მიყვარს ჩემი საქმე, ჩემი პაციენტები


მზით გამთბარა შამგონა. ჩემი მასპინძელი შამგონის ამბულატორიის ექიმი გულნაზ ჯაფარიძე გახლავთ.

-ქალბატონო, გულნაზ, გაეცანით ზუგდიდელებს…

-1965 წელს ჩავირიცხე ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. შემდეგ ვმუშაობდი შამგონის საექიმო ლაბორატორიის გამგედ, ინგირის უბნის საავადმყოფოს ექიმ თერაპევტად, ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების გამგედ, საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმად, განყოფილების ექიმ-ორდინატორად, ექიმ ალერგოლოგად. 1997 წლის ივნისიდან დღემდე კი, ვმუშაობ შამგონის ამბულატორიაში ოჯახის ექიმად.

-თქვენი პაციენტები გენდობიან, უყვარხართ…

-მეც მიყვარს ისინი, მათზე ზრუნვაა ჩემი მთავარი საქმე. ჩემი სამუშაო დღე იწყება დილით ადრე, შამგონამდე ვმგზავრობ სამარშრუტო ტაქსით, მთელი დღე ვარ შამგონელებთან. არვითარ შემთხვევაში სამსახურს არ გავაცდენ, იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, პაციენტები, მათთან მაქვს თბილი დამოკიდებულება, ხშირად ვამარაგებ მედიკამენტებითაც, სხვათაშორის თვითონაც ძალიან ყურადღებიანი არიან ჩემს მიმართ. პაციენტებმა, სოფელში, იციან “სოფლის ნობათით” მოკითხვა. ამას ისე თბილად აკეთებენ, ისე ალალად, არც იცი, როგორ გამოხატო მადლიერება. ისინი, ხშირად, მეფერებიან ფრაზით “პატარა ოქრო ხარ” “ოქროსხელება”… მე და ჩემი ფონეიდოსკოპი მთელ სოფელს ვიცნობთ, თითოეულ მოსახლეს, ასაკოვანს, ახალგაზრდას. ხშირად ვსტუმრობ სკოლას.

-რატომ აირჩიეთ ექიმის პროფესია?

-ჯერ, დავამთავრე სამედიცინო სასწავლებელი წითელ დიპლომზე, მარტო ერთი საგანი უნდა ჩამებარებინა გამოცდაზე, თან ვმუშაობდი სტაჟიორად. ერთი საგნით ჩავირიცხე სამედიცინო ინსტიტუტში. ეს ჩემი ოჯახის, ჩემი მშობლების დამსახურება იყო. პროფესია კი, ბავშვობიდან ავირჩიე… მომწონდა ეს საქმე, ადამიანებთან ურთიერთობა.

 -ქალბატონო გულნაზ, რა გამორჩეული თვისებები უნდა ჰქონდეს ექიმს?

-ექიმი უნდა იყოს გულისხმიერი და პაციენტის მოყვარული.

-მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ?

-ჩემი მშობლები იყვნენ ანტიფო ჯაფარიძე, ყოფილი სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის გამგე, დედა ნათელა ქარდავა-ჯაფარიძე,– ქალაქის საგზაო განყოფილების ეკონომისტი. მეუღლე გახლდათ რუბენ ხვარძიკია, რომელიც გარდამეცვალა 1997 წელს. მყავს ქალიშვილი სოფიკო ხვარძიკია, ისიც ექიმია. მყავს შვილიშვილი და შვილთაშვილი, შვილიშვილი ცოტნე მორგოშია, მუშაობს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში, მისი მეუღლეა სალომე ლაგვილავა. ჰყავთ ორი შვილი. ვხარობ ჩემი შვილით, შვილიშვილით, შვილთაშვილებით და იმ ადამიანებთან ურთიერთობით, ვისაც ჩემი ხელების სითბო ცხოვრებას უტკივილოს და მშვიდს უხდის.

-აღდგომის დღესასწაულს როგორ ხვდებით?

-ძველებური სულისკვეთებით… საგანგებოდ ვემზადები… მიყვარს ძალიან ეს დღესასწაული.

-ქალბატონო, გულნაზ თქვენი სააღდგომო სურვილი თქვენს პაციენტებს და ზოგადად ზუგდიდელებს…

–მე მათ ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობიან, გამთლიანებულ ქვეყანას და ერთმანეთის სიყვარულს ამ ქვეყანაში.

რ. ქირია


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!