“ნანიკას ხელნაკეთობები”

  • ზუგდიდელი ნანა ქირია 32 წლისაა, პროფესიით ფარმაცევტია. ბავშვობიდან ხატავდა, ქსოვდა და ქარგავდა. თავიდან გართობის მიზნით აკეთებდა ყველაფერს, მაგრამ როცა დამთვალიერებლებმა მისი ნამუშევრებით კმაყოფილება და აღტაცება გამოხატეს, საქმეს სერიოზულად მიჰყო ხელი. როგორც ნანა ამბობს, ქარგავს, კერავს, ნატურალური ქვებისგან ქმნის სხვადასხვა ორიგინალურ აქსესუარებს. დღეს, “ნანიკას ხელნაკეთობები” საკმაოდ პოპულარულია.

ნანა ქირია: “ვარ ორი ვაჟკაცის დედა, 11 წლის თემო და 3 წლის ალექსანდრე, რომლებიც ალამაზებენ ჩემს ცხოვრებას. ამჟამად არ ვმუშაობ, შესაბამისად დიდ დროს ვუთმობ შვილებს. შვილებში ჩადებული რესურსი ხომ ყველაზე ღირებულია მშობლისთვის, გარდა ოჯახისა, ჩემი თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ვუთმობ ჩემს ხელნაკეთობებს, რომელიც ამ ბოლო დროს საკმაოდ მრავალფეროვანი გახდა, ზოგადად ხელოვნება ბავშვობიდან მიყვარდა და სულ მსიამოვნებდა და ვცდილობდი ხელოვნებით ვყოფილიყავი დაკავებული, მათ შორის განსაკუთრებით მომწონს ხატვა, ქსოვა, ქარგვა და ჩემი დროის დიდ ნაწილს ვუთმობ ამ საქმეს. მიმუშავია პოლიმერულ თიხაზე. მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ.”

-როდის დაიწყე “ნანიკას ხელნაკეთობებზე” მუშაობა?

-როგორც უკვე აღვნიშნე, ბავშვობიდან ვიყავი გატაცებული ამ სფეროთი, სკოლის პერიოდში სულ ჩემი მოქსოვილი კაშნები და სხვადასხვა ნივთებით დავდიოდი, ასევე ვხატავდი ესკიზებს. პროფესიულ დონეზე ამ საქმეს ხელი მოვკიდე, როდესაც მეორე შვილი შემეძინა, ანუ ალექსანდრე იყო ჩემი ინსპირაციის წყარო. ვქსოვდი მისთვის ქუდებს, ხელთათმანებს, ასევე მისი ოთახისთვის სხვადასხვა აქსესუარებს ვაკეთებდი, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს საქმე საკმაოდ კარგად გამომდიოდა. მეგობრებისგან, ახლობლებისგან და ნათესავებისგან ბევრ მოწონებაც მქონდა, შესაბამისად, გადავწყვიტე, უფრო სერიოზულად მეფიქრა ამ ყველაფერზე, შემიძლია ვთქვა, რომ ვარ თვითნასწავლი, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინტერნეტის საშუალებით შევისწავლე ყველაფერი.

-შენი პირველი ნამუშევარი?

-ნაქსოვი ჩანთა, რომელიც დღემდე საკმაოდ ტრენდული მოდელია და განსაკუთრებით მომწონს ჩემს ნამუშევრებს შორის… სხვათაშორის, ჩემს გარშემოც ბევრი მოწონება დაიმსახურა. შემდეგ გადავწყვიტე, სოციალური ქსელი გამეკეთებინა და საზოგადოებისთვის გამეზიარებინა ჩემი ხელნაკეთობები, როდესაც ვხედავდი ადამიანების დადებით განწყობას, თვითდაჯერებულობა შემემატა და მომეცა მოტივაცია, უფრო მეტი მემუშავა საკუთარ თავთან.

-როგორც ვიცი, სხვადასხვა აქსესუარებზე მუშაობ…

-დიახ. ჩემს ნამუშევრებს შორის არის სხვადასხვა ნივთები, მათ შორის: ჩანთები, ჟაკეთები, საყურეები, თმის აქსესუარები და სხვადასხვა დეკორატიული ნივთები სახლისთვის. სხვათაშორის, დეკორატიული ნივთები მრავალფეროვანი გამიხდა. სადღესასწაულო დღეებზე დიდი ხანია, არაფერს ვიძენ ბაზრობებზე, ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ. ლამაზი, კრეატიული და განსხვავებული საახალწლო გარემო გვაქვს ოჯახში.

-ნანა, რამდენი ხანი მუშაობ ნამუშევრებზე და ვინმე თუ გეხმარება?

-დამხმარე არავინ არ მყავს, ყველაფერს ჩემით ვაკეთებ, დროს რაც შეეხება, პროდუქციაზეა დამოკიდებული რას ვაკეთებ, ჩანთები შემიძლია ერთ დღეში დავასრულო. საყურეები, თმის აქსესუარები რამდენიმე დღეში, ხოლო ჟაკეტებს რამდენიმე დღეს ვანდომებ, მასალას კი ყველაფრისთვის მაქსიმალურად უმაღლეს ხარისხს ვიყენებ.

-ვინ არის შენი ნამუშევრების შემფასებელი?

-ნამუშევრებზე, სანამ საზოგადოებამდე გავიტან, ხშირად ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მეგობრებს ვეკითხები აზრს, თუმცა საბოლოოდ, მაინც საზოგადოების შეფასებას ვითვალისწინებ.

-“ნანიკას ხელნაკეთობები” ფასები როგორია?

-ფასებს რაც შეეხება, მიზერული და ხელისაწვდომია. მაქსიმალურად ვცდილობ, ფასები იყოს ქართველ მომხმარებელზე მორგებული და ყველას შეეძლოს სასურველი ნივთის შეძენა.

-როგორც მითხარი, ხატავ კიდეც…

-ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ ხატვაც შემიძლია და მას შემდეგ ჩემი ჰობი გახდა, რაც ძალიან მსიამოვმებს და მამშვიდებს. ძირითადად ვხატავ ტილოზე, აკრილის და ზეთის საღებავებით. განსაკუთრებით მომწონს პეიზაჟების ხატვა.

-ალბათ, სხვადასხვა ღონისძიებაზე შენი ნაკეთობები გამოგაქვს?

-სამწუხაროდ. ჯერ არ გამიტანია არც ერთ ღონისძიებაზე, რადგან ჯერ კიდევ ახალი ვარ ამ სფეროში, რომელშიც გარემო საკმაოდ კონკურენტულია. მინდა რომ ყველაფერი მაღალ დონზე დავხვეწო და შემდეგ გავიტანო უფრო ფართო მასებისთვის.

-ალბათ,ბიზნესის გაფართოებას აპირებ…

-ჩემი დიდი სურვილია ეს ყველაფერი ერთი ბრენდის ქვეშ მოვაქციო, მქონდეს საკუთარი ხაზი და შევქმნა ისეთი გარემო, სადაც ერთ სივრცეში მოხდება ამ ყველაფრის წარმოებაც, გაყიდვაც და ასევე დიდი სურვილი მაქვს მომავალში, სხვებსაც, ახალგაზრდებს და ნებისმიერ მსურველს გავუზიარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება, რადგან ვთვლი, რომ ხელნაკეთი ნივთები ოდითგანვე და დღემდე ძალიან ძვირადღირებულია. კარგი იქნება, თუ მოზარდებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებზე არიან დამოკიდებულნი, შევაყვარებთ ამ საქმეს, რადგან, როგორც ექიმები და ფსიქოლოგე­ბი ადასტურებენ, ნებისმერი სახის ხელსაქმე დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე.
ბიზნესი?! სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი რასაც ჩემით ვქმნი, ჩემთვის ბიზნესზე მეტიცაა, ჩემს სულს და გულს ვაქსოვ ჩემს საქმეში, იმდენად მიყვარს და მსიამოვნებს ეს ყველაფერი. შესაბამისად, მინდა, რომ “ნანიკას ხელნაკეთობები” ჯერ საზოგადოებამ შეიყვაროს და ამის შემდგომ უკვე ვიფიქრებ ბიზნესის გაფართოებაზეც.

ეკა ფარულავა

მოგეწონა? - გააზიარე!:

One Comment

  1. თამარ ადამია

    შესანიშნავია. წარმატებები ახალგაზრდა ხელოვანს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.