მირანდა თოდუა: “ამონარიდები ფრანგული კორონადღიურებიდან”

  • მირანდა თოდუა წარმოშობით ნარაზენიდანაა, პროფესიით ჟურნალისტი, წლებია საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში მუშაობს და  ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მისი, “ზუგდიდელებისთვის” გამოგზავნილი “ამონარიდი ფრანგული “კორონადღიურებიდან”, მიუხედავად განსაცდელის განცდისა, ფერებითაა განზავებული, მომავლის, სიცოცხლის ფერებით და იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

“უკვე ამერია დღეები… 21-ე, თუ 22-ე დილა თენდება?

ხელების ფათურით ვპოულობ ტელეფონს, 7:30, გაბრაზებული ვიცვლი გვერდს და თვალებს ძლიერად ვხუჭავ , ერთი, ორი, სამი, ოთხი… არა, უნდა მოვიბრუნო… ვაგრძელებ ჯიუტად, ასი, ასერთი, ასორი… ძალისხმევას არ ვიშურებ, მაგრამ არ ჭრის… ფეხაკრეფით გამოვდივარ ოთახიდან, გარეთ ისეთი მზეა, ბარჩხალა, ცხელი… ჩემი ქოთნის სისხლისფერი მიხაკები ფეხისწვერზე დამდგარი კოცნიან ცხრათვალა მზეს… -არა, მართლა მავიწყდება კორონას არსებობა…

-როგორ შეიძლება ასეთ ამინდში სახლიდან გაუსვლელობა?- ვეკითხები მზეს მიფიცხებულ ფისოს, რომელიც ჩემს შეკითხვაზე ერთი გემრიელად გაიზმორა, კუდი ოსტატურად აიპრიხა და დარბაისლურად დამიკრა კვერი.

– რას იტყვი, მოვუსმინოთ 9-საათიან ნიუსს? სანამ ბავშვებს სძინავთ…-უხალისოდ გავდივართ მისაღებში მე და კარამელი.

ჟურნალისტის გაღიმებული სახე მამშვიდებს, ბოდიშს იხდის, რომ ცუდი ამბებით უწევს გადაცემის დაწყება და უხერხულად იშმუშნება…

– ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რაოდენობამ 1027 გადააჭარბა, ბოლო 24 საათის განმავლბაში… სამწუხაროდ, ინფიცირებულთა რაოდენობა 40 ათას აღემატება… სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ეპიდემიის დასამარცხებლად… “დარჩით სახლში!!!” ნუ ეთამაშებით თქვენს და თქვენი ახლობლების სიცოცხლეს. – ვუსმენ ამ სიფრიფანა გოგოს, ღიავარდისფერი პომადით და ჭიამაიებიანი პერანგით და გონება მიღებულ ინფორმაციას აშიშვლებს…

1027 სიკვდილი, ბოლო 24 საათი… გონებაში მხოლოდ ეს საშინელი ციფრები ტრიალებს.. თვალებს ვერ ვაშორებ ჟურნალისტის ჭიამაიებიან პერანგს და ოდნავ მომღიმარ, ღიავარდისფერ ტუჩებს… ზუსტი დოზის ღიმილი და მწუხარება, სახე და ხმა, რომელიც არ გზაფრავს, არ გაშინებს, პირიქით, გამხნევებს, პასუხისმგებლობას გიღვივებს და გეხმარება არსებული, მძიმე რეალობის აღქმაში და ათვისებაში… ალბათ, ამას ჰქვია იყო შენი საქმის ნამდვილი პროფესიონალი.

– არა, მე მაინც ვბრაზობ საფრანგეთის ხელისუფლებაზე…-არ ვეშვები ჩემს გვერდით გაშოტილ კარამელს- საფრანგეთმა ძალიან დიდი დრო დაკარგა, აი 13 თებერვალს, როცა ჩვენ საქართველოში ჩავფრინდით, აეროპორტში დაგხვდნენ სპეციალური აღჭურვილობის მედიკოსები, ჩაგვიტარეს შესაბამისი შემოწმება, როგორც წესი და რიგი მოითხოვდა. ხოლო როცა უკან ჩამოვფრინდით 25 თებერვალს, მარსელის აეროპორტში, არავის აზრად არ მოსვლია ჩვენი შემოწმება… არადა, გვერდითა ხაზზე მილანიდან ჩამოფრენილი მგზავრები გადიოდნენ საბუთების კონტროლს… ძალიან გამიკვირდა, რომ არ ჩაუტარდათ არანაირი სამედიცინო შემოწმება, მაგრამ ვიფიქრე, თუ სახელმწიფო არ თვლიდა საჭიროდ, ესე იგი ეპიდემიის ფართო მასშტაბიანი გავრცელების საშიშროება არ იყო. თუმცა, როცა სულ რაღაც ორიოდე დღეში, პრეზიდენტმა საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა ქვეყანაში, მივხვდი რომ შემოწმებები ნამდვილადაც იყო საჭირო და აუცილებელიც კი… არა, რომ მეგონა, რომ ფრანგები გამორჩეულად კანონმორჩილი ერი იყო, სულაც არ ყოფილა ასე, კარანტინის პირველი კვირა, გასარუჯად გამოსული ფრანგების დაჯარიმებას მოუნდა პოლიცია. დიდი ცთუნებაა მზე და ზღვა…

-არა, როგორ თავდაყირა დადგა ყველაფერი?!- არ ვეშვები, უკვე ღრმა ძილში წასულ კარამელს.

დღეს, 12 საათზე, აუდიოჩართვა აქვს ანნას სკოლის ფსიქოლოგთან, როგორ მშველის ეს ღვთისნიერი ადამიანი. ანნას ზედმიწევნით უხსნის, თუ რატომ არის აუცილებელი სახლში დარჩენა, რომ ონლაინ გაკვეთილები, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვეულებრივი, თუ რატომ უნდა დაუთმოს სპორტს ერთი საათი დღეში და იკვებოს სწორად და ასე შემდეგ… ამ თერაპიის შემდეგ ანნას თავი გმირი ჰგონია…

სამზარეულოს დაფაზე დიდი ასოებიათ ვწერ:

-ანნა, 12 საათი. ფსიქოლოგი. არ დაგავიწყდეს!!!- და ჩუმად ვატრიალებ კარის გასაღებს, მადამ ბლონშარმა მთხოვა, სადილისთვის პური და ყველი-გორგონზოლის ყიდვა. იგი 90 წელს გადაცილებული, კოპწია, სანდომიანი და საშინლად პუნქტუალური ქალია, რჩება სახლში და ნაბიჯს არ დგამს გარეთ, განა იმიტომ, რომ სიკვდილის ეშინია, უბრალოდ არ მინდა, საავადმყოფოში ის ერთი საწოლი დავაკავო და ექიმებს ტვირთად დავაწვეო,-ამბობს ღიმილით… რა თქმა უნდა, კარის ზღურბლზე დგას და მელოდება:

– მელანია აღარ ცეკვავს? უკვე მთელი კვირაა ჭერი არ ზანზარებს, აღარ ვარჯიშობს?

– ვეღარ ახერხებს მადამ ბლონშარ, გამოცდებისთვის ემზადება…

– მელანიას უთხარი არ ექნება წელს გამოცდები… იცი, 1968 წელს, მე მაშინ ფილოსოფიას ვასწავლიდი ლიცეუმში, საფრანგეთში იყო საყოველთაო გაფიცვა, დაიხურა თითქმის ყველა სასწავლო- საგანმანათლებლო დაწესებულება და სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო გამოცდების ჩატარება. ვფიქრობ, წელსაც ისევე იქნება, ანუ პირველ და მეორე სემესტრში აღებული ქულები იქნება გადამწყვეტი…

-მადლობა მადამ ბლონშარ, წავედი და პარკს კარებთან დაგიტოვებთ…- გავდივარ ქუჩაში…

სასწაულია, არღავანის აყვავილება.. მთელ ქუჩას ვარდისფერ-სირენისფერი ყვავილებით დახუნძლული არღავანის ხეების რიგი მიჰყვება… ეს ხე მითიური სახელითაცაა ცნობილი-იუდას ხეს ეძახიან,-გადმოცემით, იუდამ ამ ხის ძირში გასცა ქრისტე და ფარისევლებს მისი ადგილსამყოფელი მიასწავლა, ხოლო შემდეგ, როცა თავის საქციელს ჩასწვდა, ამ ხეზევე ჩამოიხრჩო თავი. ამის შემდეგ ამ ულამაზეს არღავანის ხეს “იუდას ხე” შეარქვეს, ეს ისტორია მადამ ბლინშარისგან ვიცი, ისე ლამაზად ეძახის – arbre de judee…

მაღაზიის შესასვლელს ორი მკაცრი გამომეტყველების ზედამხედველი აკონტროლებს, მკაცრად დაცული დისტანცია, ვდგავართ თითქმის ყველა ნიღბებში და რა თქმა უნდა, მათემატიკური სიზუსტით შევსებული, სახლიდან გასასვლელი, სპეციალური ბლანკებით ხელში. თითქმის ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ, მოდის ჩემი ჯერი, შესასველშივე მხვდება დიდი აფიშა, რომ მაღაზიაში მოქმედ აფთიაქში ამოწურეს პირბადეების და სადეზინფექციო საშუალებების მარაგი და რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ფარმაცევტების მიმართ იქნება დასჯადი, 5000 ევროიანი ჯარიმით. სწრაფად შემოვურბინე ნაცნობ დახლებს, გამახსენდა კარანტინის პირველი დღეები, სრული ქაოსი, დაცარიელებულ დახლებს და მაცივრებს შორის ფაციფუცით მორბენალი ხალხი, დღეს კი თითქოს ყველაფერი თავის კალაპოტშია ჩამდგარი, ხალხმა მიიღო რეალობა, გააცნობიერა, ამ ერთ კვირაში თითქოს უფრო დადინჯდა, მიენდო სახელმწიფოს, დაუჯერა და ამ ახალი, სხვანაირი ცხოვრების დინებას მიჰყვა ძალაუნებურად…

საღამოსკენ ჩემი მეგობარი უნდა გამოვიდეს ჩემთან, პროდუქტს ვაგროვებთ, უსახსროდ დარჩა ძალიან ბევრი ოჯახი, არა, მე რა მაქვს საწუწუნო, ხელფასის 85 პროცენტს მაინც დამირიცხავს ჩემი სამსახური, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი დარჩა ჩვენს ქალაქში ულუკმაპუროდ, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ვცდილობთ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, ვიცით ეს ქართველებმა…  ერთი თხილის გულის გაყოფა! მიხარია და ვაგროვებ პატარა “თხილის გულებს”. გამოვდივარ დაცარიელებულ ქუჩაში…

მზის სხივები და ვარდისფერ – სირენისფერი არღავანის ყვავილები მაცილებენ სახლამდე… პატარა ტოტს ვამტვრებ და მადამ ბლონშარის პარკს ვადებ ზემოდან, წარმომიგენია როგორ გაუხარდება… და ვფიქრობ, ამ რთულ და მძიმე პერიოდში როგორი ცოტა რამე ახარებს და ანუგეშებს ადამიანს… უბრალო, თბილი სიტყვა, მზიანი დღე, ქოთნის მიხაკები, ტკბილი ღვეზელი, პაწაწინა არღავანის ტოტი, თუ 9 ნაწილად გაყოფილი თხილის გული… და არ შეიძლება ყველაფერი სხვანაირად დამთავრდეს… ყველაფერი დამთავრდება მალე, კარგად…

დღეს ხარებაა… მრავალს დაესწარით.

სპეციალურად “ზუგდიდელებისთვის”,

მირანდა თოდუა,

ნიცა, საფრანგეთი,

7  აპრილი, 2020 წელი

 

  •  
  •  

კომენტარი

  1. ნატო

    მირანდა, წერე ხოლმე!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.