მნიშვნელოვანი წიგნი კარდიოქირურგიაში ჩვენი თანამემამულის თანაავტორობით

  • 12 ნოემბერს, მოსკოვში, შედგა წიგნის “აორტისა და ფილტვის არტერიის მარჯვენა პარკუჭიდან გასვლა” პრეზენტაცია. წიგნის ავტორი კარდიოქირურგ, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ, ა.ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ცენტრის გულის თანდაყოლილ მანკთა გადაუდებელი ქირურგიის განყოფილების გამგესთან კონსტანტინე ვალენტინის ძე შატალოვთან ერთად, გახლავთ ზუგდიდელი კონსტანტინე ჯიჯიხია,-კარდიოქირურგი, სამედიცინო მეცნიერებათა კანდიდატი, ა.ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ეროვნულ სამედიცინო კვლევითი ცენტრის გულის თანდაყოლილი ნაკლოვანებათა გადაუდებელი ქირურგიის განყოფილების თანამშრომელი და 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 10-ზე მეტი გამოგონების ავტორი.

“ზუგდიდელებთან” ჩვენი თანამემამულე კონსტანტინე ჯიჯიხია საუბრობს:

-გულის თანდაყოლილი მანკი, რომელსაც ეწოდება “აორტისა და ფილტვის არტერიის გასვლა მარჯვენა პარკუჭიდან” წარმოადგენს ბავშვთა გულის მანკებს შორის, ანატომიური კუთხით, ყველაზე რთულ მანკს. ასეთი პაციენტები, თითქმის ნახევარი, ოპერაციის გარეშე, სიცოცხლის პირველსავე წელს კვდებიან. ამ დიაგნოზის მქონე ავადმყოფთა მკურნალობის პრობლემა განპირობებულია მანკის კორექციისთვის აუცილებელი ოპერაციის ქირურგიული სირთულით.

წიგნის თანაავტორები კონსტანტინ შატალოვი და კონსტანტინე ჯიჯიხია

დღესდღესობით, მთელი ინფორმაცია, რომელიც ეხება აორტისა და ფილტვის არტერიის მარჯვენა პარკუჭიდან გასვლის ანატომიას, დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობას, განთავსებულია ცალკეულ სტატიებსა და წიგნების თავებში. აქედან გამომდინარე, ამ თემაზე-გულის თანდაყოლილ მანკთა შესახებ, მსოფლიო კარდიოქირურგიულ ლიტერატურაში დიდი გამოტოვებული სივრცეა. სწორედ ამიტომ, ამ სივრცის შესასვებად, მე და ბატონმა შატალოვმა, გადავწყვიტეთ ამ წიგნის დაწერა. ვიფიქრეთ, გამოგვესწორებინა მოცემული ნაკლოვანება და შეგვეთავაზებინა  ბავშვთა კარდიოქირურგებისა და კარდიოლოგებისათვის ამ დაავადებაზე, მოცემული მომენტისთვის, არსებული სრული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

წიგნი იწერებოდა ორი წლის განმავლობაში. იმისთვის, რომ დაგვეწერა თავები პათოფიზიოლოგიასა და ექოკარდიოგრაფიაზე, მოვუხმეთ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც მოცემულ სფეროებში აღიარებული სპეციალისტები არიან. წიგნი შედგება 11 თავისაგან და 320 გვერდს იკავებს. სხვათაშორის, პათოფიზიოლოგიაზე თავის დაწერაში, ასევე მონაწილეობას იღებდა ჩემი ძმა ექიმი-ნეიროქირურგი ზურაბ ჯიჯიხია, რომელიც ამ ეტაპზე, კრასნოდარში საქმიანობს. ჩვენ უკვე ვთარგმნეთ წიგნი ინგლისურ ენაზე და ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში, ის ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიო კარდიოქირურგიული საზოგადოებისთვის.

წიგნის პრეზენტაცია შედგა 12 ნოემბერს და უშუალო დამსწრეებთან ერთად, მონაწილეობას ონლაინ რეჟიმში იღებდა 3500 სპეციალისტი. პრეზენტაციის დღეს, ცენტრის პროფესორთა და სწავლულთა შემადგენლობის თითოეულ წევრს საჩუქრად გადავეცით წიგნის თითო ეგზემპლარი. ყველა დამსწრე კოლეგამ მხარი დაუჭირა ჩვენს წამოწყებას და ხაზი გაუსვა კარდიოქირურგის სამეცნიერო არსენალში მსგავსი სახელმძღვანელო წიგნის ქონის პრაქტიკულ მნიშვნელობას.

წიგნის პრეზენტაციაზე

ცალკე პუნქტად ღირს აღვნიშნოთ, რომ ჩვენი წიგნის რეცენზენტი გახლავთ ერთ-ერთი ცნობილი ბავშთა კარდიოქირურგი ვლადიმერ პეტრეს ძე პოდზოლკოვი –  რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რომელიც მოცემული პრობლემის შემუშავების პირველწყაროსთან იდგა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.