- მარიკა კორკელიამ, ზუგდიდელმა მხატვარმა, ლუქსემბურგში, თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე – Art3f Luxembourg მიიღო მონაწილეობა. გამოფენა „თეა სილაგაძის გალერეის“ ორგანიზებით გაიმართა, სადაც საქართველოს მასშტაბით 10 მხატვარი მონაწილეობდა.
როგორც მარიკა კორკელია აღნიშნავს, მსგავს პლატფორმაზე მონაწილეობა მისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია:”ჩემთვის დიდი პატივია ლუქსემბურგის Art3f გამოფენაზე მოხვედრა. ეს არის ჩემი ხელოვნების წარმოჩენა და გაზიარება ევროპული საზოგადოებისთვის. ამ გამოფენით მოვხდი ევროპელი მხატვრების მონაცემთა ბაზაში და ეს გზას მიხსნის, მონაწილეობა მივიღო ევროპულ პრესტიჟულ გამოფენებში.”
ღონისძიებას საქართველოს საპატიო კონსული პეტერ სოდერმენი სტუმრობდა.
ინფორმაციისთვის: პრესტიჟულ საერთაშორისო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თაობის ქართველ არტისტთა მრავალფეროვანი ნამუშევრები, რომლებიც აბსტრაქციას, ფიგურატიულ ხელოვნებას, კონცეპტუალურ მიდგომებსა და ექსპრესიულ ფერწერას აერთიანებს. გამოფენის მიზანი უცხოელი მაყურებლისთვის თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების ინდივიდუალური ხმებისა და უნიკალური სტილის გაცნობაა.
