ნათელა ჯოლოგუა – ქადარია მეკვლეობაზე და ოჯახურ ტრადიციებზე


  • სტუმრად ვარ გულმზიან ოჯახში, სადაც ძველით ახალ წელს ყოველთვის განსაკუთრებული წესით ხვდებიან და აღნიშნავენ. ჩემი მასპინძლები არიან ქალბატონი ნათელა ჯოლოგუა – ქადარია და მისი ვაჟიშვილი მიხეილ ქადარია.

ნათელა ჯოლოგუა – ქადარია: – დავიბადე გალის რაიონში, სოფელ თაგილონში, პედაგოგის ოჯახში, საშუალო სკოლა დავამთავრე იმავე სოფელში, შემდეგ სწავლა გავაგრძელე ზუგდიდის პოლიტექნიკურ ტექნიკუმში. 1973 წელს შევქმენი ოჯახი ახალსოფლელ დუგლას ქადარიასთან. მას მერე 52 წელია ერთად მოვდივართ ერთმანეთის და ოჯახის სიყვარულით.

ქალბატონო, ნათელა, ძველით ახალი წლის საოჯახო ტრადიციებზე მოგვიყევით. რა საახალწლო კერძი გაქვთ, რომელიც მხოლოდ ამ დღეს, ძველით ახალ წელს გამოგაქვთ სუფრაზე.

– მე თვითონ ვარ ტრადიციული ოჯახიდან და ასევე, მოვხვდი ტრადიციულ ოჯახში და ეს გრძელდება შვილებსა და შვილიშვილებში. ჩვენი, ოჯახური ტრადიცია ყველაფერში აისახება – როგორც ყოველდღიურობაში, ასევე დღესასწაულებში. სადღესასწაულო სუფრებზეც, რა თქმა უნდა. ჩვენი ოჯახის საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია „ლაბანსხმული“, ეგრეთწოდებული „ხალადეცი“, რომელსაც დიდი მონდომებით ვამზადებ.

– რა ძირითადი ინგრედიენტებისგან შედგება თქვენი „ლაბასხმული“?

– ეს არის ძალიან კარგად მოხარშული ღორის ხორცი, რომელიც იკმაზება ნივრით, შავი პილპილით და დაფნით.

– ტრადიციული მეკვლე ჰყავს თქვენს ოჯახს, თუ… სტუმარი, ვინც მოვა პირველი, ახალი წლის დღეს, ის ხდება მეკვლე?

– ტრადიციული მეკვლე არ გვყავს. მაგრამ გვაქვს მეკვლეობის ტრადიცია: ახალი წლის დილას, როგორც ყოველთვის, ვდგები ადრე, ვამზადებ ხონჩას, მეგრულად „ოკუჩხურს“: კვერცხით, ხურდა ფულით, ვაშლით, ღერღილით, ჩურჩხელებით, ტკბილეულით, ზედ ვაფენ სუროს, ასევე, ხელში ვიღებ მორთულ ჩიჩილაკს, ლოცვით შემოვუვლი მთელ ეზოს, სახლს, შევდივარ ოთახებში, სათითაოდ მივდივარ ოჯახის წევრებთან, ვლოცავ, ვუმასპინძლდები ტკბილეულობით… სხვათაშორის, ძალიან კარგად გამომდის ამ რიტუალის შესრულება.

– ქალბატონო, ნათელა, დადგა დრო, გაგვაცნოთ თქვენი ოჯახის წევრები.

– მეუღლეა დუგლას ქადარია, გვყავს ოთხი შვილი: ნანა, მაია, ცირა და მიხეილ ქადარიები. ქალიშვილები ყველა დაქორწინებულები არიან. ბიჭიც დაქორწინებულია. გვყავს ათი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი.

– როგორც მრავალშვილიანი დედა, რას აფასებთ ქალბატონებში, როგორი უნდა იყვნენ დედები?

– ოჯახის მოყვარულები, კარგი შვილების აღმზრდელი, კარგი დიასახლისები და რაც მთავარია, ოჯახის ერთგულები უნდა იყვნენ.

– დედამთილისა და რძლის ურთიერთობაზე რას იტყვით?

-საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს… ჩემს რძალს ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს…

– მაგრამ… ვის შეუძლია თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა?

– არასდროს არ მახსოვს, ვინმეს, წონასწორობიდან გამოვეყვანე.

-ქალბატონო ნათელა, თქვენი გაგებით, რა არის სიყვარული?

– სიყვარული არის ურთიერთნდობა, გაგება და პატივისცემა… სხვაგვარად ურთიერთობა შეუძლებელია.

– ხართ თუ არა ბედნიერი?

– ნამდვილად ბედნიერი ვარ…

მიხეილ ქადარია, ოჯახის ვაჟიშვილი: -1986 წელს დავიბადე. დავამთავრე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი გაყიდვების სფეროში. 2018 წლიდან ვარ ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში ეკონომისტი.

– მიხეილ, ვიცი, აგრძელებ შენი მშობლების ოჯახურ ტრადიციებს…

– რა თქმა უნდა… შვილებსაც ისე ვზრდი. მათ ჩვენი ოჯახის ყველა ადათ – წესი იციან.

– რა არის თქვენთვის ბედნიერება?

– პირველ რიგში, ოჯახური სითბო. ჩემი მეუღლეა ანა ვიბლიანი, ოჯახი 2010 წელს შევქმენით სიყვარულით და ვართ კიდეც ერთმანეთის ურთიერთპატივისმცემელი. ოჯახში უნდა იყოს ურთიერთგაგება, სუბორდინაცია და გენდერული თანასწორობა. მე და ანას გვყავს სამი შვილი: სანდრო, ანდრია და ლილე.

– რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

– პირველ რიგში, მშვიდობას, ღირსეულ და დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრებას.

მასალა მოამზადა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!