მთელი ქვეყნის მასშტაბით ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიალით ჩატარების მომსახურება განახლდა

  • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 9 ივნისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიალით ჩატარების მომსახურება.

უწყების ცნობით, ქორწინების საზეიმო ვითარებაში რეგისტრაციის მსურველ პირებს შესაძლებლობა აქვთ, აღნიშნული მომსახურების მისაღებად მიმართონ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ქორწინების სახლს (სივრცეს). ისარგებლონ ქორწინების რეგისტრაციის გასვლითი სერვისით, მათთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას.

“წყვილმა ქორწინების საზეიმო ცერემონიალის სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია გაითვალისწინოს, რომ ერთობლივი განაცხადის წარსადგენად იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, ტერიტორიულ სამსახურებსა და ქორწინების სახლებში ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნოს პორტალზე – my.gov.ge. ამისთვის საჭიროა, კალენდარში აირჩიოს მისთვის სასურველი ვიზიტის თარიღი და ფილიალი, რის შემდეგაც მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებს მომსახურების ერთჯერად კოდს, რომელსაც ფილიალში მისვლის დროს წარადგენს. შერჩეულ ფილიალში ქორწინების საზეიმო რეგისტრაციის მსურველ წყვილს ოპერატორი ერთობლივი განცხადების შეტანის საფუძველზე დაუჯავშნის რიტუალის ჩატარების ადგილს, თარიღსა და დროს. ქორწინების მსურველები და მათი თანმხლები პირები (არაუმეტეს 10 პირისა) სარეგისტრაციო სივრცეში ნიღბებით უნდა გამოცხადდნენ”. -ნათქვამია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ქორწინების სახლებში (სივრცეებში) საზეიმო ცერემონიალის ჩატარება და ქორწინების გასვლითი რეგისტრაცია 2020 წლის 11 სექტემბრიდან, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების გამო, დროებით შეჩერებული იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.