მღვდელი, რომელიც განსხვავებული საჭიროების მრევლთან სასაუბროდ ჟესტურ ენას სწავლობს (+ვიდეო)


  • სოფ დავითიანის (თარგამულის) მთავარაგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ლაზარე (ჯიქია) ზუგდიდის სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირთა კლუბის წევრია და ჟესტურ ენას სწავლობს. მამაო, მეუფე გერასიმეს ლოცვა -კურთხევით, ზუგდიდის რეფერალურ და ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში ავადმყოფების მოსანახულებლად ხშირად დადის და საჯანმრთელო პარაკლისებს იხდის. ჩართულია სოფელ ოირემეში წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძრის მშენებლობაში.

-თქვენს მიერ განვლილი გზის შესახებ გვიამბეთ…

–  ჭაქვინჯიდან ვარ, მაგრამ გავიზარდე ზუგდიდში. დავამთავრე ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლა. პარალელურად ვცეკვავდი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ჩელაში“. გარკვეული წლების განმავლობაში, თბილისში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „დიოსკურიას“ წევრი ვიყავი, ვმუშაობდი მსახიობ-მოცეკვავედ. მოგვიანებით, ჩამოვედი ჩემს ქალაქში. 2010 წლიდან დაიწყო ჩემი სულიერი ცხოვრება. თავიდან, მე და ჩემმა ბავშვობის მეგობარმა პირველი ნაბიჯი გადავდგით სარწმუნოებისკენ-დავიწყეთ ოთხშაბათს და პარასკევს მარხვა, რაც დღემდე დაუვიწყარია. შემდეგ ისევ მეგობრის რჩევით, გავიცანი დღეს უკვე ჩემი მოძღვარი, სულიერი მშობელი, სოფელ რუხის  წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ ფიფია, რომელმაც საკუთარი შვილივით გამზარდა და ღვთისმსახურება შემაყვარა. ჩემი მოძღვრის დამსახურებაა, რომ მე, დღეს, სასულიერო პირი ვარ. მამაომ, 2010 წელს, მაკურთხა სტიქაროსნად. 2016  წლამდე ვმსახურობდი ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში წიგნის მკითხველად (მედავითნედ), სადაც სულიერად გავიზარდე და სითბო დღემდე მომყვება. პარალელურად ვმუშაობდი წალენჯიხაში ანსამბლ „მასქურის“ ქორეოგრაფ-რეპეტიტორად. 2016 წელს, მამაომ, წარმადგინა მეუფესთან დიაკვნად, მეუფემ უწმინდესთან. შემდეგ მოხდა ჩემი ხელდასხმა. დიაკვნობისას, ვმსახურობდი სოფელ რუხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში. 2017 წლის 30 ივლისს მღვდლად მაკურთხეს და მეუფემ წარმადგინა სოფელ დავითიანის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღოლად. მადლობა მეუფეს, ნდობისთვის, რომ ჩამაბარა ტაძარი, მრევლი და სოფელი. სოფელმა თბილად მიმიღო. ისეთი შეგრძება მაქვს თითქოს იქ გავიზარდე და დავიბადე და ვგრძნობ, მათგან დიდ თანადგომას და სიყვარულს.

-თქვენს ტაძარზე მოგვიყევით…

მეუფე გერასიმეს ლოცვა კურთხევით, 2007 წელს, ჩაეყარა ტაძრის მშენებლობას საფუძველი. ტაძარი ააშენა დავითიანის მკვიდრმა (ქტიტორი) ბადრი აბაკელიამ. მინდა სოფლის სახელით, მას მადლობა გადავუხადო მადლიანი და სულგრძელი საქმისთვის. ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახი. ტაძრის მშენებლობაში ჩართული იყო მთელი სოფელი. 2012 წელს ტაძარი იკურთხა. ტაძარში 17 სტიქაროსანი და ქალ მგალობელთა გუნდი გვყავს, ტაძარში ბევრი ადამიანია მონათლული და ბევრი აღმსარებელ-მაზიარებელიც გვყავს. სოფელ დავითიანის ტაძარში მეუფის ლოცვა-კურთხევით, შენდება საკვირაო სკოლა, ჩვენი სტიქაროსნების დაუღალავი, უანგარო, დაუზარელი შრომით და კეთილი ხალხის დახმარებით. პირველ რიგში კი მთავარანგელოზების შეწევნით. სკოლაში, მრევლი შეისწავლის მედავითნეობას, გალობას. წირვის დასრულების შემდეგ კი,  მრევლს ექნება შესაძლებლობა მოძღვართან ისაუბროს სულიერ თემებზე.

-მამაო, თქვენ ჟესტურ ენას სწავლობთ, განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირებთან საკომუნიკაციოდ….

-დიახ. თბილისში, სამების კარიბჭის ღვთისმშობლის შობის ხატის სახელობის ტაძარში ვიმყოფებოდი წირვაზე დეკანოზ გიორგი კალანდიასთან, რომელიც ათი წელია წირვა-ლოცვას ჟესტურ ენაზე აღავლენს. მან მირჩია, ჟესტური ენის შესწავლა. სოფელში ცხოვრობს სმენადაქვეითებული ოჯახი და ამ ფაქტორმაც განაპირობა ჟესტური ენის შესწავლის სურვილი. რამდენიმე თვეა უკვე, მეუფის კურთხევით ზუგდიდის სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირთა კლუბში დავდივარ. ყოველ ორშაბათს ვიკრიბებით. ბენეფიციარებმა, როცა გაიგეს ჩემი იქ მისვლის მიზეზი,  ძალიან გაუხარდათ, თბილად მიმიღეს, ისე, როგორც საკუთარ სახლში. მათთან ძალიან ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ თავს. თვითონაც ხელს მიწყობენ. კეთილები, მგრძნობიარენი და თბილები არიან.  კლუბში გვყავს თარჯიმნები, რომლებიც მეხმარებიან ჟესტის შესწავლაში. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ მთავარია, მიზანი ერთად დავისახეთ და ღვთის შეწევნით ყველაფერი გამოგვივა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო დეკანოზ გიორგი კალანდიას იმ დიდი საქმისთვის, რომელსაც აკეთებს და იმისთვის, რომ მეხმარება ჟესტური ენის სწავლაში.

-სმენადაქვეითებულები თქვენთან ტაძარში დადიან, მამაო?

-დიახ. ხშირად დადიან ჩვენს ტაძარში. საუფლო დღესასწაულებზე და განბანვაზე იყვნენ.  საოცარი ემოცია და განცდა ჰქონდათ.

-მამაო, რომელი თვისებებია აუცილებელი მართმადიდებელი ადამიანის საცხოვნებლად…

-პირველ რიგში,  ადამიანს უფლის რწმენა და ღვთის სიყვარული უნდა ჰქონდეს. იმედი, სასოება არასდროს არ უნდა დაკარგოს. უხვად სიკეთე დათესოს და ამით ადამიანი ღვთის ხატება და მსგავსება ხდება. ეკლესიას ადამიანი  სრულყოფილებისკენ მიჰყვას და ამზადებს მარადისობისთვის. ცხონება უფალთან  მარადისოფაში ყოფნაა.

-მამაო ოჯახზე მოგვიყევით…

–  მყავს მეუღლე და ოთხი შვილი. შუათანა ბართლომე ხუთი წლისაა. სტიქაროსნად ვაკურთხეთ ჩვენს ტაძარში. ოჯახი ეს უფლის საჩუქარია და დიდი სიწმინდე. მადლობა უფალს ჯანმრთელი და ბედნიერი ოჯახისთვის.

-და ბოლოს, მამაო…

-და ბოლოს… სიცოცხლის სიყვარულით მადლიერებას გამოხატავს ადამიანი უფლის მიმართ, ამიტომ ეკლესია თქვენ მუდამ გელოდებათ. მიგიღებთ ისეთს, როგორიც არ უნდა იყოთ. ცხოვრება მშვენიერია, როცა ერთმანეთი გვიყვარს. გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს და მოვეფეროთ ერთმანეთს. დიდი სიყვარულით და პატივისცემით მინდა მოვეფერო ჩვენს ემიგრანტებს და ჩემი მშობლით დავიწყებ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაკურთხოთ. მალე დაბრუნებას გისურვებთ სამშობლოში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. მთავარანგელოზთა დასი გფარავდეთ. ჩვენთან არს ღმერთი.

ეკა ფარულავა

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!