ოთარ მარშავა ქართულ-აფხაზურ სუნთქვას მიყურადებული ექიმი


  • “ზუგდიდელების” სტუმარია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბატონი ოთარ მარშავა, რომელსაც დიდი წვლილი აქვს როგორც ჯანმრთელობის დაცვის საქმეში, ასევე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირებაში.

-ბატონო ოთარ, ორიოდ სიტყვით თქვენს შესახებ…

-1972 წელს წარჩინებით დავამთავრე გალის მესამე საშუალო სკოლა. 1978 წელს სარატოვის სამედიცინო ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ვეწეოდი პრაქტიკულ საქმიანობას ზოგადი ქირურგიის პროფილით. 1984 წელს მოვეწყვე ასპირანტურაში ქალაქ მოსკოში. 1987 წელს მომანიჭეს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 1987- 89 წლებში, ვმუშაობდი ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილების გამგედ. მაშინ მთავარი ექიმი იყო ქალბატონი ნონა წასიძე, რომელმაც მირჩია მეცნიერულ გზას ბოლომდე გავყოლოდი. მანვე, მიმავლინა ქალაქ მოსკოში საბჭოთა კავშირის ლაზერული ქირურგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1991 წელს, დავიცავი სადოქტორო დისერტაცია. 1992 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამირჩიეს ზოგადი ქირურგიის კათედრის პროფესორად. საქართველოში ქირურგიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის, 2001 წელს, დამაჯილდოვეს ღირსების ორდენით, ხოლო ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის, 2013 წელს, დაჯილდოვებული ვარ მედლით სამოქალაქო თავდადებისათვის. მაქვს გამოქვეყნებული 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი, როგორც საქართველოში, ისე ევროპის ქვეყნებში. მოგეხსენებათ, 1993 წელს, აფხაზეთში, ომი დაიწყო. მშობლებმა გადაწყვიტეს, არ დაეტოვებინათ მშობლიური მხარე და დარჩნენ იქ. ომის დამთავრების შემდეგ, მეც ხშირად ვსტუმრობდი ჩემს მხარეს. რამდენჯერ ენგური გადამიცურავს და ისე ჩავსულვარ გალში. ადამიანებს სამედიცინო დახმარებას ვუწევდი ბინაზე, ვინაიდან, გალში არ ფუნქციონირებდა საავადმყოფო. საველე პირობებში მიწევდა ოპერაციის გაკეთება. თანდათანობით დავიწყე, ჩემი სახსრებით, საავადმყოფოს მოწყობა და გავაკეთე 10 საწოლიანი განყოფილება. თავიდან ამბულატორიული, თერაპიული, ქირურგიული და გინეკოლოგიური კაბინეტი მოვაწყვე. მოგვიანებით, აფხაზეთში, ხალხი ნელ-ნელა დაბრუნდა და სამედიცინო დაწესებულებების გაფართოება გახდა საჭირო. იძულებული ვიყავი, მიმემართა მაშინდელი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრისთვის, ბატონი ავთანდილ ჯორბენაძისთვის. მან ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და მომაწოდა 30 საწოლიანი ქირურგიული განყოფილების საჭირო აპარატურა და ინსტრუმენტები.

ოთარ მარშავა და ავთანდილ ჯორბენაძე.

1994 წლიდან დღემდე, ენგურიდან ფსოუმდე (ოჩამჩირე, ტყვარჩელი, სოხუმი, გულირიფში, გუდაუთა და გაგრა), მოქმედ საავადმყოფოებში, ჩატარებული მაქვს 1500-ზე მეტი ჰუმანიტარული ქირურგიული ოპერაცია და 10000ზე-მეტი კონსულტაცია. 3000-ზე მეტი პაციენტი საჭიროებდა მაღალი ტექნოლოგიის ქირურგიულ ჩარევას და ეს კონტინგენტი გადმოვიყვანე ქუთაისის და თბილისის კლინიკებში, სადაც ჩავუტარე ქირურგიული ოპერაცია. ყველა ოპერაცია საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრომ დააფინანსა.

აფხაზეთის ტერიტორიაზე სამედიცინო მომსახურების პარალელურად, მხარდაჭერას ვუწევდი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენას. ამ მიზნით, აფხაზ და ქართველ პაციენტებს ერთ პალატაში ვათავსებდი. ისინი ერთმანეთთან ამყარებდნენ მეგობრულ ურთიერთობას. 28 ოჯახი ერთმანეთის ნათელ-მირონი გახდა. აღნიშნულ საქმიანობას დადებითად აფასებდა აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება. ვ. არძინბამ შეხვედრა მთხოვა და მადლობა გადამიხადა გაწეული სამსახურისთვის.

მოგვიანებით, მოსახლეობამ მთხოვა სკოლის გახსნა. რასაც ხელი შევუწყვე. ამავე პერიოდში, ჩემი ინიციატივით, გალის ტერიტორიაზე, საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრომ გახსნა სოფლის ამბულატორიები და დავაკომპლექტე ადგილობრივი მედპერსონალით, რამაც ხელი შეუწყო მოსახლეობის დაბრუნებას. უმნიშვნელოვანესი იყო ბატონი ჯორბენაძის და აფხაზეთის ხელისუფლების შეთანხმება გალის და ოჩამჩირის საზღვარზე მრავალპროფილიანი სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის მშენებლობაზე, რომლისთვისაც დაფინანსება გათვალისწინებული იყო 2004 წლის ბიუჯეტში. ამ საკითხთან დაკავშირებით, სოხუმში, ადგილობრივ მთავრობასთან მოლაპარაკებები გავმართეთ მე და სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ა.ზოიძემ, ასევე აქტიურად პროცესებში მონაწილეობდა პროფესორი ნაპო მესხია.

-ბატონო ოთარ, თქვენს პრაქტიკაში არაერთი, ექსტრემალურ სიტუაციაში გაკეთებული ოპერაციაა…

-როგორც აღვნიშნე, საველე პირობებში მიხდებოდა ოპერაციების გაკეთება. ერთ-ერთი საკეისრო კვეთის დროს, დაიბადა ბიჭი. დედამისმა, ახალშობილს, ჩემს საპატივსცემლოდ დაარქვა სახელი ოთარი. მოგვიანებით, ბიჭი ილორის ეკლესიაში მოვნათლე.

-ბატონო ოთარ, ცხოვრებაში ვის ემადლიერებით?

-მშობლებს და დიდ ბებიას, ქალბატონ დუნია ქუთელია-კეიდიას.

-ვის რჩევას ითვალისწინებთ?

-როგორც გითხარით, დიდ პატივს ვცემ მშობლებს, დიდ ბებიას, დებს და ოჯახის წევრებს. მახსოვს, პატარა როცა ვიყავი, ჩემმა გამზრდელმა დიდმა ბებიამ მითხრა: შენ გახდები ექიმი-პროფესორიო. ძალიან გონიერი და ჭკვიანი ქალბატონი იყო.

-გაგვაცანით თქვენი ოჯახი…

-მეუღლე გახლავთ ირინა ლატარია, პროფესიით ექიმი პედიატრი. გვყავს ორი შვილი. ვაჟი- დავითი გახლავთ ექიმი-ოფთალმოლოგი. ქალიშვილი თამარ მარშავა, გახლავთ იურისტი. გვყავს შვილიშვილები: ელენე, ოთარი, ალექსანდრა მარშავები და გიორგი ცინარიძე.

-რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

-ზუგდიდელებს ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიკეთეს და მშვიდობას.

მასალა მოამზადა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!