- ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ ზუგდიდში არსებული მოვლენები ბრიფინგზე შეაფასა, როგორც მერობის კანდიდიატი აცხადებს „ნაციონალური მოძრაობა“ მათთვის არასასურველი შედეგის დადგომის გამო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს საოლქო კომისიის წევრებზე და ზუგდიდში ცდილობს მოვლენების ესკალაციას.
„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივი სახე, რომელმაც განახორციელა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, შეტევა საოლქო საარჩევნო კომისიისა და მისი წევრების მიმართ. დაზიანებულია საარჩევნო კომისიის ინვენტარი. რა თქმა უნდა მათი აგრესია გამოწვეულია იმ შედეგიდან, რომელიც დადგა გუშინ მე-11 საოლქო საარჩევნო უბნების გადათვლის შედეგად. აქვე აღსანიშნავია, რომ გაბათილებული ბიულეტენების გადათვლის პროცედურა ჩატარდა საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვით. ესწრებოდა მას თექვსმეტივე კომისიის წევრი, აქედან 13-მა მხარი დაუჭირა გადათვლის პროცესის დაწყებას, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელმა და მხოლოდ და მხოლოდ სამმა – ნაციონალური მოძრაობიდან, ლელოდან და ევროპული საქართველოდან არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. ასევე აღსანიშნავია, რომ გადათვლის შედეგად ოპოზიციურმა პარტიებსაც დაუფიქსირდათ მათ სასარგებლოდ შედეგები. მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ რაც მათ საზიანოდ უკვე წამოვიდა კონკრეტული და რეალური ხმები, რომელიც იყო ყუთში და რომელიც აფიქსირებდა ნებას ჩვენი ამომრჩევლის ეს გახლდათ მათი გაღიზიანებისა და პროტესტის მიზეზი“ – აღნიშნა მამუკა წოწერიამ.
ზუგდიდის მერობის კანდიდატის განმარტებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ხმის დათვლის პროცედურის დაწყებამდე პრეტენზია არ გამოუთქვამთ, არ დაუფიქსირებიათ არც კონვერტის ან ლუქის დარღვევაზე პრეტენზია და რეალურად დებოში მას შემდეგ ატეხეს, რაც ნახეს, რომ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები კონვერტიდან არ ამოდიოდა: „არცერთ მათგანს ხმის დათვლის პროცედურის დაწყებადმე ერთი პრეტენზიაც არ გამოუთქავამს, რომ კონვერტი იყო დარღვეული ან ლუქის მთლიანობა იყო დარღვეული. როგორც მოგეხსენებათ ამ პროცესს ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ასევე, სადამკვირვებლო მისიით არიან და არც მათგან ყოფილა რაიმე ეჭვი ან პრეტენზია დაფიქსირებული ხმის გადათვლის პროცედურებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ „ქართული ოცნებისთვის„ მთავარია ამომრჩევლის ნება და ჩვენ დავიცავთ ჩვენი ამომრჩევლის ხმებს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ აქვს მნიშვნელობა თუ რა აზრი გამოხატა, რა ნება დააფიქსირა ჩვენმა ამომრჩეველმა, მათთვის მთავარია მათი წარმოსახვითი ყალბი რეალობის გაფორმება“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ. მმართველი გუნდის ზუგდიდის მერობის კანდიდატის განმარტებით გასაკვირი არ არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი წარმომადგენლების მხრიდან სიცრუის ტირაჟირება და მათი მოტივი ერთადერთია: „ეს არის მათ მიერ წინასწარ დაანონსებული უმრავლესობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომლის მოლოდინი დაასრულა გუშინდელმა დღემ და სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა ამ სიცრუისა. რეალურად დადგა ის შედეგი, რომელითაც ჩვენმა კანდიდატმა სოსო გოგოხიამ პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ის აფიქსირებდა ოფიციალური შედეგების გამოცხადების მომენტისთანავე, რომ მას ქონდა უპირატესობა მისი კონკურენტის მიმართ რაც დადასტურდა გადათვლების შედეგებით. დღევანდელი დღე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ქმედების შედეგი და დააკვირდით მათ ვერბალურ ნაწილს მათ ტერმინოლოგიას – „ყველანი ციხეში“. მათ ატაცებული აქვთ მათივე ბელადის ეს სლოგანია. „ნაციონალურ მოძრაობას“ ქართველი ხალხი ციხის გარდა ვერსად ვერ წარმოუდგენია. აქიდან გამომდინარე ღირსეულ პასუხს მიიღებენ 30 ოქტომბრის არჩევნებში და არც ზუგდიდის მოსახლეობა არ იქნება გამონაკლისი, რომელიც საბოლოოდ უარს ეტყვის მძიმე წარსულში დაბრუნებას და ორი ალტერნატივიდან: განვითარების, პერსპექტივასა და მძიმე წარსულში დაბრუნებას შორის ღირსეულ არჩევანს გააკეთებს. აქედან გამომდინარე დაველოდოთ ნაციონალური მოძრაობის მთავარ გამაღიზიანებელ ფაქტორს – 30 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატისა და მეორე ტურში მაჟორიტარობის კანდიდატის ღირსეულ გამარჯვებას. მერწმუნეთ ზუგდიდი, არ გახდება თანაზიარი, ავადსახსენებელ კასტილიან მანიაკთან ასოცირებულ ძალასთან“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.