- – ჩვენი რუბრიკის „ზუგდიდელები საზღვარგარეთ“, სტუმარია ზუგდიდელი ქალბატონი, მზიური სიჭინავა, რომელიც 20 წელია მოსკოვში ცხოვრობს ქალიშვილებთან ერთად და მართავს საოჯახო ბიზნესს. მზიური ამბობს, რომ დიდი ხანი არ აპირებს ემიგრაციაში დარჩენას, ჩამოვა მშობლიურ ქვეყანაში, კუთხეში და აქ გააგრძელებს საქმიანობას.
– ქალბატონო მზიურ, გაეცანით ზუგდიდელებს.
– ძირძველი ჩხოროწყუელი ვარ, დავიბადე 1958 წელს. დავამთავრე ლესიჭინის პირველი საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავირიცხე თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში რადიო-ოპერატორის სპეციალობაზე. სტუდენტობის პერიოდში ვმუშაობდი ტელე-სტუდიაში რადიო – ოპერატორად. 10 წელი ვმუშაობდი “საიდუმლო კავშირის” ოპერატორად. მოგვიანებით, ჩემი ბედი დაუკავშირდა ზუგდიდს – ზუგდიდელების რძალი გავხდი და ამ ქალაქში გადმოვედი საცხოვრებლად. 90 – იან წლებში, ქვეყნის არეულობის პერიოდში, მომიწია წასვლა მოსკოვში. ბევრი სირთულე გამოვიარე. ვმუშაობ მთავარ ტექნოლოგად საკონდიტრო ქარხანაში.
– ცხოვრების დიდი ნაწილი მოსკოვში გაატარეთ. რამდენად რთული იყო ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილების მიღება?
– ძალიან გამიჭირდა… მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე, შვილების საკეთილდღეოდ გადამედგა ეს ნაბიჯი. გამიძნელდა ჩემი კუთხის, ჩემი ოჯახის დატოვება. ზაფხულობით ჩამოვდივარ ერთი თვით ჩემს მშობლიურ ქვეყანაში, კუთხეში… ვტკბები აქაურობით.
– მოგვიყევით ოჯახზე…
– ოჯახი შევქმენი ზუგდიდელ ვალერ ცხადაიასთან. ვალერი ადრე, 1998 წელს გარდაიცვალა. გვყავს ორი შვილი თეა და თამუნა ცხადაიები – უცხო ენების სპეციალისტი და იურისტი. უკვე თავიანთი ოჯახები აქვთ, შვილიშვილები გვყავს.
– ამ გადმოსახედიდან, თქვენი ცხოვრების გამოცდილებიდან – რას ვერ პატიობთ ადამიანებს?
– ტყუილს და ღალატს… თუმცა – ვარ მიმტევებელი. რაც შეეხება შურს, ხშირად თვალი მომიხუჭავს და რეაგირების გარეშე დამიტოვებია…
– თემა, რომელზედაც საუბარი არ გწყინდებათ?
– ჩემი სამსახურის და საყვარელი საქმის შესახებ არ მწყინდება საუბარი.
– სიტყვა, რომელსაც ხშირად ხმარობთ?
– „მადლობა უფალს“…
– ე.ი. ხართ უფლის მადლიერი…
– დიახ, უფალს ვემადლიერები, მარიამ ღვთისმშობელს ვემადლიერები ყველაფრისათვის… ბოლოს, ვემადლიერები საკუთარ თავსაც, რომ შემიძლია ბრძოლა, რომელიც ყოველთვის წარმატებულ შედეგზეა ორიენტირებული და გათვლილი.
– რას უსურვებთ ზუგდიდელებს?
– მიყვარს ჩემი ქალაქი ზუგდიდი. ზუგდიდს და ზუგდიდელებს ვუსურვებ მშვიდობას და ჯანმრთელობას, ერთმანეთის პატივისცემას, გატანას. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას ვულოცავ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს.
მასალა მოამზადა როზა როგავამ