პედიატრი კლარა ჭანტურია გილოცავთ აღდგომას


ქალბატონი რომელიც “ჰიპოკრატეს” ფიცის ერთგულია და უანგაროდ ემსახურება ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საქმეს, აფასებს პროფესიონალიზმს, უყვარს თავისი საქმე და კოლექტივში გამოირჩევა დიდი გონიერებით და გამჭრიახი აზროვნებით, არის ქართული ტრადიციული ოჯახის შვილი. “ზუგდიდელების” სტუმარია პედიატრი, ქალბატონი კლარა ჭანტურია.

-დავიბადე 1927 წელს, ინტელიგენტის ოჯახში. მამა, შალვა ჭანტურია ზუგდიდის რაიაბრეშუმის აგრონომი იყო, დედა, ნადია ხაბურზანია, ქიმია-ბიოლოგიის სპეციალისტი, მუშაობდა მასწავლებლად. 6 წლის შემიყვანეს ზუგდიდის პირველ საშუალო სკოლაში, არ გავჩერდი სახლში, ჩემი და რომ სწავლობდა, მეც მინდოდა მესწავლა. დედაჩემმა მიმაბარა ცურუ ოსიძეს, კარგ პედაგოგს,-თუ ისწავლა გადავა მეორე კლასშიო, თუ არადა, იმავე კლასში დარჩებაო. მე დავამთავრე პირველი საშუალო სკოლა ფრიადზე, მაშინ სკოლის დირექტორი იყო ბატონი შოთა ხუბულავა. ეს იყო 1943 წელი. სკოლის მერე სულ ვფიქრობდი სამედიცინო ინსტიტუტში ჩამებარებინა, ბავშვობაში მიჩვეული ვიყავი თამაშს, -ექიმო, წყალი დამალევინე; ექიმო, ხელი შემიხვიე,; ექიმო, წნევა გამიზომე; დაუსწრებლად შემიყვარდა ეს პროფესია. ჰოდა, გადავწყვიტე, სახელმწიფო გამოცდები ჩამებარებინა სამედიცინო ინსტიტუტში, ფრიადოსანი მოსწავლე, წარმატებული ატესტატით წავედი თბილისში, იმ წელს ვერ მოვეწყვე, ბევრი აბიტურიენტი იყო და გამიჭირდა, მოვემზადე მეორე წლისთვის. შესანიშნავად ვაბარებდი გამოცდებს, მაგრამ ქიმიის გამოცდაზე, გამომცდელმა ოთხიანი დამიწერა. მეშინოდა, დაბალი ქულით ვერ გავალ-მეთქი და ვთხოვე დამატებით დაესვათ ჩემთვის შეკითხვები. ყველაფერს რომ ვუპასუხე, გამომცდელი გაოცდა და უყოყმანოდ დამიწერა ხუთიანი. დავამთავრე ინსტიტუტი წარჩინებით. ზუგდიდში წამოვედი წარჩინების დიპლომით ხელში, იმ განზრახვით, რომ დავრჩებოდი მხოლოდ ერთი წელი და შემდგომ გავაგრძელებდი სწავლას ასპირანტურაზე, მაგრამ… ენგურქაღალდკომბინატში დავიწყე მუშაობა. 2 წელიწადი ვმუშაობდი პედიატრად, მერე ე.ქ.კ. კომბინატიდან შოთა კვირკველიას რეკომენდაციით წამოვედი ზუგდიდში. დავიწყე “უბნის ექიმად” მუშაობა, შემდეგ, გაიხსნა ქალაქის საავადმყოფო და იქ გავაგრძელე მუშაობა ექიმ-ორდინატორად. დავქორწინდი ზუგდიდელ ამირან შეროზიაზე. მაშინ ამირანი მუშაობდა “ზარია ვასტოკაში” კორესპონდენტად.

-ქალბატონო, კლარა, პატარების ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებულად საპასუხისმგებლოა.

-ბევრჯერ მიხსნია ბავშვების სიცოცხლე. ხშირად მხვდებიან ჩემი ყოფილი პაციენტი ბავშვების დედები. ერთმა ქალბატონმა შემაჩერა, თბილად მომესალმა და მითხრა: თქვენ მიერ გადარჩენილი ბავშვი ახლა ბებია არისო. ხშირად ჩამესმის ჩემი ბავშვის მხსნელი ხართო. მგონი არ დამიტოვებია ცუდი ნაკვალევი. თქვენ წარმოიდგინეთ, 1949 წლიდან რამდენ პატარას გაუვლია ჩემს ხელში, რამდენს მოვფერებივარ.

-ქალბატონო, კლარა, თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე როგორია?

-წიგნებს ვკითხულობ. მიყვარს პოეზია, ტელევიზორს ვუყურებ, ვიხსენებ ძველს და ახალს და ამაში მიდის დრო. ხშირად ვარ ჩემს კოლეგებთან, ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას, ვურჩევ. მე ეს ურთიერთობები მიხანგრძლივებს ცხოვრებას.

-როგორც გამოცდილი პედიატრი, რას ურჩევთ ახალგაზრდა დედებს?

-დედა უნდა იყოს ყურადღებიანი, მშვიდი, შვილების მოსიყვარულე, ოჯახის ერთგული, მან ყველანაირად ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის კულტურულ აღზრდას.

-ოჯახზე მოგვიყევით.

-მყავს სამი შვილი. ნუგზარი, ბადრი და ქეთინო შეროზიები. სამივე დაოჯახებულები არიან. ქეთინო და ნუგზარი თბილისში ცხოვრობენ. მყავს შვილიშვილები და შვილთაშვილები. ჩემი მეუღლის, ამირანის სახელი გრძელდება ჩვენს ტრადიციულ ოჯახში. ჩემი შვილიშვილი, რომელიც ბაბუას მოსახელეა, ამირანი, დაოჯახებულია, ახლა თბილისში ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად.

-რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

-მინდა, გვიყვარდეს ერთმანეთი, დავუთმოთ ერთმანეთს, ყველაფერზე ნუ ვიკამათებთ, ვიზრუნოთ ქვეყნის გამთლიანებისთვის. აქვე, მინდა, ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო.

საუბარი ჩაიწერა რ. ქირიამ


კომენტარი

  1. მარინა გვილავა

    ზუგდიდის კოლორიტი… ასე მგონია, თქვენში ყველა თავის ბავშვობას ხედავს…თქვენ ფასდაუდებელი მაგალითი ხართ იმისა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ღირსეულად …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!