ნიკოლოზ ჩუხუა “ჯარისკაცის დღიურიდან”


  • ჩვენი ყურადღება მისმა ერთ-ერთმა ჩანახატმმა მიიქცია,-რომელიც ომის თემაზეა და დღიურების სტილშია გადაწყვეტილი. საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა ეომა, სისხლით დაეცვა სამშობლო. გვინდა, თქვენც,  ჩვენს მკითხველსაც წაგაკითხოთ ის. იმედია, არ იქნებით პრეტენზიული…  მანამდე კი, ინტერვიუ  13 წლის ნიკოლოზ ჩუხუასთან, რომელიც  თურმე, 8 წლის ასაკიდან წერს და ოცნებობს საკუთარი ნამუშევრების კრებული გამოსცეს.

-2006 წლის ნოემბერში დავიბადე. მყავს მშობლები და პატარა ძმა-ილია. ვსწავლობ მერვე საჯარო სკოლის მერვე კლასში. რვა წლის ასაკიდან ვწერ. ბევრჯერ წამიშლია, დამიხევია ჩემი ნამუშევრები, არ მომწონდა, მაგრამ ახლა ჩემს ჩანახატებს გამოსწორობა ეტყობა (იცინის). ჩანახატი, რომელიც თქვენთან უნდა გამოვაქვეყნოთ, 2019 წელს დავწერე. ომის თემაზეა. იმედია, მოეწონება თქვენს მკითხველს.

-… და შენი პირველი ჩანახატი როგორი იყო?

-ვერ გეტყვით ჩანახატი იყო ის თუ არა, მაგრამ ვაწარმოებდი დღიურს, სადაც ჩემი ცხოვრების ყოველდღიური ამბები იწერებოდა. მოგვიანებით, გავბედე და დღიურებიდან ერთი ამბავი  ჩანახატად ვაქციე. თავიდან, არ მომეწონა, რამდენჯერმე გადავშალე, გადავასწორე, ჩავამატე… ჩანახატმა, რომ საბოლოო სახე მიიღო, მითხრეს, არც ისეთი ცუდი გამოგსვლიაო. ვწერ ნებისმიერ დროს. მთავარია, ვიყო მარტო და იყოს სიჩუმე.

-ვინ არის შენი ნამუშევრების შემფასებელი?

-ძირითადად, ბებია კითხულობს ჩემს ჩანახატებს. ის ჩემი დიდი გულშემატკივარია. მაძლევს შენიშვნებს, მარიგებს და მირჩევს. მშობლებიც ჩემი დიდი გულშემატკივრები არიან. თუ მოეწონათ, მაღალ შეფასებას ვიღებ. ოჯახი მუდამ გვერდში მიდგას. დედა ნინო კალანდიაა, მამა ირაკლი ჩუხუა. ჩემი ძმა ილიაც დაინტერესებულია ჩემი შემოქმედებით. მპირდებიან, ჩემი კრებულის გამოცემაში დამეხმარებიან… მინდა, ერთი რამ აღვნიშნო, არ მიყვარს ჩემს ნამუშევრებში ცვლილებების შეტანა.

-გარდა წერისა, რა გატაცება გაქვს?

-ძალიან მიყვარს კითხვა და ფეხბურთის თამაში. ამ ზაფხულს, ბევრი საინტერესო წიგნი წავიკითხე. მომწონს ნოდარ დუმბაძის შემოქმედება. ახლა, წავიკითხე სვეტლანა ალექსიევიჩის “ჩერნობილის ლოცვა“, რომან გვენცაძის “საბედისწერო გასროლა“ და შიო გვეტაძის “მონანიება“. ძალიან მიყვარს ენების შესწავლა. უკვე კარგად ვფლობ ინგლისურ და რუსულ ენებს. მომავალში, ვფიქრობ, კიდევ მეტი ენის შესწავლას.

-ოჯახში  ვინმე თუ წერს?

-არა, არავინ. მე ვარ პირველი, ვინც გაბედა, აიღო კალამი ხელში და დაიწყო წერა.

-როგორ დაახასიათებდი თავს?

-ვარ მიზანდასახული, მშრომისმოყვარე. ერთხელ თუ არ გამომივიდა, ხელს არ ჩავიქნევ. ვიბრძოლებ, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთო.

-ნიკა, როგორ ირჩევ სამეგობრო წრეს?

-მყავს როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეგობრები, რომლებსაც სოციალური ქსელის მეშვეობით ვეხმიანები. მინდა აღვნიშნო, რომ უცხოელი მეგობრები, ქართველი მეგობრებისგან ძალიან განსხვავდებიან ხასიათით, მოქმედებით. ისინი უფრო თავისუფლები და გახსნილები არიან.

-შენი ოცნება?

-ჩემი ოცნებაა, როგორც გითხარით, გამოვუშვა კრებული, სადაც თავს მოვუყრი ჩემს ჩანახატებს. გარდა ამისა, მინდა, გავხდე ექიმი. ამ ოცნებებს აუცილებლად განვახორციელებ. ჩემი დიდი სურვილია, დავწერო საბავშვო მოთხრობები და კომედიური ჟანრის ჩანახატები.

-წარმატებები.

-მადლობა.

ესაუბრა ანა სართანია

პ.ს. გთავაზობთ ნიკოლოზ ჩუხუას ჩანახატს ომის თემაზე… ჩვენ, გააზრებულად, არ გვიკითხავს მისთვის რატომ შეარჩია ეს თემა, ან რატომ მოსწონს მის ნამუშევრებში ყველაზე მეტად სწორედ ეს ნოველა.

 

ჯარისკაცის დღიურიდან

***

ზაფხულის ულამაზესი დილა გათენდა.

თვალები გავახილე, ცოტა ხანი  ჭერს ვუცქერდი, შემდეგ ავდექი, ჩავიცვი, ვისაუზმე. კარზე ვიღაც მიკაკუნებდა,- გავიფიქრე, ამ დილაუთენია, რა დროს კარზე კაკუნია და სტუმრობაათქო… კარი გავაღე.  უცხო კაცმა, რომელიც ჯარისკაცის ფორმით იყო,  კონვერტი გადმომცა და დამემშვიდობა.

უცებ, შიში ვიგრძენი, ცივმა ოფლმა დამასხა, დივანზე ჩამოვჯექი. სხვა რა გზა იყო-კონვერტის გახსნა გადავწყვიტე.

ჯარში მიწვევდნენ:

“ბატონო, რომან გაჩეჩილაძე, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ჯარში გასაწვევად.” იქვე მისამართი…

აღნიშნულ მისამართზე ბევრი ხალხი დამხვდა. ის კაციც კონვერტი რომ გადმომცა.

-გამარჯობა, ბატონო, რომან…

-გაგიმარჯოს…

-აბა, როგორ ხარ, შიშმა ხომ არ აგიტაცა, გაფითრებული ხართ.

-არა, უბრალოდ ცოტა ავნერვიულდი…

-არაუშავს, გადაგივლით… აქეთ, მობრძანდით…

დამარეგისტრირეს:

-აი, ეს თქვენი ბარათი. ჩაილაგეთ თქვენი ნივთები, რაც ძალიან დაგჭირდებათ და ხვალ მოგაკითხავთ… ემსახურეთ საქართველოს ჯარს და დაიცვათ ჩვენი სამშობლო.

-რა თქმა უნდა… კარგად…

“ემსახურეთ საქართველოს ჯარს და დაიცვათ ჩვენი სამშობლო.”-ამ სიტყვების გაგონების შემდეგ, რაღაც ისეთი ბიძგი მივიღე, თითქოს ეს ჩემი ყველაზე დიდი ვალდებულება ყოფილიყო.

სახლში დავბრუნდი, ტელეფონი ავიღე, სათითაოდ,  ოჯახის ყველა წევრს, გადავურეკე და დავემშვიდობე. შემდეგ ჩავალაგე საჭირო ნივთები, ვივახშმე და დავიძინე, უფრო სწორად შევეცადე დამეძინა…. ვღელავდი მეორე დღის მოლოდინში…

***

დილაუთენია  ვისაუზმე.  შემდეგ სახლიდან გავედი და ვიყიდე დღიური, სადაც ჯარის ამბებს ჩავწერდი. სახლში დავბრუნდი თუ არა, “ჯარის მანქანაც” მომადგა.

მანქანაში ათამდე ვიყავით.

ყველა, გზას,  ცნობისმოყვარეობით  გავსცქეროდით.

შემდეგ ვიღაცამ მკითხა:

-ნერვიულობ?

-ცოტათი.

-რა გქვია?

-რომანი, შენ?

-მე გოგა. სასიამოვნოა.

-ჩემთვისაც.

-ცოლ-შვილი გყავს?

-არა.

-არც მე.

შემდეგ გავისუსეთ და დანიშნულ ადგილამდე ჩუმად ვიყავით.

სამი საათი ვმგზავრობდით, ძალიან დაღლილები ვიყავით. პირდაპირ სასადილოში შევედით, ვისადილეთ… სადილის შემდეგ ხაზზე დაგვაყენეს, ყველა გადაგვხოტრეს…

მერე…

მერე იყო ვარჯიში, აზიდვები, ბუქნები და ასე შემდეგ.

სროლაც გვასწავლეს…

ერთმანეთშიც გვაჩხუბეს….

წვიმაშიც კი, გვავარჯიშებდნენ და ბრძოლისთვის გვამზადებდნენ.

***

იმ ორშაბათს, დილის 6 საათზე, ომის ქარ-ცეცხლში გადავეშვით… თავი არ დაგვიზოგავს… იმ დღის ბრძოლა მოვიგეთ… გავიმარჯვეთ… დაჭრილი მებრძოლი გვყავდა, მაგრამ… უმსხვერპლოდ გადავრჩით…

ჩვენი საჯარო ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, მანამ სანამ…

მტერი ისევ დაგვესხა!

ბრძოლები ტყეში გაგრძელდა… უკუნითში, ლაზერის შუქზე, თუ ხელის ფარნებით, მტერს და მოყავრეს ძლივს ვარჩევდით. მე და ჩემი მეგობარი გოგა ერთად ვიბრძოდით და ერთამენეთს ვეხმარებოდით. მტერი ყველა მხრიდან გვიტევდა, მაგრამ  ჩვენი ტერიტორიის დაპყრობის უფლებას მოწინააღმდეგეებს არ ვაძლევდით.

ერთ ბრძოლაში,  მე და გოგა ხეზე ვიჯექით და იქიდან ვიგერიებდით  მტერს.  მჯერა, რომ ამბობენ, ყველა ქართველი მეომარიაო… ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენი მშობლიური მიწის დასაცავად.

***

იმ დღეს, შუა ბრძოლებში, ჩვენი უფროსი დაიჭრა. ტყვიების ცეცხლში, მე და გოგა, ვცდილობდით, მასთან მისვლას, მაგრამ გვიჭირდა. მას  მტრის რამდენიმე მეომარი ადგა თავს. ჩვენი უფროსი კი, მეტად ჭკვიანი აღმოჩნდა…  ისე იწვა, გეგონებოდათ, გარდაცვლილი იყო. ამასობაში, ჩვენც მივედით, გავასუფთავეთ ტერიტორია და უფროსი გამოვიყვანეთ. ბეწვზე გადარჩა…

მე და გოგა ისეც ჩავებით ბრძოლაში. მტერს მარჯვედ ვუმკლავდებოდით, მაგრამ ცეცხლი უფრო ღვივდებოდა და ღვივდებოდა.  ჯარის ჩემი პირველი მეგობარი გოგაც დაიჭრა. ფრონტის ხაზიდან წვალებით გავიყვანე მედპუნქტში. ექიმმა თავისი საქმე კარგად გააკეთა. გოგა გადარჩა… კარავში, რომ შევედი მეგობრის მოსაკითხად, გოგას ეძინა. ექიმიც, ლამაზი გოგონა, მასთან იყო.  მითხრა, გოგას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებაო. როცა მას შევხედე თვალებში, ორივემ თავი ისე ვიგრძენით, თითქოს ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილები.

***

მალე დასრულდა ომი.

მე და ის ექიმი, მარიამი, ჯარის სამსახურიდან ღირსეულად მოვალეობამოხდილი წამოვედით. უკვე შეყვარებულები ვიყავით… ერთმანეთს შევფიცეთ, ვიქნებოდით ერთად, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებდა. ერთ დღესაც, ზაფხულში, დავქორწინდით.  ორი ვაჟიშვილი გვყავს: სანდრო და ანდრია. ჩვენ ჩვენი ოჯახით, ერთმანეთით, ძალიან ბედნიერები ვართ.

ნიკოლოზ ჩუხუა,

მერვე საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე.

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!