსურდა ინსტრუმენტის განთავსება, ვინტაჟის თემატიკაზე შევთანხმდით. პიანინოს რესტავრაციისა და დეკორატიული დაძველების შემდეგ, უკვე მოხატვაზე ახალგაზრდა ზუგდიდელმა მხატვარმა გვანცა ჯგუშიამ იმუშავა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ააიპ “კეთილმოწყობის ცენტრის” თანამშრომლების წვლილი. ბიჭები (თანდილა, გიგა, ირაკლი, რამაზი) ნებისმიერი სახის სამუშაოს პროფესიულ დონეზე ასრულებენ და ეს ნამდვილად ხაზგასასმელი ფაქტია.
საბოლოო ჯამში, პიანინოსთან ერთად საფოტოსესიო კუთხეც მოვაწყვეთ, ბულვარის ტერიტორიაზე დეკორატიული ფაეტონი განთავსდა. მიხარია, რომ ზუგდიდელებს მოეწონათ მუსიკალური სივრცე. მსგავს საინტერესო პროექტებზე მომავალშიც სიამოვნებით ვიმუშვებთ.”-გვითხრა ეკა ჯოლოგუამ.
“ზუგდიდელები” იდა ქვარაიას დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ პიანინო ძველი, უვარგისი, გაფუჭებული, ფაქტიურად დაშლილი იყო. “–პიანინოს ზოგი ნაწილი არ ქონდა. ერთობლივი ძალებით, კულტურის ცენტრის, მოსწავლე–ახალგაზრდობის განვითარების სასახლის და ქალბატონ მზია მატკავას დახმარებით, ნაწილები მოვიძიეთ და ავაწყვეთ ძველი პიანინო. რაც შეეხება ფერს, რადგან ბულვარში გადავწყვიტეთ დადგმა, გვინდოდა, ვინტაჟურ სტილში ყოფილიყო. ოპტიმალური ფერი იყო თეთრი, რომელიც მოუხდებოდა ყველანაირ სიტუაციას.”
ჩვენი ინფორმაციით, პიანინო არის საკმაოდ ძველი და მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეს ეკუთვნის. როგორც, სასახლის დირექტორი, ქალბატონი ნინელი ჭითანავა ამბობს, “ზუგდიდელებთან”, ინსტრუმენტი ღია მუსიკალურ სივრცეში ზაფხული–შემოდგომა დარჩება, შემდეგ კი, სასახლეს დაუბრუნდება “გამოსაზამთრებლად” .
“ქუჩის პიანინოს” იდეიის ავტორი, მერაბ ოკუჯავა პროექტის განხორციელებით კმაყოფილია. მისი განმარტებით, მომავლისთვის, სასურველია მეორე პიანინო ბოტანიკურ ბაღში დაიდგას.
თბილისის შემდეგ, „შენი იდეა მერს“ ზუგდიდში, ლაშა გოგიას ინიციატივით დაინერგა და მისი მიზანი ქალაქის განვითარებაში საზოგადოების აქტიური ჩართვაა.