მარინა დამენია და “ზუგდიდი ეროვნულ მოძრაობაში”

“ზუგდიდელების” სტუმარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის” მედიამუზეუმის წამყვანი სპეციალისტი მარინა დამენია.

მარინა დამენია: -“მე გახლავართ ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. სხვადასხვა დროს, ვიყავი, საბინაო კომუნალური მეურნეობის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს ბუღალტერ-მოანგარიშე, ქ. ზუგდიდის ფაიფურის ქარხნის კონტროლიორი, ახალგაზრდა შემოქმედთა ასოციაცია “კოლხური ნანას” პრეზიდენტი, ადგილობრივი და რესპუბლიკური ჟურნალ-გაზეთების კორესპონდენტი და პასუხისმებელი მდივანი. საქართველოს “წმინდა ილია მართლის საზოგადოების” ზუგდიდის ორგანიზაციის პრესსამსახურის, პრესცენტრის თანამშრომელი. “სამართლიანი საქართველოსთვის” სამეგრლო ზემო-სვანეთის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ტელერადიო კომპანია “ევრაზიის” სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონალური ტელევიზიის დირექტორი, ჟურნალ “დისკუსიის” დამფუძნებელი და რედაქტორი. ვარ ერთი წიგნის თანაავტორი და ორი წიგნის რედაქტორი. ჟურნალისტთა შემოქმედებითმა კავშირმა ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დამაჯილდოვა დიპლომით, ქართულ ჟურნალისტიკაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის მომენიჭა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება.

-როდის მომწიფდა იდეა, რომ დაგეფუძნებინათ მედიამუზეუმი?

-ვერ ვიტყვი ზუსტად თუ როდის დამებადა “მედიამუზეუმის” შექმნის იდეა, თავიდან იყო ჟურნალ-გაზეთების კოლექცია, მერე გამიჩნდა სურვილი დამეწერა ჩემი რეგიონის მედია ისტორია, ამისთვის დამჭირდა უფრო მეტი ძველი ჟურნალ-გაზეთისა და ჟურნალისტების მოღვაწეობის ამსახველი მასალების მოძიება. რასაც თვეობით ვეძებდი. სამწუხაროდ ბევრი მასალა დაკარგულია და ვერ ვპოულობ, სწორედ ამის შემდეგ გამიჩნდა “მედიამუზეუმის” დაარსების იდეა, თუმცა “მედიამუზეუმის” დაფუძნება მხოლოდ 2014 წელს გახდა შესაძლებელი. “მედიამუზეუმი” არის და იქნება საქართველოს ჟურნალისტების, ფოტოკორესპონდენტების, ტელეოპერატორების, პოლიგრაფისტების ერთი დიდი სახლი. არაერთხელ მქონდა შემოთავაზება რომ “მედიამუზეუმი” გადამეტანა თბილისში, მაგრამ უარი ვთქვი. ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ბოლო ყრილობაზე (2017 წლის მარტი) წესდებაში შევიტანეთ ცვლილება, რომ “მედიამუზეუმი” უკვე დაფუძნდა ზუგდიდში და არ გაიხსნება სხვა ფილიალები. რატომ? თუ ყოველ ქალაქში გავხსნით მუზეუმის ფილიალებს, ვერ გახდება ერთი მთლიანი ორგანიზმი და დაკარგავს იმ ფუნქციას, რაც მას აკისრია, ბერლინისა და ნიუ-იორკის “მედიამუზეუმი” იმიტომაა ძლიერი, რომ მათ მხოლოდ თითო-თითო “მედიამუზეუმი” აქვთ და საერთოდ სწორად არ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი იდეა, რომელიც დაიბადება, რატომღაც თბილისში უნდა განხორციელდეს, თუ ყველა თავის ახალ იდეას, ინიციატივას, თავის ქალაქში, ან რეგიონში განახორციელებს, მაშინ რეგიონი და დედაქალაქი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონით, ძალიან შესამჩნევად არ დაშორდება ერთმანეთს. ჩვენ ჩვენი ქალაქისა და რეგიონისათვის უნდა ვიზრუნოთ.

-ქალბატონო მარინა “მედიამუზეუმს” დამთვალიერებლები თუ ჰყავს და ვინ არიან ისინი?

-მუზეუმის დამთვალიერებელთა შორის მეტი წილი სკოლის მოსწავლეებზე მოდის. მისი სტუმრები ის ზუგდიდელებიც არიან, ვინც, სხვადასხვა დროს, თავად ქმნიდა ზუგდიდის მატიანეს. უნდა შევნიშნო, ვიზიტორებს შორის იშვიათად არიან ადგილობრივი ჟურნალისტები, თუმცა საყვედურს ვერ ვიტყვი. თქვენი რედაქციის ჟურნალისტებზე და მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის საყმაწვილო ჟურნალ “ახალი სარკმელის” ახალგაზრდა ჟურნალისტებზე.

-თქვენი ცხოვრება, როგორც ეს თქვენი ბიოგრაფიიდან ჩანს, აქტიურად უკავშირდება ეროვნულ მოღვაწეობას.

-ეროვნულ მოძრაობაში, აქტიურად 1989 წლის 1 მაისიდან ჩავერთე, როდესაც რუსი ტანკების მიერ გათელილ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლებამ მშრომელთა საერთაშორისო საზეიმო დღის აღსანიშნავად დროშები გამოფინა, რასაც ძლიერი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. შინაგანი პროტესტის ნიშნად მჯდომარე საპროტესტო აქცია მოვაწყვე ქალაქის კომუნისტური პარტიის კომიტეტის წინ. მალე სხვებიც შემოუერთდა აქციას. აქციის დაშლას შეეცადა ხელისუფლება, თუმცა ვერ შესძლო. ქალაქის ცენტრი მლოცველი მომიტინგეების მიერ სანთლის შუქით იყო განათებული. აქციამ შედეგი გამოიღო. დროშები ჩამოიხსნა. აქცია მაცხოვრის კარის ეკლესიაში ლოცვით დამთავრდა

-ქალბატონო მარინა, სულ ახლახან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში თქვენი წიგნის “ზუგდიდი ეროვნული მოძრაობაში” (წიგნი I) პრეზენტაცია შედგა.

-სიმბოლურია, ის რომ ჩემი წიგნის “ზუგდიდი ეროვნულ მოძრაობაში” წარდგენა დაემთხვა 9 აპრილს. ვინაიდან ეს დღე ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა და ეს წიგნიც ეროვნულ ერთიანობასა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ზუგდიდელებს შეეხება. ისინი ჩვენს პატივისცემასა და არდავიწყებას იმსახურებენ. მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა ამ წიგნის გამოცემის თაობაზე: ეს წიგნი ექსპრომტად შეიქმნა. ანუ ეს არ იყო ჩემს გეგმაში. ერთდროულად სამ წიგნზე ვმუშაობ ერთ-ერთი მათგანი “საქართველოს დამოუკიდებლობის აქტისა” და “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის” ხელმომწერებია. ეროვნული მოძრაობის წევრმა, ბატონმა როლანდ მაქაცარიამ არაერთხელ მითხრა: “მარინა, როგორც ვხედავ ამ წიგნის დასრულებას დიდი დრო დასჭირდება და იქნებ სჯობია, მანამდე, ზუგდიდელ ხელმომწერებზე ცალკე წიგნი გამოსცეო” თავიდან უარზე ვიყავი, მაგრამ მერე მეც მომეწონა იდეა. მადლობა ბატონ როლანდ მაქაცარიას, რომელმაც არ მოისვენა და არც მე მომცა გასაქანი, სანამ არ დავიწყე მუშაობა. ამ წიგნზე მუშაობის პროცესში 12 ადამიანის ბიოგრაფიამ უკმარისობის გრძნობა გამიჩინა. ვინაიდან ეროვნული მოძრაობის თემა და მასთან დაკავშირებული ზუგდიდელი პიროვნებების ღვაწლი ამოუწურავია. მივხვდი ყველა თემას ერთ წიგნად ვერ გამოვცემდი. ამიტომ გადავწყვიტე თემატურად სამ წიგნად დამეყო და სწორედ ის სახე მიიღო როგორადაცაა წარმოდგენილი. ეს, პირველი წიგნი დაეთმო ისტორიულ ექსკურსსა და “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტისა” და “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის” ზუგდიდის ხელმომწერებს. მე ყველანაირად ვეცადე მცირედი გამეკეთებინა, თუნდაც მწირი ბიოგრაფიული ცნობებით დაფიქსირებულიყო ის პიროვნებები, ვინც აქტიურობდა ეროვნულ მოძრაობაში. მეორე წიგნი, რომელზეც უკვე დავიწყე მუშაობა, დაეთმობა ადგილობრივ თვითმმართველობას, ზუგდიდის ერობას ზუგდიდის ერობის ხმოსნებს, პრეფექტურას, პირველი საკრებულოს წევრებს, პირველად ორგანიზაციებს, ხოლო მესამე წიგნი დაეთმობა ეროვნული მოძრაობის წევრებს, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი როგორ დავასათაურებ.

-გინანიათ თქვენი არჩეული პროფესია…

-ეს პროფესია არ იყო ჩემი არჩევანი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ძალიან კმაყოფილი ვარ ალბათ იმიტომ, რომ სწორედ ეს მაძლევს საზოგადოებაში ყოფნის შესაძლებლობას.

-თქვენი ჰობი?

-ჰობი? ჩემი ჰობი იყო პოეზია, ჟურნალ-გაზეთების შეგროვება, რაც შემდგომში პროფესიულ ჩვევად და სამსახურეობრივ მოვალეობად იქცა.

-ხართ თუ არა მიმტევებელი?

-ზედმეტად მიმტევებელი ვარ, იმდენად რომ არაერთმა ადამიანმა პატიება-ვერ მაპატია.

-თქვენი მომავალი გეგმები?

-ჩემი სამომავლო გეგმა შორს გამიზნულია, რაშიც სხვების დახმარება დამჭირდება, ამიტომ ჯობია გავჩუმდე.

-რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

-არამხოლოდ ზუგდიდელებს სრულიად საქართველოს ვუსურვებ კეთილგონიერებას, ერთად დგომასა და ქვეყნისათვის საერთო ინტერესების დაცვას. მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას ეკუთვნის, რომელ პლატფორმაზე დგას, ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გაგვაჩნია და უნდა მოვუაროთ.

როზა როგავა

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.