ოლგა ცალანი იმ დღეების გმირი ქალია


  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ოლგა ცალანი 94 წლის გახლავთ. პროფესიით მედდა. ომშიც უფროსი ექთანი იყო.

“ზუგდიდელები” ომის ვეტერანს სახლში ეწვია. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ოლგა თავს ცუდად გრძნობდა, თბილად მიგვიღო, მოგვეფერა, მადლობა გვითხრა სტუმრობისთვის, ყურადღებისთვის. როგორც ნათქვამია, ასაკი თავისას შვება… დედის ნაცვლად განა ცალანი ქალბატონ ოლგას ქალიშვილი გვესაუბრა ომის დედისგან გაგონილ ეპიზოდებზე.

“დედაჩემი წარმოშობით რაჭიდანაა. გვარად გაბაშვილი. მისი ოჯახი იქიდან, საცხოვრებლად, ქალაქ კისლავოდსკში გადასულა. სამედიცინო ტექნიკუმი ახალი დამთავრებული ჰქონდა ომი რომ დაიწყო. ჰოსპიტალში გაამწესეს. დაჭრილებს უვლიდა. დედა ხშირად იხსენებდა და ამბობდა: ოფიცრებს განსაკუთრებული და კარგი საკვები ჰქონდათო. როდესაც ჯარისკაცებს მოიყვანდნენ, თუ ქართველი იყო, ოფიცრად გავაფორმებდიო, მინდოდა ქართველებისთვისაც კარგი საკვები მიეცათო. თუ ოფიცერი გაეწერებოდა, ვცდილობდიო მისი საკვებიც ქართველისთვის მიმეწოდებიაო. ბაბუაჩემიც, დადაჩემის მამაც, ომის მონაწილე იყო. მამაჩემი-გერონტი ცალანიც იბრძოდა, ასმეთაური ყოფილა. გარკვეული პერიოდი, ბერიას პირად დაცვაშიც მსახურობდა. დედაჩემის ორი ძმაც ინსტიტუტიდან წაიყვანეს ომში მოხალისედ, უფროსს-აკაკი ერქვა, უმცროსს-თემური, არცერთი არ დაბრუნებულა, უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. შეიძლება ითქვას, ომი დიდი სისასტიკით მოექცა ჩვენს ოჯახს.
ორი წლის წინ, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გვესტუმრა, დედას “ღირსების ორდენი” გადასცა. საინტერესო იყო დედას არქივი,–მისი მედლები, საჩუქრები, ფოტოები, სამადლობელი წერილები, დიახ, მთელი არქივი სოხუმში დავტოვეთ, სადაც ვცხოვრობდით გარკვეული პერიოდი.
დედას მძიმე ცხოვრება ჰქონდა ომის შემდეგაც. ახალგაზრდა ძმა გარდამეცვალა. დედას გაუჭირდა ვაჟის სიკვდილთან შეგუება. უკვე ბევრი რამ არც ახსოვს, თუმცა გამართულად მეტყველებს, ძალიან კარგად საუბრობს რუსულად. განსაკუთრებულად უყვარს შვილიშვილებთან ყოფნა, უხარია, როცა ისინი თბილისიდან სტუმრად ჩამოდიან. ადრე, იხსენებდა და უყვებოდა მათ ომის ამბებს, უნდოდა მათ ყველაფერი სცოდნოდათ მისი წარსულიდან. უხარია, როცა მოიკითხავენ, დღესასწაულებზე სტუმრობენ და იხსენებენ. მას სჭირდება სითბო და მოფერება. მცირედისაც მადლიერია.
ახალგაზრდობის სილამაზის, ელეგანტურობის ნაკვალევი ისევ ეტყობა ქალბატონ ოლგას, მაგრამ ჩვენთან ერთად, სურათის გადაღებაზე უარი თქვა,–მოხუცის ფოტო რად გინდათო. თუმცა, ბოლოს მაინც დაგვთანხმდა. დიახ, თაობებმა უნდა დაიმახსოვრონ იმ ადამიანების, განსაკუთრებით კი, იმ ქალბატონების სახეები, რომლებიც მამების, ძმების, მეუღლეების გვერდით უშიშრად იდგნენ ომის განსაცდელში. ასეთი იყო ქალბატონი ოლგა ცალანიც.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!