- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია ხვალ, 10:00 საათიდან დაიწყება.
“საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 29 მარტის 10:00 საათიდან 14 აპრილის 18:00 საათამდე.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. 2022 წელს მსურველებს საშუალება ექნებათ ჩააბარონ: საგნის გამოცდა; უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა; პროფესიული უნარების გამოცდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე.
გაითვალისწინეთ, რომ ცენტრი ეყრდნობა სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და სსიპ – მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ასევე ცენტრში არსებულ მონაცემებს პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ საგნის გამოცდის ჩაბარების ან საგნობრივი კომპეტენციის არანაკლებ 50%-ანი შედეგით დადასტურების თაობაზე“,-აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.