არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აქვეყნებს კვლევის შედეგებს, სადაც ნაჩვენებია საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა რა სამივლინებო ხარჯები გასწიეს სადეპუტატო საქმიანობის პირველ წელს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დეპუტატებისგან, ყველაზე მაღალი სამივლინებო ხარჯი, როგორც კვლევა გვიჩვენებს, გასწია მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ.
მაჟორიტარის ბიურომ, “ზუგდიდელებს” გამოუგზავნა მაჟორიტარის მივლინებების ხარჯთაღრიცხვა, რომლის ჯამი შეადგენს 13 362 ლარს. ქვარაია, 2017 წელს, მივლინებით იმყოფებოდა პოლონეთში (ორჯერ), დიდ ბრიტანეთში, ბუენოს-აირესში, სტოკჰოლმში და სერბეთში.
“საერთაშორიო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა დეპუტატებმა 2017 წელს სამივლინებო ხარჯებისთვის მოიხმარეს შემდეგი თანხები: მაჟორიტარმა დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ 5717 ლარი, ხოლო პარლამენტის წევრებმა: „ევროპული საქართველოდან“, ლელა ქებურიამ 1286, თენგიზ გუნავამ 2286 და ლაშა დამენიამ 6521 ლარი.