მარიამ თორია: “მე ბევრნაირი ვარ”…


  • “ზუგდიდელების” სტუმარია, ახალგაზრდა პოეტი მარიამ თორია. მარიამი 25 წლისაა, პროფესიით ეკონომისტი, მუშაობს “საქართველოს ფოსტის” ზუგდიდის სერვის ცენტრში. 
-შენი პირველი პოეტური სტრიქონი…
-ლექსის დაწერის პირველი და გაუცნობიერებელი მცდელობა 8-9 წლის ასაკში მქონდა. ზაფხულის არდადეგებზე დაიწერა პირველი ლექსი, რომელიც მხოლოდ ერთსტროფიანი იყო და სკოლის მონატრებას ეხებოდა, – სკოლას, კლასელებს. გააზრებულად წერა კი, მოგვიანებით, 15 წლის ასაკში დავიწყე.
-ზოგადად როდის წერ?
-ვწერ, როცა სათქმელი მიგროვდება… ბევრს ვფიქრობ და სანამ სათქმელს თავს არ მოვუყრი და ბოლომდე არ ამოვწურავ, იქამდე არ ვწერ. წერისთვის რამე განსაკუთრებული მიდგომა, გარემო არ მჭირდება. მთავარია განწყობა და ადრესატი, ვისზეც ვწერ.
-როგორც ვიცი, პოეზიის საღამო უკვე  გქონდა…
-დიახ. პირველი სადებიუტო საღამო 16 წლის ასაკში, ჩემს მშობლიურ ქალაქში, ზუგდიდში, მქონდა, მერე იყო სტუდენტობის წლები, უამრავი საღამო და ლიტერატურული შეხვედრა, რომელმაც გამაცნო ძალიან ნიჭიერი ხალხი. მათი არც თუ ისე მცირე ნაწილი, დღეს, ჩემი მეგობარია. მართალი გითხრათ, ამ ეტაპზე, შემოქმედებითად, პასიური პერიოდი მაქვს…
– გზა ლექტორობიდან “საქართველოს ფოსტამდე”…
-ჯერ არ ვარ იმ ასაკში, რომ უკან მოვიხედო და ვთქვა, როგორ მოვედი აქამდე. ყოველთვის ვცდილობ და საკუთარი თავისგან მოვითხოვ ჩემი საქმე მაქსიმალურად ვაკეთო. 23 წლის ასაკში, მოულოდნელად, ლექტორის ამპლუაში აღმოვჩნდი. ეს იყო ჩემი პროფესიული მოღვაწეობის ყველაზე საინტერესო ეპიზოდი, სწორედ ამ პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ეს საქმე ჩემი მოწოდებაა. ჩემი გეგმები და მიზნები იქითკენაა მიმართული, თუმცა, ჯერ ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების ეტაპზე ვარ.
-ზუგდიდელ პოეტებს თუ იცნობ?
-ზუგდიდელი ავტორების უმეტესობასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს.
-რას ნიშნავს შენთვის ზუგდიდი?
-ზუგდიდი ის ქალაქია, სადაც ფეხი ავიდგი. ამ ქალაქში დავიწყე წერა, ამ ქალაქში მიყვარდა… ჩემი ბავშვობა და ყველაზე შთამბეჭდავი ემოციები ზუგდიდს უკავშირდება…
-თავად შენ თუ ყოფილხარ პოეტური ფრაზის ადრესატი…?
-დიახ. ეს არის საოცარი შეგრძნება… ამაღელვებელია, როცა შენზე და შენთვის წერენ. არ დაგიმალავ და ამაყი ვარ, რომ რამდენიმე საკმაოდ საინტერესო და ნიჭიერ პოეტს მოუძღვნია ჩემთვის ლექსები…
-როგორია მარიამისეული წარმატების ფორმულა…
-გურამ რჩეულიშვილი წერს: “ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაშიო”. მაქვს ჩემი წილი წარმატებები სხვადასხვა სფეროში, თუმცა მე შედეგით ტკბობის მოყვარული არ ვარ, სულ ახლის ძიებაში ვარ. ასე ცხოვრება გაცილებით საინტერესოა. მეეჭვება, წარმატების რაიმე კონკრეტული ფორმულა არსებობდეს. თუმცა, ამ კითხვას ასე ვუპასუხებდი: საკუთარი თავის ძიების სურვილი, უკვე წარმატებაა.
-როგორ აფასებენ შენი კოლეგები, მეგობრები შენს შემოქმედებას?
-მეგობრები ყოველთვის სუბიექტურები არიან. მყავს ადამიანები, რომლებიც მაძლევენ ძალიან კონკრეტულ რჩევასა და შენიშვნებს, მომიწოდებენ მეტი აქტიურიბისაკენ. ამ ეტაპზე, ჩემს ანგარიშზეა, რამდენიმე ლიტერატიული კონკურსის ფინალისტობა და ორი პოეტური კრებულის თანაავტორობა…
-როგორ დაახასიათებდი საკუთარ თავს?
-ვარ ენერგიული, ხმაურიანი, მიყვარს ლაპარაკი, სიცილი, შინაგანად სენტიმენტალური და ემოციური ადამიანი ვარ, თუმცა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ სიმტკიცე და გარეგანი სიმშვიდე, თუ გულგრილობა შემძინა. ვფიქრობ, ბევრნაირი ვარ… სხვა ადამიანისთვის კი… გააჩნია ადამიანს და ურთიერთობას.
-ხარ თუ არა შეყვარებული? და თუ მიგიძღვნია ლექსი შეყვარებულისთვის...
-დიდი ხანია არავინ მყვარებია. რაც შეეხება ჩემს ლექსებს, ძალიან დიდი ნაწილი დაწერილია სიყვარულზე და ჩემს ყველა ლექსს ჰყავს კონკრეტული ადრესატი…
-სამომავლო გეგმებზეც მითხარი…
-ბევრი, რამ მინდა და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები გზას, რომელიც ჩემ მიზნამდე მიმიყვანს. თუმცა მინდა, რომ ერთნაირად ვიყო რეალიზებული პირად ცხოვრებაში და კარიერაში. სირთულეს აქამდე არასდროს შევუშინებივარ.
-მადლობა და წარმატებებს გისურვებ.
-მადლობა “ზუგდუდელებს” ჩემი შემოქმედებით დაინტერესებისთვის და მინდა, რომ თქვენს მკითხველს მივუძღვნა ჩემი ერთ–ერთი ლექსი.
ანა ჯალაღონია სპეციალურად “ზუგდიდელებისთვის”

ფერადი ქორწილი

ხერხემლის მალებზე ვეყრდნობი სამყაროს,
ლექსებსაც რითმების მოვარგე ყალიბი,
დღეს მითხრეს თვალებში სინათლე გიკრთისო,
დღეს შენზე ვფიქრობდი და მე მაქვს ალიბი.
მსურხარ და მინდიხარ, ან უფრო მჭირდები,
განცდებმა ფიქრები განსაჯეს და გაკიცხეს,
დღეს აზრი არა აქვს ნივთიერს, ხელსახებს,
ენძელებს, გვირილებს, ვარდებს და ნარცისებს.
მოდი და უბრალოდ სასულეთს შეეხე,
ფიქრებში ვინ იცის, ვის და რას გადარე,
არ მინდა ათასი წითელი ყვავილი,
მოდი და ჩემს სახლთან გრძნობები დაყარე.
ცხოვრება ისედაც ჩამტყდარი ხიდია,
ცოტათი მაგონებს დაგეშილ მიმინოს.
ბეჭედი არ მინდა-თითებიც მეყოფა,
ქორწილიც არ გვინდა-მინდვრებში ვირბინოთ!
ვიღაცას გრძნობები სიყალბე ჰგონია,
“მიყვარხარ”-ს პასუხად აქციეს: “მე რავი”,
ჩვენსავით ერთმანეთს ვერავინ გაუგებს,
ჩვენსავით ნეკნებზეც ვერ დაწერს ვერავინ.
სიტყვები ბევრობენ, ფრაზებიც ზედმეტობს,
სირთულის ზღვარზე მყოფს ფიქრები მერჩიან,
ჯვრის წერა არ გვინდა (ცოტათი ვმკრეხელობ),
უფალი ისედაც, ჩვენშია.
ლექსები ბევრისთვის რითმების გროვაა,
პოეტობს დღეს თითქმის სულ ყველა მოცლილი,
ნიშნობა არ გვინდა-გრძნობებიც გვეყოფა,
ლექსებში გავმართოთ ფერადი ქორწილი!

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!