მურად ჭანტურია–ცხოვრება შუადღის შემდეგ


  • ფაქტობრივად, ეს ჩემთვის პირველი ინტერვიუა. ჩემი დღევანელი რესპონდენტი 65 წლის წარმატებული მწერალი, ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე მურად ჭანტურიაა.

სკოლის დამთავრებისთანავე, 1971 წელს, ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის განყოფილებაზე, ერთი წლის შემდეგ – ხელოვნებათმცოდნეობის მეორად ფაკულტეტზეც. ამბობს, ბებიას ყოველთვის უნდოდა, მისი შვილიშვილი ექიმი გამხდარიყო, თუმცა არჩევანი თვითონ გავაკეთეო, პროფესიად ჟურნალისტობა ავირჩიე და ოჯახიდან, წინააღმდეგობის ნაცვლად, მხარდაჭერაც დავიმსახურეო.
თვლის რომ, თავისი ბუნებიდან გამომდინარე მწერალია და თავისი ცხოვრების I ეტაპი დათა თუთაშხიას მსგავსად მუდმივ ძიებასა და აქტიურ ცხოვრებაში გაატარა, ერთი სიტყვით, ნამდვილი ჟურნალისტი იყო. ცხოვრების II ეტაპი პირველისგან განსხვავებული აღმოჩნდა, როგორც ინტერვუში ამბობს, ბევრმა რამემ თავისი ხიბლი დაკარგა, ბევრი რამ მობეზრდა და უფრო ჩაიკეტა თავის თავში, განვლილის გააზრებასთან და მომავალზე ფიქრთან. როგორც ამბობს, ქვეყნის, მხარისა და ქალაქის პრობლემებს საკუთარ “პიროვნულ” ტკივილად აღიქვამს. მის ფეისბუქ გვერდზე ერთგან უწერია: “მე ჩემი ქვეყნის და ქალაქის პრობლემებს საკუთარი სხეულის ტკივილად აღვიქვამ…”
ინტერვიუს ჩასაწერად ბ-მა მურად ჭანტურიამ საკუთარ სახლში მიმასპინძლა… საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა ჩემი რესპოდენტი. მთელი ინტერვიუს განმავლობაში, სახიდან, ღიმილი არ სცილდებოდა და ცდილობდა, არასასიამოვნო დეტალებიც კი, ღიმილით გაეხსენებინა.
– ბატონო მურად, გაეცანით მკითხველს.
– სავიზიტო ბარათში ასე მიწერია: მურად ჭანტურია – მწერალი, ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე.
– თქვენს პიროვნულ თვისებებზე მოგვიყევით… როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?
– რთული შეკითხვაა… გინახავთ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე ცუდს ამბობდეს?! ჩემს კარგ თვისებებზე კი, ალბათ, სხვებმა უნდა ისაუბრონ. სხვათაშორის, ერთ დროს, როცა რედაქტორი ვიყავი, მომიწია საკუთარი თავი დამეხასიათებინა. იყო ასეთი ფორმა: ჯერ კარგ თვისებებზე უნდა დაგვეწერა და თვითკრიტიკით დაგვემთავრებინა. როცა საღი აზრი მოიკოჭლებს და ცხოვრებაში ულოგიკო მოვლენებს ვაწყდებით, უებარი საშუალება და “წამალი” იუმორია. ჰოდა, მეც იუმორს “ამოვეფარე” და თავიდანვე თვითკრიტიკით დავიწყე და ბოლომდეც ისე თვითკრიტიკით გავედი, მთელი კრება ხარხარებდა…
– იუმორმა გამახსენა: რამდენადაც ვიცი, თქვენი პირველი წიგნი იუმორისტული მოთხრობების კრებული იყო.
– კი. 1994 წელს გამოვიდა: “ვინაა ყველაზე ლამაზი?” იუმორიც, ალბათ ისე, როგორც მუსიკალური ნიჭი, პიროვნების თანდაყოლილი ფენომენია, მაგრამ “ოფიციალურ” იუმორისტად სრულიად შემთხვევით ვიქეცი. ადრე, საქართველოში გამოდიოდა “სატირულ-იუმორისტული ჟურნალი “ნიანგი”, რომელსაც წლების განმავლობაში, რედაქტორობდა ისეთი ქართველი მწერალი და იუმორის უბადლო ოსტატი, როგორიც სულმნათი ნოდარ დუმბაძე იყო. ერთხელ, ამ ჟურნალმა გამოაცხადა დახურული კონკურსი იუმორისტულ ლექსზე, ფელეტონზე და იუმორისტულ მოთხრობაზე. ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, სხვათაშორის, „თბილისობის“ იდეის ავტორის, ჩვენი თანაქალაქელის და თქვენი მოგვარის, გვანჯი მანიას ინიციატივით, ამ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა: ბატონმა გვანჯიმ ფელეტონი გააგზავნა, მე – იუმორისტული მოთხრობა. მოხდა ისე, რომ სამი გამარჯვებულიდან ორი ჯვარელები, ბატონი გვანჯი და მე, აღმოვჩნდით! მერე, ბუნებრივია, “ნიანგის” სასურველი ავტორი ვიყავი, გაზეთებშიც შესაბამისი, რუბრიკაც შემოვიღეთ და… ჩემმა იუმორისტული მოთხრობების კრებულმა უფრო ადრე იხილა დღის სინათლე, ვიდრე – “სერიოზული” მოთხრობების წიგნმა.
– გზა ჟურნალისტობამდე… როგორ მოხვდით ამ სფეროში?
– სხვათაშორის, აქაც მთავარი დამნაშავე თქვენი მოგვარეა. სკოლის მოსწავლე ვიყავი, დაახლოებით 6-7 კლასში, როცა ახალკურსდამთავრებული ჟურნალისტები გვანჯი მანია და ზაურ ფიფია ჩამოვიდნენ რაიონულ გაზეთში სამუშაოდ და ისეთი ამბები დაატრიალეს, რომ მათზე, როგორც პრინციპულ, უშიშარ და მოუსყიდველ კორესპონდენტებზე, ლეგენდები დადიოდა… ერთხელაც, ერთ-ერთი ლეგენდა, გვანჯი მანია, სკოლაში მოვიდა და ფოტოგრაფიის წრე ჩამოაყალიბა. უამრავი ბავშვი შეიკრიბა. მამაჩემს ადრეც უნდოდა, შვილებს სურათების გადაღება გვცოდნოდა და ამ ამბავს დიდი მოწონებით შეხვდა. იმ დროს იმპორტულს ვერ იყიდდი და საუკეთესო სამამულო ფოტოაპარატიც გვაჩუქა. ყველას გამოგვიცდია, ალბათ: ფოტოგრაფიამ საოცარი გატაცება იცის და, მოხდა ისე, რომ ეს საქმე კარგად შევისწავლე.
ამის შემდეგ საერთაშორისო მნიშვნელობის პიონერთა ბანაკ “არტეკში” მომიწია დასვენებამ. დაბრუნებულზე, ისევ ბატონი გვანჯის რჩევით, იქ გატარებულ დღეებზე, საინტერესო დღიურების სახით დავწერე მოგონებები. ამ “დღიურებს” და ჩემს მიერ გადაღებულ-დაბეჭდილ შესაბამის ფოტოებს, რაიონულმა გაზეთმა მთელი გვერდი დაუთმო. ეს დამწყები, მე-7 კლასელი “ჟურნალისტისთვის” დიდი მიღწევა იყო… ალბათ, ამ ამბავმა და ზოგიერთმა სხვა ფაქტორმაც, განსაზღვრა ჩემი მომავალი…
– თქვენი აზრით, ჟურნალისტი წარმატებული რომ იყოს თავის სფეროში, მთავარი გასაღები რა არის?
– კარგი შეკითხვაა. ყველაფრის საფუძველი ცოდნაა! რა პროფესიაც უნდა აირჩიო, თუ შესაბამისი ცოდნა არ გაგაჩნია, წარმატებული ვერ გახდები. შესაბამის ცოდნას მერე შესაბამისი გამოცდილებაც მოჰყვება… ბევრი უნდა იკითხო, რომ ცოდნა შეიძინო და შენი პროფესია წარმატებული გახადო. თუმცა, “ბევრ კითხვაში” დაზეპირება-დაზუთხვას არ ვგულისხმობ. სულაც არ არის საჭირო, თავი ათასი რამით გამოიტენო! უნდა ერკვეოდე, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია სად მოძებნო და როგორ მიაგნო! წარმატებული ჟურნალისტის და მწერლის და, საერთოდ, განათლებული საჯარო მოღვაწის სამაგიდო წიგნები უნდა იყოს: ენის ორთოგრაფიული და განმარტებითი ლექსიკონები. ხოლო რამდენი სახის და დარგის ენციკლოპედიური ლექსიკონიც გიდევს წიგნის თაროზე, იმდენად მრავალმხრივი დიაპაზონისა ხარ! ეს ზოგადად! თუ რამდენად დაინტერესდები და ჩაუღრმავდები რომელიმე კონკრეტულ საკითხს, ეს შენს ინტელექტზეა დამოკიდებული.
თანამედროვე ადამიანს, ახალგაზრდებს, ამ კუთხით პრაქტიკულად შეუზღუდავი შესაძლებლობები აქვთ ინტერნეტის სახით. ოღონდ დაინტერესდი და, რა ინფორმაცია გინდა, რომ არ მოიძიო?!

– თქვენს პირველ მწერლურ ნაბიჯებზე რას გვეტყოდით?
–ჩემი პირველი მოთხრობა, რომლის დაბეჭდვა გადავწყვიტე “ცისკარში” მივიტანე. “კაცი და შაშვი”, – ასე ერქვა საკმაოდ ვრცელ ნაწარმოებს. ისე მოეწონათ მოთხრობა, რომ როგორც საინტერესო და პერსპექტიული ახალგაზრდა ავტორი, რედაქტორთან, ბატონ ჯანსულ ჩარკვიანთანაც კი შემიყვანეს და ჩემი თავი გააცნეს… მოკლედ გადაწყვიტეს, დაებეჭდათ და რედაქტორმა შესაბამისი რეზოლუციაც დაადო. მაგრამ, შემდგომ მისვლისას, აღმოჩნდა, რომ პროზის განყოფილების ერთ-ერთ ლიტმუშაკს დასასრული ოდნავ შეეცვალა…
ჩემთვის, როგორც მწერლისთვის, “საინტერესო ამბავი” მთავარი არ არის, ამ ამბავის მიღმა კიდევ რაღაც უნდა იკითხებოდეს, მაშინ არის ეს “ამბავი” ჩემთვის მნიშვნელოვანი. არადა, ლიტმუშაკის მიერ ოდნავ შეცვლილი ჩემი მოთხრობის ფინალით “ამბავი” რჩებოდა, მაგრამ ამ ამბის მიღმა არსებული “რაღაც” იკარგებოდა. ლიტმუშაკს, უშედეგო კამათის შემდეგ, შევთავაზე, “სახლში წავიღებ ტექსტს, ამაღამ კიდევ ვიფიქრებ და ხვალ მოვიტან-მეთქი”. უფრო ფართოდ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ იმდროინდელ ქართულ სინამდვილეში, ალბათ, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა დამწყებმა მწერალმა, ჟურნალის მთავარი რედაქტორის მიერ ვიზადადებული ნაწარმოები სახლში წაიღო წასაკითხად და მრავალი თხოვნის მიუხედავად (განსაკუთრებით “ცისკრის” თანამშრომელი ციალა არდაშელია აქტიურობდა) უკან არ დააბრუნა!
გაიარა ცოტა ხანმა, სტუდენტებმა ჩემი მოთხრობის “ნობათში” გამოქვეყნება მომილოცეს. “ნობათი” “ცისკრის” დამატება იყო, რომელსაც ცნობილი კრიტიკოსი თამაზ წივწივაძე რედაქტორობდა. ეტყობა, “ცისკარში” მაშინ, დაინტერესდნენ და, სხვა მოთხრობებიც მიმატანინეს, რაც მე გაბრაზებულ გუნებაზე დამავიწყდა… სულმნათმა, დიდმა ქართველმა კრიტიკოსმა, ახალგაზრდა, “გაბრაზებულ” ავტორს მოულოდნელი სიურპრიზიც მოუმზადა და მწერლობაშიც გზა ორიგინალურად დაულოცა! ეს იყო “ნობათის” 1977 წლის მეხუთე წიგნი.
– თქვენი საყვარელი მწერალი და წიგნი?
– წიგნი, ალბათ, “ბიბლია”, თავისი ბრძნული აფორიზმებითა და საოცარი იგავური მინიშნებებით… საყვარელი მწერალი? მე ამ კითხვას ასეთნაირად დავსვამდი: მწერალი, რომელმაც ჩემზე, როგორც პიროვნების, ასევე შემოქმედის ჩამოყალიბებაზე ზეგავლენა მოახდინა? აქ ცალსახა პასუხი მაქვს: ყველა მწერალს, ყველა წიგნს, კარგსაც, საშუალოს და ცუდსაც, არცერთს უკვალოდ არ ჩაუვლია, გარკვეული, შესაბამისი, გამოცდილება ყველასგან მივიღე… ცოტა ხნის წინ, ერთი ავტორის კარგად გამოცემული წიგნი წავიკითხე. ძალიან შევწუხდი, რადგან კაცს თავი სერიოზულ მწერლად მიაჩნია! საწინაღმდეგო რეაქციაც მახსოვს: ლიტერატურულ ჟურნალში, თუ არ ვცდები, “ცისკარში”, ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა “იგი” წავიკითხე. ისე გამიტაცა, რომ გონზე დედაჩემის ხმამ მომიყვანა. მეორე ოთახიდან გაოცებული მიყურებდა: “გააფრინეო?!” თურმე, ფეხზე ვიდექი, ტაშს ვუკრავდი და გავყვიროდი: “ბრავი, მაესტრო!” რომ მკითხოთ ახლა, დავუშვათ, ხუთი მწერალი, კიდევ ერთხელ რას წაიკითხავდითო, ყოველგვარი “გაპრანჭვის” გარეშე, დაუფიქრებლად, ვიტყოდი: გურამ დოჩანაშვილის მოთხრობებს, ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებებს, ხულიო კორტასარის “სამხრეთის შარაგზას”, უილიამ ფოლკნერს, ხელზე რაც მომხვდებოდა და გია ხუბუას “მუხათგვერდის სასაფლაოს”.
– ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ცხოვრებაში?
– ჰეე, ჩამჭრელი შეკითხვაა!.. ადრე, რა თქმა უნდა, მშობლები, ახლა, – ოჯახის წევრები და ნამდვილი (!) მეგობრები!
– როგორი მეოჯახეა ბატონი მურად ჭანტურია?
– ჩემი აზრით, ძალიან ცუდი, მაგრამ, ყველაფერი ხომ შედარებითია ამ ქვეყნად და გარშემო რომ მიმოვიხედოთ, ასე, ჰა, საშუალომდე “ვქაჩავ”. სოფელში ცხოვრებას ჯანმრთელობა სჭირდება, სამწუხაროდ, მე კი ამის მხრივ პრობლემები მაქვს… ნათია რომ არ იყოს, ძალიან გამიჭირდებოდა, ნათია არის “მოტორი” სახლის შიგნითაც და გარეთაც.
– როგორია თქვენი ცხოვრება შუა დღის შემდეგ?
– მაინცდამაინც მე რომ ვისურვებდი, ისეთი არა! შეუძლებელია, ოდნავ მაინც საღად მოაზროვნე ადამიანი თავს კარგად გრძნობდეს საზოგადოებაში, რომელსაც უამრავი სოციალური და სხვა სახის პრობლემები აქვს! პირველ რიგში, ეს არის განათლება, რომელიც, ჩემი აზრით, უკან-უკან მიდის. ცალკეული “გამონათებები” საქმეს ვერ შველის! გეგონება, თითქოს საქართველოში წარმატებით მუშაობს ცნობილი დოქტრინა: რაც უფრო გაუნათლებელია და ღარიბი საზოგადოება, მით უფრო ადვილი სამართავია!
– მონასტერში წასვლაზე თუ გიფიქრიათ?
– არა, არასოდეს! შეიძლება, გაგიკვირდეთ მაგრამ გეტყვით, რომ ეკლესიაშიც იშვიათად დავდივარ, ამ დროს კი, ძალიან დიდ მორწმუნედ მიმაჩნია თავი. ეკლესია, სასულიერო პირებიც, ჩვენი საზოგადოების ნაწილია, თავისი დადებითი და, სამწუხაროდ, უარყოფითი მხარეებით…
სამწუხაროდ, ცხოვრებაშიც, ყველაზე დიდ სიხარულს, თან, ამავე დროს, ყველაზე დიდი ტკივილი და იმედგაცრუება ახლდა ხოლმე, პირველად ეს უნივერსიტეტში, “ცოდნის ამ თეთრ ტაძარში”, ჩარიცხვით და მეორედ, მწერალთა კავშირში, “ღმერთკაცთა საუფლოში”, მიღებით განვიცადე…
– რას ფიქრობთ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობაზე?
– საქართველო, ჩვენდა სამწუხაროდ, დიდი ხანი ვერ წავა წინ! რატომ? ამის შესახებ სულმნათი ჯემალ ქარჩხაძე შესანიშნავად წერს: “…ერთი წუთით პატარა რელიგიური სასწაული წარმოვიდგინოთ: ღვთისმშობელმა “თავისი” ქვეყნის ხილვა მოისურვა. რას ნახავს? ნახავს მონობის სენით შეპყრობილ კერპთაყვანისმცემლებს, რომელთაც თავისუფლება ბატონის გამოცვლა ჰგონიათ; ნახავს მდიდარ ფარისევლებს, რომლებიც საჩვენებელად გამოყენებით ქველმოქმედებას ეწევიან იმ დროს, როდესაც მათ გვერდით, ნამდვილი ადამიანები, ნამდვილი სიკვდილით, ნამდვილად იხოცებიან; ნახავს სიხარბისგან სახედაკარგულ კაცუნებს, რომლებისთვისაც სიხარბე უკვე იმ ზომის იდეალისტური თვითმიზანია – რომ შეეძლოთ ორ-ორ საფლავში ჩაწვებიან; ნახავს ცრუ ადამიანებს, რომლებიც რელიგიურობანას თამაშობენ და, რაკი რწმენის ორგანო ატროფირებული აქვთ, რწმენაც აღებ-მიცემობის საგნად უქცევიათ, როგორც ფართალი, როგორც სპილენძი, როგორც სინდისი, როგორც პოლიტიკა, როგორც მოყვასის ბედი. წმინდა ღვთისმშობელი ასეთ ქვეყანაზე, გარწმუნებთ, უარს იტყვის. ლეგენდაც დამთავრდება და სიმბოლოც”.
სამწუხაროდ, აი, ასეა საქმე!
– რას ფიქრობთ დღევანდელ მედიაზე და როგორია თქვენი ხედვები ჟურნალისტიკასთან დაკავშირებით?
– ჩვენი მედიაც და ჟურნალისტებიც ხომ საზოგადოების შემადგენელი ნაწილნი არიან! ამით, მე მგონი, ყველაფერი ვთქვი! ისე კი, როცა ქართველ “ტელეჟურნალისტებს” დღემდე ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან მშვენიერი ქართული სიტყვები: “მცხოვრები” (ვინც ცხოვრობს) და “მაცხოვრებელი” (ვინც აცხოვრებს, გვაცხოვრებს), იქ რაზეა საუბარი?!..
– და ბოლოს, რა რჩევას მომცემდით მე როგორც დამწყებ ჟურნალისტს?
– თუ აპირებ ამ პროფესიას გაჰყვე და ჟურნალისტი გახდე, რაც შეიძლება მეტი უნდა იკითხო, არა მარტო წიგნები, არამედ გაზეთებიც… თუ ჟურნალისტს კითხვა არ გიყვარს, მაშინ გირჩევ, დაფიქრდე და კარგად გაიაზრო, გინდა თუ არა მომავალში ჟურნალისტობა. და კიდევ, აუცილებლად უნდა გადაამოწმო მოპოვებული ინფორმაცია. ზოგიერთმა ვითომ ჟურნალისტმა (ზუგდიდელმაც) დღესაც არ იცის, ჯვარი სოფელია, დაბაა თუ ქალაქი (?!)… “ვიკიპედიაში” შესვლას და ნახვას მაინც რა უნდა?!
– მადლობა, რომ ინტერვიუზე დამთანხმდით, არ დაიღალეთ და ამომწურავად მიპასუხეთ შეკითხვებზე.
თამარ მანია,
სპეციალურად “ზუგდიდელებისთვის”.

 

 

 

მურად ჭანტურია

ნაია

– ყოველთვის არის რაღაც ამის მსგავსი,
– თქვა ქალმა, – ყოველთვის არის რაღაც,
რაც უნდა იყოს.
ე. ჰემინგუეი,
„ვის უხმობს ზარი“

გოგოს, უბრალოდ, ესენინი უყვარდა ძლიერ და ნაია ერქვა სახელად.
იგი ბიჭის მიერ დაქირავებული ბინის გვერდით, იმავე სართულზე, დეიდასთან ცხოვრობდა.
ბიჭმა ის, ცოტა არ იყოს, უცნაურად გაიცნო.
როდესაც ბინის პატრონთან, გაუგებარი ეროვნების ხანდაზმულ კაცთან ერთად ოთახი დაათვალიერა და მან, საკმაოდ კეთილი იერის მიუხედავად, მშრალად მოჭრა ბინის ქირის ფასი, ბიჭი შეეცადა, ყოველ შემთხვევისათვის მაინც, შევაჭრებოდა. კაცმა პასუხად ჩაიცინა, მერე მოპირდაპირე კარისკენ გააქნია თავი და ბიჭს თვალი ჩაუპაჭუნა:
– ეე, ჩემო კარგო, ეს ფასი მარტო ამისთანა გოგოსთან მეზობლად ცხოვრება ღირს!
ბიჭს ბინის პატრონის ამ ხუმრობისათვის მაშინ რაიმე განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია და, შეიძლება ითქვას, მეორე წამს უკვე არც ახსოვდა, მაგრამ, როცა ერთ საღამოს სამსახურიდან მობრუნებულმა სადარბაზოში ლიფტის მოლოდინში მდგარი გოგო დაინახა, უნებურად გაეღიმა და გაიფიქრა: “ეს ხომ არ არის ის, ვისი მეზობლობის გულისთვისაც ცხრა პირ ტყავს მაძრობენ?”
გოგომ, როგორც ჩანს, ეს ღიმილი გაცნობის ჟესტად მიიღო თავადაც გაუღიმა:
– თქვენ ხართ ჩვენი ახალი მეზობელი?
კაცმა რომ თქვას, მიუწვდომელი ჩანდა თავიდანვეო, არ იქნება მართალი. არც ისეთი ლამაზი იყო, რომ დაინახავ და გაიფიქრებ: მაგის გულისთვის ღირს, ალბათ, თავზე ხელის აღებაო! მაგრამ მის სილამაზეს ახლდა რაღაც უცნაური, ჩაუწვდომელი და, თუ გნებავთ – მიმზიდველიც, თუნდაც ის, რომ ერთი შეხედვით, შესაძლოა, ვერც გაგერკვია, ლამაზი იყო თუ არა…
“არა, შეუძლებელია, ლამაზი არ იყოს!” – ყოველი შეხვედრისას რატომღაც ეს, ცოტა არ იყოს, უცნაური აზრი, აეკვიატებოდა ხოლმე ბიჭს, რომელსაც გოგოსთან ურთიერთობისას (ჩვეულებრივ, მეზობლურ, ყოველდღიურ ურთიერთობისას) ეჩვენებოდა, რომ ორ ნაწილად იშლებოდა მისი შინაგანი სამყარო: ერთი გოგოსკენ მიილტვოდა, მიისწრაფოდა, მეორე კი აიძულებდა, ირონიულად მოჰკიდებოდა ამ ამბავს. ზოგჯერ გაიფიქრებდა: “ეს უკანასკნელი შიში ხომ არა არისო, პატივმოყვარეობის გრძნობიდან გამომდინარე”, მაგრამ საბოლოოდ მაინც უარყოფდა ამ აზრს. ჯერ ერთი, ბიჭი იმდენად გონიერი კი იყო, რომ იცოდა, თავის თავს ვერაფერს დაუმალავდა; მეორეც, იგი იმ მიზნიდან და იმ ასაკიდანაც კი, ასე თუ ისე, შორს იყო როცა მსგავს შემთხვევაში პასუხისმგებლობის თავისთავზე აღებას გაურბიან ხოლმე და “ვაჟკაცობის” თუ “ძველბიჭობის” თამაშით ცდილობენ ინიციატივა თავად არ მიეწეროთ.
“არა შეუძლებელია, არ იყოს ლამაზიო!” – მარტო სიტუაციიდან გამომდინარე ახირებული გაფიქრება კი არა, ერთგვარად, ის თოკიც იყო, უნებურად ბრმასავით რომ ჩაეჭიდა ბიჭს ხელი. თოკი, თითქოსდა, ყოველი გაფიქრებისას მოკლდებოდა, მაგრამ მერე, როცა „ზრდილობის ვიზიტად“ (როგორც ირონიულად გაიფიქრებდა) შესული ბიჭი გამოდიოდა გოგოს ბინიდან, ან, როცა “საჭორაოდ” (როგორც გოგო იტყოდა ღიმილით) შემოსული გოგო გადიოდა ბიჭის ოთახიდან, ირკვეოდა, რომ, თურმე, ისევ და ისევ იმავე სიგრძისა დარჩენილიყო, ადრე რომ იყო.
სხვა დროს და სხვაგან ისინი თითქმის არ ხვდებოდნენ ერთმანეთს: გოგო ლექციებზე დადიოდა, ბიჭი მუშაობდა. კვირა დღეს ბიჭი სახლიდან დილიდანვე გარბოდა მეგობრებთან, ან თავად ისინი მოადგებოდნენ ხოლმე მანქანით… მაგრამ, ბიჭს ეჩვენებოდა, რომ ეს მომქანცველი, ხშირად – უმიზნო, ხეტიალი მანქანით, კარტის, ნარდის, ჭადრაკის თამაში, კამათი ათასგვარ საკითხზე თუ სახელდახელოდ გაჩაღებული ქეიფი, რომლითაც არცთუ იშვიათადმთავრდებოდა დღე, სულ უფრო და უფრო ერთგვარი საბაბის სახეს ღებულობდა. უბრალოდ, აუტანელი ხდებოდა ოთახში მარტო ყოფნა მაშინ, როცა იცოდი, თუმცა, იცოდი კი არა – გრძნობდი, რომ მეზობელ ოთახში “ის” იმყოფებოდა!
ზოგჯერ მცირედი გაფაჩუნებაც კი აკრთობდა, ნერვებს უწეწავდა და სუნთქვაშეკრული თავისდაუნებურად მიაყურადებდა. წამის შემდეგ თავადვე აბრაზებდა მისი ეს უნებური ქცევა და ცდილობდა, ისე თავისუფლად მოქცეულიყო, თითქოს არაფერი „ეს“ არ აინტერესებდა და თითქოს, საერთოდ, არაფერიც მომხდარიყო.
კაცმა რომ თქვას, სინამვილეში არც არაფერი მომხდარა, მაგრამ რად სჭირდებოდა ამ აქსიომის დამტკიცება, ანდა მისი ასეთნაირად წარმოდგენა, ვერ აეხსნა ვერაფრით.
სიყვარული არ ერქვა ამას, ხატზე დაიფიცებდა. აბა, რა იყო ის უცნაური ძალა, მათ შორის რომ ჩამდგარიყო. თითქოსდა, არც ახლოს უშვებდა ერთმანეთთან, არც აშორიშორებდა?!
ერთი-ორჯერ კინოში, თუ თეატრში წასვლა შესთავაზა, თუმცა, სიმართლე რო ითქვას, მაინცდამაინც არც უნდოდა მასთან ერთად სადმე წასვლა. ისე გამოდიოდა, თითქოს ზრდილობის გულისთვის აკეთებდა ამას. გოგომ, თითქოს მიხვდა, ცალყბად რომ ეპატიჟებოდნენ, რაღაც საქმეები მოიმიზეზა… ბიჭს ეს არც წყენია და არც გახარებია. იგრძნო კი, რომ, ოდნავ რომ დაეტანებინა ძალა, სუულ ოდნავ, გოგო გამოჰყვებოდა, მაგრამ არ გააკეთა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მთავარი იყო, დაეპატიჟნა და მისთვის გაუგებარი, ქვეცნობიერი რაღაც ვალი მოეხადა ამით, თორემ წამოვიდოდა გოგო თუ არა, არ ჰქონდა მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა.
ერთ საღამოს ბიჭი ქუჩაში შემთხვევით გაცნობილ ქალს შემოუძღვა ოთახში. თუმცა, სიტყვა „შემთხვევით“ მთლად ზუსტად ვერ გამოხატავს საქმის ვითარებას. ბიჭს წინდაწინ ჰქონდა ყველაფერი ნაფიქრ-გაანგარიშებული. თავს ნება მისცა, ამ შემთხვევისათვის შამპანური და კონიაკი ეყიდა (სხვა დროს არყითა და ლუდითაც იოლად გადიოდა). ქალის სურვილისამებრ, შამპანური გახსნა და თან მაგნიტოფონზე მეგობრისაგან ნათხოვარი (ისიც – ამ შემთხვევისათვის) კასეტა დაატრიალა.
ქალი რამდენიმე დღე დადიოდა. ამ ხნის განმავლობაში ბიჭს თითქოს მართლაც არ გახსენებია “კედელს მიღმა არსებული გოგო”. არც რამე ჩამი-ჩუმი ისმოდა „იქიდან“. რომც გაფაჩუნებულიყო “იქით” რამე, ამ ოთახში მაინც ვერ შემოაღწევდა ხმა. აქ მაგნიტოფონის ნათხოვარი კასეტა ტრიალებდა და დინამიკებიდან გადმოღვრილი ჰარმონია ისე სრულყოფილად ავსებდა პატარა ოთახის ინტერიერს, რომ დანარჩენი ყოველივე ზედმეტი ჩანდა. ქალის უზადო ქალური სრულყოფილება საოცარი, თითქმის დამმონებელი ძალით აოკებდა იმ შინაგან ფორიაქს, ამ ბლო დროს, უფრო ზუსტად, ამ ბინაში გადმოსვლის შემდეგ, რომ დაუფლებოდა. ეს დღეები საოცარ, თითქმის – სიხარულისმომგვრელ, სრულყოფილებას გრძნობდა და ოდნავადაც არ გასჩენია სურვილი, შეეღო მეზობელი ბინის კარები, ანდა, როგორც ადრე თავისდაუნებურად მოლოდინით დამუხტულს, ერთხელაც არ უფიქრია: ნეტავ, რამე დასჭირდებოდეს, რომ შემოვიდესო!
მთავარი მიზეზი იყო, თორემ შემოსვლის, ან შესვლის, შემდეგ დროის მდინარებას არსი ეცლებოდა და, ვინ იცის, რაზე საუბრით ერთმანეთზე მიმართულებს – სწორედ ასეთი განცდა ეუფლებოდა ბიჭს: ერთმანეთზე მიმართულებს – შეუმჩნევლად დაათენდებოდათ, იმ გოგოს დეიდის ფრთხილი მოკაკუნება რომ არა კარზე. კარი, ცხადია, არასდროს იყო ჩაკეტილი, მაგრამ დეიდას იმდენი თავმოყვარეობაც გააჩნდა, კაცმა რომ თქვას, და იმდენი პატივისცემაც, თუ გნებავთ – ხათრიც, ბიჭის მიმართ, ერთხელაც არ დადგომია საჭიროება, ეფიქრა: “კარს ჩუმად შევაღებ, დავადგები, ერთი, თავზეო!” ის კი არა, ცოდვა გამხელილი სჯობს და, იგი უფრო კმაყოფილი დარჩებოდა, ასეთი საჭიროება რომ გაჩენილიყო. ბიჭი მისთვის ათასჯერ უფრო იდუმალებით იყო მოსილი, ვიდრე – გოგო ბიჭისთვის. ამ “იდუმალებაში” იგი გულისხმობდა, თუ გრძნობდა, ბიჭის დიდებულ მომავალს, თუმცა, უბრალოდ, ზოგადი წარმოდგენა არ ჰქონდა, რა იგულისხმებოდა ამაში.
ისე კი, მოლოდინი ამჯერადაც არსებობდა, უფრო მძაფრიც – თუ გნებავთ, ოღონდ, ეს მოლოდინი სულ სხვა განწყობას ბადებდა ბიჭში.უფრო კონკრეტულიც იყო, კაცმა რომ თქვას, მისი გააზრებაც კი შეიძლებოდა: რა მოხდებოდა და როგორ მოხდებოდა. მერე, როცა ამ ამბავს იხსენებდა, ფიქრობდა, რომ ამ მოლოდინით, სასიამოვნო განცდად რომ ჰქონდა ჩასახლებული სხეულში, ანგარიშს უსწორებდა იმ მოლოდინს, მანამდე რომ იპყრობდა მას, სანამ „შემთხვევით“ გაცნობილ ქალს ამოიყვანდა ბინაში, და რომელიც მუდამ გაურკვეველ განცდად ეუფლებოდა, უსიამოვნო შინაგან ფორიაქს იწვევდა მასში.ანგარიშს უსწორებდა იმ უცნაურ, დაძაბულ ურთიერთდამოკიდებულებასაც, მეზობელ გოგოსთან მიმართებაში რომ გაჩენილიყო ისე, რომ, თითქოსდა, არავითარ აუცილებლობას წარმოადგენდა რამე განსაკუთრებული გრძნობის აღძვრა, არამედ საკმარისი იყო მეზობელ ბინაში გადასახლებულიყავი (ან თუნდაც, ის გადმოსახლებულიყო) და მერე, რამე სამუშაოთი ან ფიქრში გართულს, რაღაც დისონანსად შემოგჭროდა განწყობაში მეზობელი ოთახიდან შემოღწეული ფაჩუნი.
ჰოდა, მაშინ, როცა ბიჭს ეგონა, მე რომ მივხვდი, ეგრე ყოფილა ყველაფერიო, მაშინ მოხდა, ისეთი რამ, რამაც საგონებელში ჩააგდო ისევ, ჩააგდო და თან ისეთი საფიქრალი, გამოცანა, გაუჩინა, რომლის ახსნა შეუძლებელი ჩანდა.
„ყველაფერში“ ბიჭი იმ უცნაურ დამოკიდებულებას გულისხმობდა, გოგოსთან მიმართებაში რომ ჩნდებოდა. „მაშინ მომხდარ ამბავში“ კი – იმას, რომ ერთ საღამოს გაზეთების (იმ ბინაში ადრე მცხოვრებს რომ გამოეწერა) ამოსატანად ძირს მიმავალი ბიჭი კიბეებზე ნაიას შეეფეთა. შეეფეთა და, რაღაცნაირი მოულოდნელობისაგან დაბნეულს, გასაღები გაუვარდა ხელიდან. გასაღები ფილაქანზე დაეცა და ისეთი უსიამოვნო ჭახანი გაიღო, ისე უსიამოვნოდ გაიჟღრიალა, თან ამ ხმამ ისეთნაირად გააპო თითქოსდა ამ წამისთვის საგანგებოდ გარინდული და მიყუჩებული სივრცე, თითქოს რამე განსაკუთრებული, უძვირფასესი და უნატიფესი, რელიკვია დამსხვრეულიყოს.
სახეზე უნებურად ალმურმა აჰკრა.
ჯერ გაოცდა ამის გამო, ხოლო შემდგომ, რაც უფრო ცდილობდა გაეღიმა და „ძველებურად“ გახუმრებოდა, მით უფრო არ გამოსდიოდა. ყოველ შემთხვევაში – თავად ასე ეგონა.
სახეზე კი, სულ უფრო და უფრო ეძალებოდა სიწითლე. „კიდევ კარგი“ (ასე ფიქრომდა მერე) გამოძახებული ლიფტი მალე ამოვიდა და გუნებამოშხამული შიგ „შეიმალა“.
როცა ლიფტი დაიძრა, ბიჭი კარებს მიეყუდა, თვალები დახუჭა და ატკიებული შუბლი მოისრისა.
„რაღაც არ გამოდის?!“ – თითქოს გარედან მოვიდა ეს აზრი და საფეთქლებთან, სწორედ იმ ადგილას, სადაც ბიჭმა თითები მიიჭირა,დაუპატიჟებელი, უსიამოვნო სტუმარივით ჩასახლდა. ამ თითებითვე გრძნობდა, როგორ აჩქარებით და დაძაბულად ფეთქავდა თვალის უპეებთან ახლოს ზომაზე მეტად ამობურცული სისხლძარღვები.
თავბრუდახვეულ და „შინაგან წონასწორობადაკარგულ“ (როგორც თვითონ ფიქრობდა) ბიჭს რამდენიმე წამით ისიც კი დაავიწყდა, რისთვის ჩადიოდა ძირს და, როცა მოულოდნელად ლიფტი გაიჭედა, არც კი უფიქრია, ხელი დაეჭირა საგანგებო ღილაკისთვის…
“რაღაც არ გამოდის?! რაღაც არ გამოდის?!” – მაშინაც იმეორებდა გონებაში, როცა ოთახში შემობრუნდა და დივანზე გაიშხლართა. – “რაღაც არ გამოდის?!” – იმეორებდა და, თან რატომღაც (იმ მომენტში თითქოს სარკეში ჩაეხედოს) თავისი ის, ღიმილისაგან დაღმეჭილი, სახე დაუდგა თვალწინ, რომელიც რაღაც “ჩაუწვდომელ ძალას” უხეიროდ ჩამოექანდაკებინა, გაექვავებინა მაშინ, როცა გოგოს წინ იდგა და “სიტუაციისგან თავის დასახსნელად” სახუმარო სიტყვებს იგონებდა.
– რა მოხდა?! – ჰკითხა ქალმა. ის დერეფანში გამავალ კარში წითელი ხილაბანდით თავწაკრული იდგა და საპნიანი, იდაყვამდე ქაფმოდებული ხელები წინსაფარზე გადაეჯვარედინებინა.
ბიჭმა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა.
– რა უნდა მომხდარიყო? – გაეპასუხა, – უბრალოდ, კიბე ფეხით ამოვირბინე! – და სასწრაფოდ დაუმატა: – მთელი დღე ოთახში ყოფნა აყეყეჩებს კაცს!
უცბად იგრძნო, რომ ფრაზამ – “კიბე ფეხით ამოვირბინე”, რომელიც უნებურად მოადგა ბაგეზე (“წყალწაღებული ხავს რომ ჩაეჭიდება, ისე!”), შინაგანი წონასწორობა დაუბრუნა მას და გაოცებულმა გაიფიქრა: “იქნებ, ეს ამბავი (გოგოსთან უცნაურ ურთიერთდამოკიდებულებას გულისხმობდა) ჩემსა და ნაიას შორის კი არა, ჩემსა (ლამის გაიფიქრა – “ჩვენსა”) და ვიღაც მესამეს შორის ხდება, რომელიც ისე “უთვალთვალებს” ჩვენს ურთიერთობას, როგორც, ვთქვათ, სინდისი – ჩვენს მოქმედებას?! ჰოო?! იქნებ, პიესა უკვე დაწერილია და ჩვენ როლები გვერგო მხოლოდ?!”
ეს უკვე აღმოჩენას ჰგავდა, ცხადია – გარკვეული თვალსაზრისით. ბიჭს შესამჩნევად გამოუკეთდა გუნება. “როცა ფიქრში ირონია გაგერევა ხოლმე, დარდი გიმსუბუქდება. ეს ისე ხდება, როგორც, ვთქვათ, ქანცგაცლილი მოჭიდავე ქვეშ რომ მოიგდებს (როგორც იქნა!) მოწინააღმდეგეს და შებოჭავს”.
გამთენიისას, როცა ქალი წასასვლელად მოემზადა და მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ იკითხა, ხვალ მოვიდე თუ არაო, ბიჭს არ გაჰკვირვებია, მიუხედავად იმისა, რომ მას ადრე არასოდეს უკითხავს ეს (ბიჭი პირაღმა იწვა და თვალის გახელაც კი საშინლად ეზარებოდა). პირიქით: გაუცნობიერებელი შვება მოჰგვარა. მოეჩვენა, რომ ქალის ნათქვამი მას რაღაც ვალდებულებისაგან თუ, ეშმაკმა იცის, რისგან ათავისუფლებდა, ოღონდ – ისეთი რამისგან, რომლისგანაც ერთბაშად კი არ უნდა განთავისუფლებულიყავი, არამედ ნელ-ნელა, ისე – როგორც შემხმარ სისხლის ქერქს მოიცილებს კაცი ჯერ კიდევ მტკივნეულ ჭრილობაზე, რომელიც თითქმის არაფრის გამო გაგჩენოდა და მით უფრო უაზრობად აღიქვამდი, განიცდიდი.
– მე თვითონ დაგირეკავ! – გაეპასუხა ბიჭი ისე, რომ არც გატოკებულა, ოღონდ ეს იყო ცოტა ძალდატანება მოუხდა თავისთავისათვის, რათა ბაგეები აემოძრავებინა. ისე კი, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, არც გაპასუხებოდა, მაგრამ სადღაც სულის (თუ სხეულის) სიღრმეში გაიფაჩუნა ეჭვმა: ისევ პირუკუ არ შემოტრიალდესო ის ამბავი, გაუცნობიერებლად რომ აღიქვამდა ბიჭი და რომელიც „რაღაც ვალდებებულებისაგან თუ, ეშმაკმა იცის, რისგან ათავისუფლებდა“. ოღონდ, ამაში არ იგულისხმებოდა ის, რისთვისაც ამოიყვანა ბიჭმა ქალი და რისთვისაც დადიოდა თვითონ ქალი ყოველ მომდევნო საღამოს, არამედ – ის, ამ ამბის გამო, უფრო სწორად: ამ სიახლოვის გამო და, ერთი შეხედვით, ამ სიახლოვის ხასიათისათვის სრულიად შეუფერებლად, მაინც რომ გაჩენილიყო.
მერე ნახევრად მძინარეს ესმოდა, როგორ მიბაკუნდა ქალი კარებამდე… ამ დროს ბიჭი მხოლოდ ერთი სურვილით იყო გამსჭვალული: როგორც კი გაიხურავდა ქალი კარებს, „ერთი ლაზათიანად“ წაეძინა. ამჯერად ისე ჩანდა, თითქოს ამ სურვილს, რომელიც ყველა სურვილზე უფრო გასურვილებულიყო, ერთადერთი წინაღობა ჰქონდა ქალის ფეხსაცმლის ქუსლებიდან ასხლეტილი ხმის სახით და სმენაგაღიზიანებული იმ ბოლო ხმას, კარის მიხურვას რომ უნდა გამოეწვია, ქვეშეცნეული დაძაბვით ელოდა, თან იმ სიმშვიდეზე ფიქრობდა, რომელიც სიჩუმესა და ძილს მოჰყვებოდა.
მაგრამ ყველაფერი, ბიჭის გასაოცრად, ამჯერადაც სულ სხვანაირად მოხდა და არა ისე, როგორც ფიქრობდა და მოელოდა. “წკაპ!” – ოდნავ გაიწკაპუნა კარმა, მაგრამ ამ დილის მდუმარებაში საკმარისი იყო, კაცს მოსჩვენებოდა: “გატეხა, ამ შობელძაღლმა, კარებიო!..” თუმცა, “დილის მდუმარებაში” კი არა, – მდუმარებაში, რომელიც კარის მიკეტვისას კარის მიკეტვის ხმასთან ერთდროულად რომ გაჩენილიყო, ზუსტად ერთდროულად – დროის უსასრულო მდინარების იმ წერტილში, რომელიც თანაბრად ეკუთვნოდა დასასრულსაც და დასაწყისსაც.
ბიჭს მართლაც მოეჩვენა, რომ რაღაც გატყდა და ამ შეგრძნების გამო ინსტინქტურად (ისე, თითქოს ვინმეს წყალი შეეშხეფებინოს) წამოიწია. მარცხენა ხელის მტევნის ზურგით ქუთუთოები მოისრისა და შეეცადა, თვალი შეეჩვია იმისთვის, რისთვისაც ამ გამთენიის ჟამსთანაბრად შეიძლებოდა “სინათლეც” გვეწოდებინა და “სიბნელეც”.
ქუთუთოები ისევ ისე ჰქონდა დამძიმებული, როგორც მაშინ, როცა გოგომ ჰკითხა: ხვალ მოვიდე თუ არაო, მაგრამ მისი ყოველი ცდა, დაეძინა, ამაო იყო. უცბად საათის ტიკტიკი მისწვდა მის სმენას და მოეჩვენა, რომ ამ ხმამ ის ადგილი “მასში”, ამ ხმის გაგონებასთან ერთად აღქმული სიცარიელე რომ დაპატრონებოდა. მაგრამ, ამავე დროს, ინტუიციით ხვდებოდა, რომ ეს ხმა არ იყო “მთავარი”, არამედ – ის, რის გამოც საათის ეს უმნიშვნელო, სხვა დროს სრულიად შეუმჩნეველიც კი, ხმაური დაპატრონებოდა სივრცეს, გარემოს, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ამ სიტუაციაში, ამ ოთხ კედელს შუა. ეს უცნაურად აფორიაქებდა ბიჭს და საწოლზე წამომჯდარმა და ამ უცნაურ ფორიაქს ყურმიგდებულმა, თავისდაუნებურად ასე გაიფიქრა: „ასეთი განწყობა ალბათ იმის შემდეგ თუ ექნება პაპანაქება დღეს უცხო ქალაქში ჩასულ კაცს, როცა ზღვიდან ამოვა და დაინახავს, რომ მისი ტანსაცმელი მოუპარავთ!..“
ბალიშს ჯერ კიდევ აჩნდა ქალის თავნადები. ხოლო სადარბაზოში გამავალი კარის ჭუჭრუტანაში გარეთ ჩამოკიდებული ნათურის შუქი ვარდისფერი წერტილივით ჩანდა. გვერდითა კედლის ისედაც ფერგახუნებული ზედაპირი კი, ამ სიბნელეში (თუ სინათლეზე) ბინდისფრად გამოიყურებოდა და თითქოს, სადღაც გამქრალიყო დროჟამისაგან ზედ გაჩენილი მტვრის ლაქები, რომლებიც ათასნაირი, უცნაური ზღაპრული ფიგურების იმიტაციებს ქმნიდა… ჯერ ადრე იყო და არსაიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!