ნუ უჩვენებთ ტალახში ამოსვრილ ტრაფარეტს მომავალ თაობას

  • ამ დღეებში, “ზუგდიდელებმა” გამოაქვეყნა წერილი სახელწოდებით “ლომაიების ტრადიცია, რომელიც ოჯახის სტუმრების სახელს უკვდავჰყოფს”. ეს იყო ამბავი იმის შესახებ, თუ როგორი სტუმარ-მასპინძლობის ტრადიაცია ჰქონია ნარაზენელების ერთ-ერთ ყოფილ თავკაცს, მიხეილ (მიშა) ლომაიას ოჯახში.  გამოვაქვეყნეთ ლომაიების ოჯახში სტუმრებისათვის დაკლული საკლავის ბეჭის ძვალზე დატოვებული სტუმრების ავტოგრაფები. მასალას დადებითი რეზონანსი ჰქონდა, ბევრი ცალსახად გამოხატავდა ასეთი ტრადიციის გაგრძელების სურვილს, ბევრმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ ჩვენ მიშა ლომაია უფრო სხვა რაკურსით უნდა წარმოგვეჩინა და ახალგაზრდა თაობისთვის უნდა გაგვეცნო ადამიანი, რომელიც ლიდერის შესაშურ თვისებებს ატარებდა და სოფელი მისი ხელმძღვანელობის დროს ფეხზე დააყენა.

…და რაც გულსატკენია, გამოგვიგზავნეს  არასასიამოვნო, ნარაზენული ფაქტის ფოტო, მიხეილ ლომაის ქუჩის ტრაფარეტი, რომელიც, ეტყობა, წლების განმავლობაში, პატივის გარეშე, გზაზე აგდია დაყირავებული და ტალახში ჩაფლული. ტრაფარეტი, ფოტოზე, მოწიდან აღებულია. ზედ წარწერაა: “მიხეილ ლომაიას ქუჩა”, თუმცა რამდენიმე ასო ჩამოვარდნილია და “ქუჩა” არ იკითხება. ფოტოს, ავტორის კომენტარი მოჰყვება, “ასე მიაგებენ პატივს ნარაზენელები მიხეილ ლომაიას, კაცს, რომელზეც წერთ, რომ ის “ცდილობდა ნარაზენი ერთ რიგით სოფელზე მეტი ყოფილიყო მისი მაცხოვრებლებისთვის”.

ჩვენ დავუკავშირდით ნარაზენის რწმუნებულს ნანა ჯანჯღავას და ვთხოვეთ ფაქტის განმარტება: “ჩვენთან ეხლა მიმდინარეობს ზუგდიდი-ნარაზენის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია. ეს გზა არის საგზაო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში. ყველა ტრაფარეტი, ყველა ნიშნული, მოხსნილია რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. როგორც კი მორჩება პირველადი საფარის აღდგენა, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის, დაიწყება აბრების დამონტაჟება და შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება.  მინდა გითხრათ, რომ  სარეაბილიტაციო სამუშაოებთან არის დაკავშირებული აბრის მოხსნა და სხვა არანაირი მიზეზი არ არსებობს.”-გვითხრა რწმუნებულმა.

“ზუგდიდელებისგან“: მიხეილ ლომაიას ქუჩაზე,  როგორც რწმუნებული განმარტავს, გზის რეაბილიტაციის შემდეგ, ახალი აბრა განთავსდება, ალბათ ქუჩის სახელით “მიხეილ ლომაიას ქუჩა.” სასიამოვნოა, მაგრამ  სანამ ეს ახალი აბრა განთავსდება, დიდი კანონდარღვევა და პრობლემა თუ არ იქნება, სასურველია, მოხდეს ძველი ტრაფარეტის გატანა ამ ადგილიდან. თუ წაქცეულ და ტალახიან ტრაფარეტთან ყოველ ავლა-ჩამოვლაზე, მიხეილ ლომაიას ახლობლების გულისტკივილს არ გავითვალისწინებთ, მომავალ თაობას მაინც ნუ ვუჩვენებთ ფაქტად, რომ შეიძლება მათაც იღვაწონ, იშრომონ სოფლისთვის, მაგრამ ერთხელაც, ტრაფარეტი მათი სახელით, აღმოჩნდეს ისეთ შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს მიხეილ ლომაის ქუჩის ტრაფარეტი აღმოჩნდა…

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.