მირანდა ბეჭვაიას რუმინული შთაბეჭდილებები


შამგონელი მირანდა ბეჭვაია 19 წლისაა. სწავლობს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო მმართველობაზე. ამჟამად გაზაფხულის სემესტრს ატარებს alexandru ioan cuza-სუნივერსიტეტში, რუმინეთში, ქალაქ იასში, როგორც “ერასმუს +” სტუდენტი. მირანდასთან ინტერვიუ სოციალირი ქსელის მეშვეობით შეგა.

ზუგდიდელებთან ამბობს, რომ სასწავლო გაცვლითი პროგრამით, რომლის ფარგლებში ის იმყოფება რუმინეთში, გაზაფხულის სემესტრის მობილობას ითვალისწინებდა, რომელიც უკვე იწურება და რამდენიმე დღეში საქართველოში ბრუნდება. მირანდა ფიქრობს, რომ იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მის ქვეყანას გამოადგება.

მირანდა, რატომ მაინც და მაინც საჯარო მმართველობა?

– ჩემი აზრით, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ისეთი საჯარო მოხელე, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, განსაკუთრებით  განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომელთა რიგშიც ჩვენ ვართ.  აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან სამწუახაროა „ტვინების გადინების“ ტენდენცია, რომელიც საქართველოში შეინიშნება. „ტვინების გადინება“ როგორც ქვეყნიდან, ასევე რეგიონებიდან დედაქალაქში. ჩემი მომავალი პროფესია დამეხმარება ადგილობრივ დონეზე ვიზრუნო ჩემი რეგიონის, ქვეყნის განვითარებაზე.

როგორი იყო შენი ემოცია, როდესაც გაიგე, ერასმუსის სტიპენდიანტი გახდი?

-სკოლის ასაკიდან ძალიან დიდი ინტერესით გამოვირჩეოდი გაცვლითი პროგრამების მიმართ. რამდენიმე პროგრამაში ვცადე ბედი, როგორც მოსწავლემ (FLEX, UWC) ორივე პროგრამის ნახევარფინალისტი გავხდი, მაგრამ სამწუხაროდ, ფინალისტი ვერა. თუმცა, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. რაც შეეხება ერასმუსს, დიდი ხანი ვემზადებოდი ერასმუსში მონაწილეობის მისაღებად, თეორიულად ვიცოდი ყველა დეტალი და პროცედურა, რომელიც უნდა გამევლო. მოვისმინე და გავითვალისწინე ძალიან ბევრი რჩევა. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება, როცა გავიგე, რომ მოვიპოვე ერასმუსის სტიპენდია და ბოლომდე, მხოლოდ აქ ჩამოსვლის შემდეგ გავითავისე, რომ ეს არის ახალი ცხოვრება, გამოცდილება, პერსპექტივები, მეგობრები თითქმის მთელი მსოფლიოდან.

როგორია უცხო ქალაქში სტუდენტური ცხოვრება?

-უცხო ქალაქში სტუდენტური ცხოვრება არის ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გამიმართლა – რადგან მოვხვდი სტუდენტურ ქალაქში, სადაც ყველა ახალგაზრდაა და უმრავლესობა აბალანსებს დროს სწავლისთვის და გართობისთვის. უნივერსიტეტი, სადაც ვსწავლობ, არის პირველი, უძველესი უნივერსიტეტი რუმინეთში, გამომდინარე აქედან, მას ძალიან დიდი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, მისი კორპუსები მუზეუმს უფრო წააგავს. უნივერსიტეტს აქვს ძალიან დიდი ბაზა, ოცამდე სტუდენტური საცხოვრებელი.

შენს გარდა, კიდევ თუ არიან ქართველი სტუდენტები?

-დიახ, ქართველი სტუდენტები საკმაოდ ვართ. სტუდენტები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ჩემი უნივერსიტეტიდან მხოლოდ მე ვარ. სულ 17 ქართველი ვართ.

როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდათ ქართველებს მასპინძლებთან?

-რუმინლები ძალიან მეგობრული და ღია ხალხია, კომუნიკაცია არ გვიჭირს, რადგან მათი დიდი უმრავლესობა საუბრობს ინგლისურად და ფრანგულად. რაც შეეხება სწავლის პროცესს, ვსწავლობთ ინგლისურ ენაზე, ჩვენი ლექციები ეთნომრავალფეროვნებით გამოირჩევა, რადგან ევროპის, აზიის, ამერიკის კონტინენტებიდან ძალიან ბევრი გაცვლითი პროგრამის სტუდენტია. მათთან ურთიერთობისას ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ვიხსენებ, პირიქით, სასიამოვნო და საინტერესოა.

ალბათ, მოახერხეთ ქალაქის დათვალიერება?

-რა თქმა უნდა, ქალაქი  ძალიან დიდი არ არის, მაგრამ რუმინეთის ძველი დედაქალაქია, კულტურის, ხელოვნების ცენტრი. განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებდი ”palatul culturii ”- , რომელიც ამჟამად მუზეუმია, სადაც ინახება ბესარიონ ( ბესიკ)  გაბაშვილის საფლავის ქვა. ბესარიონ გაბაშვილის საფლავი ამავე ქალაქშია, თუმცა სამწუხაროდ  დაკარგული. რაც შეეხება საფლავის ქვას, მასზე წარწერა  ქართულ და ბერძნულ ენებზეა. ძალიან ემოციური იყო მისი ხილვა.

როგორ ფიქრობ, რას შეცვლის ეს ტური შენს ცხოვრებაში?

-აქ ყოფნის განმავლობაში, გავიზარდე როგორც სტუდენტი, ვისწავლე ძალიან ბევრი და რაც მთავარია, მივიღე პრაქტიკული გამოცდილება და ვიცი, როგორ გამოვიყენებ მას მომავალში. ასევე გავიზარდე, როგორც პიროვნება -გარკვეულწილად შემეცვალა ღირებულებები, ვისწავლე როგორ უნდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და როგორ ვმართო დრო და ბიუჯეტი.

ალბათ, აქაურობა გენატრება

– მენატრება. თუმცა რამდენიმე დღეში ჩამოვდივარ, იმედენად შევეჩვიე აქაურობას, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან გამიჭირდება გადაჩვევა.

დააგემოვნე რუმინული კერძები?

– მართალი გითხრათ, რუმინულ კერძებთან ერთად, აზიური და ევროპის სხვა ქვეყნების კერძებიც დავაგემოვნე. ერასმუსმა ორგანიზება გაუწია ღონისძიებას, სადაც ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა სტუდენტმა დაამზადა მათი ტრადიციული კერძი, მათ შორის ჩვენმა, ქართულმა კერძებმა, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.

-როგორც ვიცი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა თვითმმართველობა “ოდაბადეში” იყავი გაწევრიანებული, საიდანაც ალბათ, დაიწყო შენი ინტერესი საჯარო მმართველობაში…

-„ოდაბადეში“, მას შემდეგ მოვხვდი, რაც შამგონის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტად ამირჩიეს. იქ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს, განსაკუთრებით ქალბატონ მედეა თორიას, რომელმაც მომცა შანსი ჩამეტარებინა პრეზენტაციები, დისკუსიები, დავსწრებოდი ტრენინგებს, გამეცნო ძალიან ბევრი ახალგაზრდა.

ვინ არის შენი დიდი გულშემატკივარი?

-რათქმაუნდა, ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები.

მირანდა, რა არის შენიჰობი, რისი კეთება გიყვარს?

-ბოლო თვეების განმავლობაში, გადატვირთული სასწავლო გრაფიკის გამო, თავისუფალი დროის ნაკლებობას ვუჩივი, მაგრამ როცა თავისუფალი დრო გვაქვს, მივდივართ ფესტივალებზე, რომელიც ძალიან ბევრი იმართება იასში, ან ტბაზე, რომელიც ქალაქგარეთაა და შესანიშნავი ადგილია განტვირთვისთვის, კითხვისთვის, მუსიკის მოსასმენად. თუმცა გამოვყოფდი მოგზაურობას, რომელიც არის ჩემი სტიქია.

ოჯახზეც მომიყევი?

– ჩემი ოჯახი საჭირო დროს და ადგილას მუდამ გვერდში მიდგას, რისთვისაც მათ საჯაროდ ვუხდი მადლობას.  დედა-ინგა ეხვაია შამგონის საბავშვო ბაღში მუშაობს, მამა – ლაშა ბეჭვაია, ამჟამად დაკავებულია კერძო ბიზნესით, ჩემი და- გურანდა ბეჭვაია, მესამე კურსზე სწავლობს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე საჯარო მმართველობის მიმართულებით. ბებია ნუნუ წყაროზია, მუშაობს შამგონის საჯარო სკოლაში.

როგორც ვიცი, სხვადასხვა პროექტშიც ღებულობდი მონაწილეობას.

– დიახ. შარშან 10-18 ივლისამდე ვიყავი ქალაქ სტრასბურგში, ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში. პროექტი ორგანიზებული იყო ევროსაბჭოს მიერ და ეძღვნებოდა კონფლიქტის ტრანსფორმაციას.  წელს, ივლისის ბოლოს, მივდივარ ბრიუსელში, როგორც ევროპის ახალგაზრდა ელჩი, სადაც ინფორმაციული შეხვედრები გვექნება ევროკავშირის ინსტიტუტებში, პროექტი ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ. სავარაუდოდ, აგვისტოში  გერმანიაში, საზაფხულო სკოლაშიც მივიღებ მონაწილეობას.

მირანდა, როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი?

-დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებლად ვიქნები საქართველოში და მიღებულ გამოცდილებას პრაქტიკაში გამოვიყენებ.

 ეკა ფარულავა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!