ნია ჯიქია: ჩვენი მომავალი დასავლეთისკენაა


  • 18 წლის, ნია ჯიქია, სრული დაფინანსებით სწავლას Cornell-ის უნივერსიტეტში, ხელოვნებისა და მეცნიერებების დეპარტამენტში, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით განაგრძობს.

-ნია, ორიოდ სიტყვით, შენს შესახებ…

-დავამთავრე თბილისის N199-ე კომაროვის სკოლა-პანსიონი. მეთერთმეტე კლასში FLEX პროგრამაში გავიმარჯვე და ამერიკის შეერთებულ შტატებში წავედი სასწავლებლად. ინდიანას შტატში ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ვიცხოვრე. სწავლის პარალელურად სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობებში ვიღებდი მონაწილეობას. გავხდი ჩემი სკოლის, მოგვიანებით კი განმსახლებელი ორგანიზაციის თვის მოსწავლე. ამერიკის დეპარტამენტმა მადლობის სერტიფიკატი გადმომცა გაცვლითი წლის განმავლობაში 110 მოხალისეობრივი საათის შესრულებისთვის, მოგვიანებით კი FLEX პროგრამის სხვა მონაწილეებს შორის შემარჩია და მიმიწვია აშშ-ს დედაქალაქ Washington D.C.-ში “სამოქალაქო განათლების კვირეულზე” დასასწრებად. მოხალისეობრივ საქმიანობაში აქტიურად ჯერ კიდევ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია Helping Hand-ის დახმარებით ჩავერთე. შედეგად 2 ჯერ, 2021 და 2023 წლებში გახლდით წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნულ ჯილდოზე ნომინირებული. ბევრ საერთაშორისო პროექტში მიმიღია მონაწილეობა, როგორც კავკასიის რეგიონის, ასევე ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით. ვფიქრობ, მსგავსი გამოცდილებები გადამწყვეტ როლს თამაშობს ისეთი თვისებების ჩამოყალიბებაში, როგორიც ტოლერანტობა და შემწყნარებლობაა და დიდი წვლილი შეაქვს ადამიანის ლიდერად ქცევაში. FLEX პროგრამის დამსახურებით, უამრავი საინტერესო ადამიანი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში და სწორედ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც, ყოველთვის უზომოდ მადლიერი ვიქნები ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის.

-რა შეეგრძნებაა როცა შენს მშობლიურ ქალაქში იმყოფები და უფროსკლასელებს შენს გამოცდილებაზე ესაუბრები..

-ფანტასტიური. დიდი სურვილი მქონდა ჩემი საყვარელი ქალაქისთვის, ზუგდიდისთვის, რაიმე ღირებული გამეკეთებინა. შესაბამისად გადავწყვიტე ჩვენს მომავალ თაობას დავხმარებოდი და მათთვის ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა. ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში დავგეგმე შეხვედრა უფროსკლასელებისთვის, რომლის თემაც გახლდათ “საუნივერსიტეტო აპლიკაციების გაგზავნა აშშ-ს უნივერსიტეტებში”. შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა ყველა ადამიანს აძლევს თავისი ოცნებების ახდენის საშუალებას – შეუძლებელი ნამდვილად არაფერია! შეხვედრამ ძალიან დადებითი ემოციები დამიტოვა. არ ველოდი ამდენი მოსწავლე თუ მოვიდოდა, რამაც ძალიან გამახარა. შესანიშნავი და მოტივირებული ახალგაზრდები არიან და თითოეულ მათგანს ულევ წარმატებას ვუსურებ.

რა არის საზღვარგარეთ მიღებული განათლების დადებითი მხარე?

-მრავალფეროვან გარემოში ყოფნამ საშუალება მომცა საკუთარი ღირებულებები და შეხედულებები გადამეფასებინა, რის შედეგადაც მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განვიცადე. ზოგადად კომუნიკაბელური ადამიანი ვარ და ჯანსაღ ურთიერთობებს ვაფასებ. ამერიკაში ყოფნის დროს სხვა გაცვლით მოსწავლეებთან და ადგილობრივებთან ურთიერთობისას გავეცანი ქვეყნების კულტურას და რელიგიას, შევიძინე მეგობრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამჟამად თავს უკვე საერთაშორისო მოქალაქედ მივიჩნევ. ამერიკული სკოლა მოსწავლეებს უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს, იქნება ეს არჩევითი/ძირითადი საგნები, სხვადასხვა კლუბები თუ სპორტის ნაკრებები. იგივე შემიძლია ვთქვა უნივერისტეტებზეც. დიდი იმედი მაქვს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დავხვეწავ ჩემს ცოდნას ტექნოლოგიების მიმართულებით და მეტ საინტერესო ადამიანს გავიცნობ.

-ახალ გარემოს როგორ შეეგუე?

-ადაპტაციის პერიოდი ძალიან მსუბუქად გადავიტანე. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ქალაქში ცხოვრებას ვიყავი შეჩვეული, ნახევრად ზუგდიდში გაზრდილს სრულებით არ გამჭირვებია პატარა ქალაქს შევგუებოდი. ეს იმ ოჯახის დამსახურებაა, რომელმაც მიმასპინძლა. თვალწინ მიდგას მომენტი თუ როგორ იდგა 9 ადამიანი ჩემს დასახვედრად შუა აეროპორტში, ქართული პოსტერებით ხელში. მათი უზომოდ მადლიერი ვარ. მე და ჩემი აქაური ოჯახი დღემდე ვეკონტაქტებით და ერთმანეთს ამანათებს ვუგზავნით. სულმოუთქმელად ელიან ჩემს შტატებში დაბრუნებას.

-წლების შემდეგ სად წარმოგიდგენია შენი მომავალი?

-გულწრფელად არ მაქვს 5 ან 10-წლიანი გეგმა. სკოლაში სწავლის პერიოდში ძირითადად უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ გეგმებს ვაწყობდი. მინდოდა სწორ ლიანდაგზე დავმდგარვიყავი. ეს გეგმა უკვე შესრულებულია. ახლა მთავარია მაქსიმალურად გამოვიყენო ის შესაძლებლობები, რასაც ჩემი ტოპ-უნივერსიტეტი მთავაზობს, განვაგრძო თავდაუზოგავად შრომა და მივიღო გამოცდილება ჩემს სფეროში. განსაკუთრებით დაინტერესებული გახლავართ ხელოვნური ინტელექტით. მსურს ამ ტექნოლოგიის დადებითი მხარე წამოვწიო, ხოლო უარყოფითი მინიმუმამდე დავიყვანო. დიდი იმედი მაქვს ამას შევძლებ.

-რა შეგიძლია, ურჩიო იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ?

-ახსოვდეთ, რომ როდესაც ერთი კარი იხურება, მეორე იღება. არ შეუშინდნენ გამოწვევებს. იყვნენ შრომისმოყვარეები, მიზანდასახულები, პასუხისმგებლიანები და პატიოსნები. წარმატება შრომის გარეშე მიუღწეველია. შეიძლება ამ ყველაფერზე დღეს ძალიან მარტივად ვსაუბრობ, თუმცა ეს ცხოვრების თითოეულ ეტაპზე შეუპოვრობის და უზომო გარჯის ნაყოფია.

-გაგვაცანი შენი ოჯახი…

-მშობლები ზუგდიდელები არიან. მამა გალაქტიონ ჯიქია, ხოლო დედა ნინო ვეკუა გახლავთ. პროფესიით გამომძიებელი და დეტექტივი. ჩემი დიდი ბაბუა ზუგდიდის კოლორიტი – კარლო ვეკუაა. თავის დროზე მან მასწავლა ჭადრაკის თამაში და შემაყვარა წიგნების კითხვა. თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან კომაროვში გადასვლა, კომაროვიდან ამერიკაში წასვლა, თითოეულ საფეხურთან მისულს ზურგს ჩემი ოჯახი და ნათესავები მიმაგრებდნენ. მათი მხარდაჭერის გარეშე ვერ წარმომიდგენია როგორ მივაღწევდი რაიმეს. ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი თითოეულ მათგანს მოტივაციისთვის.

-როგორია შენი სამომავლო გეგმები…

-როგორც უკვე ვახსენე თავს საერთაშორისო მოქალაქედ მივიჩნევ. მსურს, რაც შეიძლება მეტ ქვეყანას ვეწვიო, თუმცა საქართველოში ჩამოსვლა ჩემს გეგმებში დიდი ასოებით წერია. ვფიქრობ, რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკაში ცხოვრება და მოგზაურობა საშუალებას მომცემს მეტი კონტაქტები დავაგროვო, რაც საბოლოოდ ჩემი სამშობლოს კეთილდღეობის შენარჩუნებაში გამომადგება. წლების განმავლობაში საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, რამაც კულტურულად და პოლიტიკურად საგრძნობლად დაგხვია უკან. ვფიქრობ, რუსეთისაგან თავის დახსნა ჩვენი უმთავრესი მიზანია და ვინც ამას ხელს არ უწყობს ის ქვეყნის კეთილდღეობას საგრძნობლად აზიანებს. მე არ მივიჩნევ, რომ საქართველო რომელიმე ქვეყანას უნდა ემორჩილებოდეს, თუმცა თითოეულმა ქართველმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ ძლიერი მოკავშირეები გვჭირდება ამერიკის და ევროპის სახით. არ დაგვავიწყდეს ჩვენი, როგორც პირველი ევროპელების წარსული და გეზი დასავლეთისკენ ავიღოთ!

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!