მარიამ კანკია: “იყვირე, სანამ…”


  • ახალგაზრდა შემოქმედი მარიამ კანკია დაიბადა ხობში. ამჟამად, ოჯახით ცხოვრობს თბილისში. ახალბედა პოეტი “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ შვიდი წლის ასაკში, ოჯახთან ერთად, ემიგრაციაში იმყოფებოდა რუსეთში.

მარიამ კანკია: “ჩვენი ოჯახი გაემგზავრა რუსეთში. იქ დავამთავრე ლომონოსოვის სახელობის გიმნაზია. საქართველოში ჩამოვედი 2008 წელს. დავამთავრე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU), ბიზნესის მართვის ფაკულტეტი. ჩემთვისაც მოულოდნელად წერა დავიწყე 2-3 წლის უკან, ნათქვამიც მაქვს ერთ-ერთ ჩემს ნაშრომში. ვწერ ქართულად და რუსულადაც”.

“ემიგრანტებს”

იყვირე ქალო, იყვირე! იმაზე იყვირე, რაც გტკივა. იმაზე იყვირე, რომ შინ გინდა. შინ მჯდომ “კაცზე” იყვირე. სანამ შეგიძლია იყვირე! აიყოლიე ვინმე, ან სულ მთლად ყველა! იქნებ გაიგოს ვინმემ, რომ ცვლილებები გვჭირდება, საჭიროა კიარა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმაზე იყვირე შენი შვილი მალულად, რომ ფსიქოლოგთან დადის – ვერ გაუგია ამდენი გაუგებრობა: რატომ კარგავენ მშობლებს ბავშვები, როცა იზრდებიან? და პირიქით – რატომ კარგავენ ცოცხლად შვილებს? როგორ უნდა იცხოვროს მკვდარი გულით და საკუთარი აწმყოთი ჩამომხრჩვალი ოცნებებით? როგორ უნდა იცხოვროს შენი ხორცის ნაწილმა ასე შორს? ვის მკლავებში უნდა იტიროს, ან გაიხაროს სიხარულის და მცირე გამარჯვებების შემდეგ? (ასეთ დროს, გამარჯვება უფრო მტანჯველია, ვიდრე ტირილი!) როგორ მოიცალოს მეგობრებისთვის, როცა სახლში შენს დატოვებულ კაცებს უვლის? თავისთავს კი ვერაფერი მოუხერხა და მოუფიქრა, ისიც დაავიწყდა თუ ვინ იყო და ისიც არ ჩანს თუ ვინ უნდა გახდეს!.. იყვირე ქალო, იყვირე! სანამ შეგიძლია იყვირე. სხვებისთვის მაინც იყვირე, რომ არ მოიცალონ ფეხი მშობლიური მიწიდან და იქვე იბრძოლონ! უცხო მიწაზე კი არ მოკვდნენ შენსავით, ცხოვრება რომ შეგიჩერდა. სტატუსი – “დროებით შეჩერებული” სანამ შენს შვილებს ჩაიხუტებ; სანამ შენ თვითონ დედაშენი ჩაგეხუტება; სანამ სამებაში ქართული გალობით დატკბები და სანამ მშობლიური მთები მოგეხვევიან ოთხივე მხრიდან, სანამ ბაბუას საფლავზე მიხვალ, სანამ ქუჩაში თამამად ილაპარაკებ და საერთოდ ივლი… სანამ მშობლიური გაგათბობს მზე და არა თვალებს ამოგიწვავს, სანამ დილა გაგითენდება და არა გაათენებ! სანამ საჭმელი ბურთის გარეშე ყელში გადაგივა; სანამ სიტყვა „დედა“-ს გაიგებ სიახლოვის ორი მეტრიდან!!! სანამ, ცაში აიხედავ და მშობლიურ ენაზე ტკბილად და მშვიდად დაელაპარაკები ღმერთს; სანამ სიცოცხლის სუნს იგრძნობ ყოველ ჩასუნთქვაზე და არ შეგეშინდება შენს მიწაზე, თუნდაც სიკვდილის, უცხო მიწაზე ასე რომ დაგიმეგობრდა… იყვირე ქალო, იყვირე! სანამ ისევ იგრძნობ, რომ ქალი ხარ! სანამ მოგეცემა ფუფუნება, რომ იყო ისევ ქალი! იყვირე!!! იყვირე… დედა…

ქალაქში, სადაც საახალწლოდ გასაყიდად ჩამოტანილ ინდაურს გლეხებს სანაგვეებში უყრიან… ქალაქში, სადაც 73 წლის ქალს უწევს ღამღამობით ყვავილები კრიფოს და ამით შვილიშვილები არჩინოს. ქალაქში სადაც მხოლოდ “ოქროში გაზრდილი” ბავშვი ჭამს შოკოლადს. ქალაქში, სადაც მხატვრები ხატავენ სისხლით! ქალაქში, სადაც ნამდვილი კაცი საძებნია და ვერ პოულობ. ქალაქში, სადაც პატრიოტსაც გიჟად ჩათვლიან. ქალაქში, სადაც პოპულარული ხდება ცარიელი სიტყვა! ქალაქში, სადაც ვერ გაივლი უცრემლოდ მიწისქვეშა გადასასვლელებს. ქალაქში, სადაც შენს სუნთქვას სჭირს აპოკალიფსი! ქალაქში, სადაც თვალებსაც სტკივა ეს რეალობა. ქალაქში, სადაც დედიკოს შვილებს და მაჟორებს მიჰყავთ პარადი. ქალაქში, სადაც დღისითაც ბნელა და არ ანათებს არსად იმედი. ქალაქში, სადაც ბავშვის სიცილს გაიგებ, მხოლოდ სიზმრებში. ქალაქში, სადაც 300 ლარიან სამსახურებში მუშაობას ჰქვია სიმდიდრე! ქალაქში, სადაც არცერთი დედა არ არის მშვიდად… (მათი ნახევარი კი გადარიყულია სხვაგან!) ქალაქში, სადაც დაგარქმევენ გოიმს იმიტომ რომ აღარ იცი რას ნიშნავს კლუბი და ერთდღიანი ურთიერთობები! ქალაქში, სადაც ტრადიციებს დაარქვეს ‘ძველი’!!! ქალაქში, სადაც არ სრცხვენიათ უნიჭო ნიჭის (ქალაქში, სადაც აფასებენ სარგებლით, ფულით…) ქალაქში, სადაც ციხეებში ყრიან პოეტებს! ჯამბაზები კი ცეკვავენ ჩვენს რუსთაველზე… ქალაქში, სადაც მტკივა ყველა მოხუცი. ქალაქში, სადაც ‘მამიდები’ ბიზნესმენობენ და რწმენაც გახდა ბიზნესი ბოლოს… ქალაქში, სადაც აფთიაქი და ბანკი ყოველ ნაბიჯზეა! ქალაქში, სადაც ვერ იპოვი სულისთვის საზრდოს. ქალაქში, სადაც ყველაფერი გგონია მოგონილი, და ყოველ დილით იღვიძებ ისევ სიზმარში.

მარიამ კანკია


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!