ნათია კიზირია ოჯახზე და საოჯახო ბიზნესზე


  • ნათია კიზირიას საცხობს ზუგდიდელები ხშირად სტუმრობენ.  ნათიას გამომცხვარი მეგრული და ფენოვანი ხაჭაპურები, ყველიანი ღვეზელი, ჰამბურგერი, ქადა უკვე პოპულარულია ქალაქში… ნათია წარმოშობით ხობელია, ზუგდიდელს დაუკავშირა ბედი და აქ დამკვიდრდა…

ნათია კიზირია: – “ხობში დავიბადე და გავიზარდე. პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ პროფესია შევიცვალე. მცხობელად ვმუშაობდი შემდეგ გავხსენი ჩემი ბიზნესი და უკვე 7 წელია ვემსახურები ჩემს საყვარელ საქმეს და ხალხს”.

– ამ საცხობში, თქვენ მცხობელიც ხართ და გამყიდველიც… როგორ ახერხებთ?

-ვახერხებ…  არც უკმაყოფილო მყავს ვინმე. ჩემი სამუშაო გრაფიკი იწყება დილით 7 საათზე და მთავრდება საღამოს 8 საათზე. დღის განმავლობაში, ჩემი ოჯახის წევრებიც მეხმარებიან, ზოგჯერ ერთმანეთს ვენაცვლებით… მე ვარ მებრძოლი ადამიანი და სიკეთის კეთების სურვილთან ერთად, ალბათ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება ჩემთვის წარმატების მისაღწევად.  

– როგორ უთავსებთ სამსახურს და ოჯახს ერთად?

 -ეს ჩვენი პატარა საოჯახო ბიზნესია…ყველას ჩვენი საქმე გვაქვს განაწილებული და პასუხს ვაგებთ ამ საქმის ხარისხიანად შესრულებაზე.

– არსებობს ასეთი ფრაზა: „მუდმივი კლიენტი“

– მეც მყავს ასეთები და ისინი, ძირითადად, ბავშვები  და ასაკოვანი ადამიანები არიან. ღიმილი და ტკბილი სიტყვებია ჩვენი შუამავალი. ხშირად ვეკითხები მეორეჯერ დაბრუნებულებს, როგორ მოეწონათ ჩემი ნახელავი – რა აკლდა, რისი დამატებაა საჭირო, რა გავითვალისწინო ცხობისას.

– გარდა ცხობისა, რითი ხართ დაინტერესებული?

 – ჩემი საყვარელი საქმე, ცალსახად, ცხობაა, მაგრამ მომწონს ქსოვა, ჭრა-კერვა… ფანტაზიები არ დამეწუნება… შინაგანად ხელოვანი ვარ.

– …და მთავარი – ქალის ღირსება – ოჯახი...

 – მიყვარს ჩემი ოჯახი. მყავს მოსიყვარულე და თანამოაზრე მეუღლე – ლევან შენგელია. ტყუპი ვაჟები: ლაშა და გიორგი. როგორც გითხარით, ყველაფერში მეხმარებიან, – ეს  საცხობი ხომ ჩვენი პატარა ოჯახური ბიზნესია. მეც, როგორც მეუღლე და დედა, ყველაფერში მათ გვერდით ვარ.

– ყველაზე მნიშვნელოვანი დღე თქვენს ცხოვრებაში?

 – მნიშვნელოვანი დღე ჩემთვის ჩემი ტყუბი ბიჭების დაბადებაა. უბედნიერესი დედა ვარ.

– რა თვისებებს აფასებთ ადამიანში?

-მადლიერებას.

–  ნათია, რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

 – ისე მიყვარს ჩემი ზუგდიდი, ჩემი სამეგრელო, ჩემი ზუგდიდელები, რომ ყველას ვუსურვებ  წარმატებას, ერთმანეთის სიყვარულს და პატივისცემას.

საუბარი ჩაიწერა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fifteen + seventeen =

Akismet ანტისპამი