პროექტ „წიგნი ყველა სოფელს“ ფარგლებში მოსიარულე ბიბლიოთეკა გუშინ ზუგდიდს ეწვია. ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორის მანანა გვარამიას თქმით, ამ პროექტის წყალობით, ზუგდიდს 122 წიგნი შეემატა, ხოლო ამ დღეებში წიგნები რუხისა და ყულიშკარის სასოფლო ბიბლიოთეკებსაც გადაეცემათ…
„რუხი იმიტომ შევარჩიეთ, რომ საზღვართან ახლოს მდებარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები არიან ამ პროექტის ინიციატორები. ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა ბიბლიოთეკებისთვის, წიგნიერებისთვის“, – აღნიშნა მანანა გვარამიამ. ბიბლიოთეკის სხვა თანამშრომლები კი ამბობენ, რომ ეს პროექტი ძალიან შედეგიანი იქნება იმ ბიბლიოთეკებისთვის, რომელთაც ძალიან უჭირთ და მეტი წიგნი სჭირდებათ…
შეგახსენებთ, რომ ეს პროექტი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს სოფლებისა და ქალაქების ბიბლიოთეკების წიგნებით მომარაგებას.