პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ Datacomm-ის სახელით მიღებულ შეტყობინებებში მითითებული ე.წ.ლინკის გახსნისგან


  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს:

“2022 წლის 27 აპრილს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, როგორც სატელეფონო კონსულტაციის ფარგლებში, ისე ელექტრონული ფოსტისა და სოციალური ქსელის მეშვეობით, შეტყობინებით მომართა არაერთმა პირმა, რომლებიც უთითებენ იდენტური შინაარსის გარემოებებზე. კერძოდ, მათ „Datacomm“-ის სახელით მიიღეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები, სადაც მითითებულია მათი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ბმული (ე.წ. „ლინკი“).

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ „Datacomm“-ის სახელით მსგავსი შინაარსის მიღებულ შეტყობინებებში მითითებული არასანდო ბმულის (ე.წ. „ლინკის“) გახსნისაგან, რადგან ბმული შეიძლება შეიცავდეს ვირუსს ან მავნე პროგრამებს (malware, spyware), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თქვენს ელექტრონულ მოწყობილობებში შენახულ პერსონალურ მონაცემებზე უკანონო წვდომა. მნიშვნელოვანია, თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაიცვათ კიბერჰიგიენის წესები და თავი შეიკავოთ არასანდო და არაიდენტიფიცირებული შეტყობინებებით (SmS, Email, Messanger…) მიღებული ბმულების (ე.წ. „ლინკები“) გახსნისაგან. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ფაქტი შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, 2022 წლის 27 აპრილს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ სამსახურში შემოსული შეტყობინებები წარმოდგენილ თანდართულ ფოტომასალასთან ერთად შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეგზავნა შესაბამისს საგამოძიებო სამსახურს”.-ნათქვამია განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.