“ზუგდიდელების” სტუმარია “შენების მოძრაობის” ზუგდიდის #1 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაია ღურწკაია.
– ზუგდიდელებისთვის ცნობილი სახე ხართ, მაგრამ, მაინც მოგვიყევით თქვენზე.
– როცა ჟურნალისტებთან ვარ, თავისუფლად ვსუნთქავ და ეს არაერთხელ მითქვამს, იმიტომ რომ ეს ჩემია, ჩემი პროფესიაა. 2008 წლიდან ვარ პოლიტიკაში და ვაპირებ, ჩემი კვალი, რა თქმა უნდა, დადებითი, დავტოვო ზუგდიდის რეალობაში. ამჟამად ვარ “შენების მოძრაობის” ზუგდიდის #1 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
– რა გეგმებს უკავშირებთ ადგილობრივ არჩევნებს?
-ზუგდიდის სინამდვილეში, გვაქვს ძალიან მძიმე რეალობა. თვითმართველობის რეფორმამ, რომელსაც მოქმედი დეპუტატების უმრავლესობამ ბრმად დაუჭირა მხარი, მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად, დაგვიტოვა საბჭოური ეპოქის რაიონი. მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ადგილობრივ ბიუჯეტზე წვდომა ნაკლები გვექნება, ვერ გავაკონტროლებთ ბიუჯეტის შემოსულობებს და არავინ შეგვეკითხება მისი ხარჯვითი ნაწილის ანალიზს, ანუ, აბსოლუტურად ვიქნებით ცენტრალიზებული და ცენტრზე დამოკიდებული, საგრძნობლად შემცირდება ბიუჯეტი და ვერ დავამტკიცებთ საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმას, ვერ გავაკონტროლებთ საკუთარ შემოსავლებს და ამ ყველაფრით, საგრძნობლად, შეფერხდება მუნიციპალიტეტის განვითარება, სწორედ ამ გარემოებებმა, დაგროვილმა ხარვეზებმა, მიბიძგა გადამედგა ეს ნაბიჯი და საკრებულოში მოხვედრის შემთხვევაში, თავდაუზოგავად მებრძოლა ცენტრთან პროექტების წართმევაში, დიახ, “წართმევაში”. აქცენტი მხოლოდ ინფრასტრუქტურას არ ეხება, ამ ეპოქაში, ქალაქის ცენტრალურ უბნებშიც კი, გვაქვს გაუვალი, ამორტიზირებული ქუჩები, ასფალტის საფარი, რომელიც ჩვენი მშობლების მიერ საკუთარი სახსრებით იყო დაგებული წყალმომარაგების პროექტის განხორციელებისას. რამდენჯერმე ამოითხარა, როცა აღნიშნული პროექტის განხორციელება ერთი გათხრითც განხორციელდებოდა. შედეგად განადგურდა გზის სავალი ნაწილი და გარემო პირობები. მზიან ამინდში მოსახლეობა მტვრის ბუღის გამო ფანჯრებს ვერ აღებს და ნალექიან ამინდში კიდევ წყლისა და ტალახის დამდგარი გუბეებია. თუმცა, ეს იმ პრობლემასთან შედარებით შეგუებადია,-ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და ზოგადად, სამეგრელოს მოსახლეობას საარსებო მინიმუმიც ხელიდან გამოეცალათ, დადგა კრიტიკულად მძიმე ფონი, რომელიც, ხელისუფლების მხრიდან ასეთი უგულო დამოკიდებულებით სოციალურ აფეთქებამდე მიგვიყვანს. მავნე მწერთან დაგვიანებულმა პრევენციამ, მოსახლეობა, შიმშილის ზღვარზე მიიყვანა. როგორც ახლა, ჩემი გამარჯვების შემთხევაშიც, ჩემი პრიორიტეტი, მოთხოვნა, ინიციატივა, გეგმა, თუ რაც გნებავთ ის დავარქვათ, იქნება მოსახლეობისთვის კომპენსაციის ანაზღაურება. როდესაც ხელისუფლებას არ ჰონდა, არ აქვს და არც განიხილავს მისი მოქალაქეების დასაქმების გეგმას, ჯიუტად იმეორებს რომ არ აუნაზღაურებს კომპენსაციას, იგრძნობა, რომ ხელისუფლება არ ზრუნავს მის მოქლაქეებზე და ხელისუფლებას არ უნდა ესმოდეს მისი მოქალაქეების მაჯისცემა. დიახ, სწორედ კომპენსაციის მოთხოვნა და ბედის ანაბარა დარჩენილი მოსახლეობის დახმარება, არის ჩემი უპირველესი მიზანი საკრებულოში მოხვედრის.
ჩემი პროგრამის პრიორიტეტი სოციალური პროექტები და ჯანდაცვაა. ადგილობრივ ბიუჯეტში გაწერილი სოციალური პროგრამები უნდა იყოს უფრო მოქნილი და მოქალაქეეზე ორიენტირებული, ამ პროგრამით უნდა იხეიროს ბენეფიციარმა და მას პროგრამის ცხრილის შევსების ფუნქცია არ უნდა ჰქონდეს. ჩემი მეგობრის, გიზო სართანიას იდეა და პროექტი იყო მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახებისთვის სახლები აგვეშენებია. 2012 წელს, 200-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავდა ბაზაში, რომელთა საცხოვრებელი სახლები რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა და ოჯახს ახლის აშენების სახსრები არ ჰქონდა. მაშინ ის გამგებლის მოადგილე იყო. როგორც გამგებელი, ასევე ყველა სამსახურის უფროსი, წინააღმდეგი იყო ამ პროექტის, მაგრამ ღმერთმა ინება და ეს პროექტი ჯერ კიდევ ხორციელდება. ჩემი მიზანია, იგივე პროექტი ქალაქშიც დაიწყოს.
ჩემი პროგრამის პრიორიტეტული ნაწილია სკოლამდელი აღზრდა და განათლება. ყველა ბაღში სასკოლო მზაობის ჯგუფები და ღირსეული გარემო პირობები. აღმზრდელის კვალიფიკაცია უნდა იყოს აუცილებლად სკოლამდელი აღზრდის განათლებისა და პედაგოგიკის მეთოდისტი და არა ზოოვეტერინარი, ან სტილისტი. ძალიან ბევრი ადამიანი შემხვედრია სოფლებში კრებებზე, რომლებიც გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, რომ მათ ბავშვებს, ბაღებში, მეგრულ ენაზე ესაუბრებოდნენ და გამოსაყვანად მისულ მშობლებს ჯგუფიდან პედაგოგების წყევლა-კრულვა ესმოდათ. საბავშო ბაღი სწორედ ის ადგილია, სადაც ვითხოვ პროფესიონალ და შესაბამისი განათლების მქონე აღმზრდელს.
მე მადლობა მინდა მოვუხადო წინა ხელისუფლებას განხორციელებული პროექტებისთვის, განათებისთვის, ანაკლიის, მესტიის საკურორტო პოტენციალის შექმნისთვის, მოქმედ ხელისუფლებას მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისთვის, ყინულის სახლისთვის, მაგრამ, ამ ყველაფერს სჭირდება სათანადო მოვლა, სწორად მართვა და ახალი და უკეთესი პროექტების დამატება, სწორი მენეჯმენტი, მოქმედი და აღორძინებული ეს კულტურის კერები და არა გაუქმებული.
ხელისუფლებების ცვლილებების შემდეგ, რატომღაც, ყველა მმართველი, დროის ათვლას მისი მოსვლის დღიდან იწყებს და დროის უმეტეს ნაწილს მისი წინამორბედის მანკიერების კრიტიკას უთმობს. სწორედ ის დროა, მოვიდნენ, ხელისუფლებაში, წარმომადგენლობით ორგანოში, ისეთი ადამიანები, რომლებიც გამოცდილებით, განათლებით, მოქნილი პროგრამებითა და გონივრული გადაწყვეტილებებით ჩაერთვებიან საკუთარი მუნიციპალიტეტის მართვაში. ჩემი და ჩემი “შენების მოძრაობის” კრედო და სლოგანი „რაც კარგია, ვუვლით! რაც ცუდია ვცვლით! რაც გვაკლია, ვქმნით“ -სწორედ იმ რეალობას პასუხობს, რაც ამ წუთას უალტერნატივოა უკეთესი თვითმართველობისთვის.
სწორად შენება და აღორძინება, ჩვენი კუთხის თითოეული მოქალაქის ჩართვა თვითმართველობის საქმიანობაში, ბიუჯეტის დაგეგმარებაში, თუ ასეთ შემთხვევას გაერთიანების შემდეგ ექნება ადგილი. ჩემი მიზანია, საბიუჯეტო წლის დაგეგმვის პერიოდში, მოვიწვიო და ჩავრთო ინტელიგენცია, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ხელოვანები და სპორტსმენები და მათი ჩართულობით დაიგეგმოს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარება.
ჩემი პრიორიტეტია ადამიანი, მოქალაქე და ზრუნვა მის კეთილდღეობაზე, ჯანდაცვაზე, მის განათლებაზე და ღირსეულ დასაქმებაზე. ინვესტიციების მოზიდვა და ინვესტორებისთვის ხელშეწყობა დასაქმების პროექტებში. 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ესტუმრა სოფელ ოდიშს, მან განაცხადა, რომ ზუგდიდში აშენდებოდა საკონსერვო ქარხანა, მაგრამ დღეს, 2017 წელია და ჯერ საძირკველიც არ ჩანს.
– რამდენად სამართლიანია საარჩევნო გარემო, რა დადებითი და უარყოფითი პრეცენდენტები ახლავს წინასაარჩევნო კამპანიებს?
– როდესაც ადმიანები ხელისუფლებაში მოდიან, ეჩვევიან თანამდებობრივ პრივილეგიას და ვადის გასვლის შემდეგაც უჭირთ მისი დათმობა, სავარძლის დაკარგვით გამოწვეული შიშის გამო, სჩადიან ათასგვარ სისაძაგლეს და კანონ საწინააღმდეგო ქმედებებს,- საჯარო რესურსის გამოყენება, დაშინება, მუქარები… ამ რამდენიმე დღის წინ, ქალაქის მერიამ აიპის თანამშრომლებს მოსთხოვა სიები ადამიანების, რომლებსაც “ქართული ოცნების” სასარგებლოდ უნდა გააკეთებინონ არჩევანი. სიაში უნდა ყოფილიყო ხუთი ადამიანის ვინაობა და პირადი და მობილურის ნომერი. მერიის წარმომადგენელი დაემუქრა თანამშრომლებს, თუ რომელიმე მათგანი სხვა პარტიის საარჩევნო კომისიის წევრები იქნებოდნენ, გარდა “ქართული ოცნებისა,” ისინი თანამდებობებს დატოვებდნენ. ეს ხდებოდა შარშან გამგეობაში და იგივე მეორდება წელსაც. ამ და სხვა დარღვევბს მაშინ მიმართავს სახელისუფლო პარტია, როდესაც თვითონაც გრძნობს, რომ არ აქვს მხარდაჭერა და ნდობა მოქალაქეებში და მას მხოლოდ ზეწოლისა და დაშინების ვერსია დარჩა გამოსაყენებლად კამპანიაში.
ჩემი დამარცხების შემთხვევაშიც, არ ვაპირებ თუნდაც ერთი ხმა დავთმო. ყოველ დღე ვხდები უამრავ ადამიანს და სახელებითა და გვარებით ვიცი ვინ მიჭერს მხარს. ისე, როგორც შარშან, ოდიშისა და ტყაიის უბნებში მოხდა ოქმების გადაწერა და ხმების გაქრობა, თუ იგივეს მცდელობა იქნა, პირობას ვაძლევ ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის უფროსს და მხარის გუბერნატორს, ყველა სამართლებრივ გზას მივმართავ, ყველა აპრობირებულ საპროტესტო საშუალებას გამოვიყენებ, რომ საბოლოო შედეგები რეალურად იქნას ასახული. შარშანდელი პრეცენდენტის, სენაკიდან ჩამოყვანილი მოქალაქეების სხვა და სხვა უბნებში ტარებას თუ ექნება ადგილი, მმართველი გუნდის მხრიდან, აუცილებლად დავაყენებთ ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხს.
– ადამიანი რომელსაც რჩევას ეკითხებით…
– დედას და ალიკა ახვლედიანს, რომლებსაც ბოლომდე ვენდობი. ვისმენ, ვიზიარებ და ვითვალისწინებ ალიკას რჩევებს. ეს არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს და მოქმედებს სახელმწიფოებრივად. არის პატრიოტი.
– გადაწყვეტილებებს როგორ იღებთ?
– სხვათაშორის, ნაჩქარევად და ნაუცფათევად არა. ძალიან ბევრ ადამიანს ვეკითხები აზრს. უმრავლესობის გადაწყვეტილება მაინც ძლიერია. თუმცა ბევრჯერ, მხოლოდ საკუთარ გონებას მივენდე.
– რას ნიშნავს თქვენთვის ზუგდიდელობა?
– ძალიან ბევრი შემთხვევა მქონდა დამეტოვებინა ზუგდიდი და უკეთესი პირობები მქონოდა. ძალიან მალე, უმოკლეს დროში, მენატრება ხოლმე ჩემი სახლი, ძმისშვილები, ჩემი ქალაქი. ჩემი ნათესავების ოჯახები, ბევრი, საზღვარგარეთ ცხოვრობს. ამ საარჩევნო პერიოდში, ნაცვლად იმისა, გავემხნევებინეთ, ყველა თავისკენ მეძახის. „რა გინდა ზუგდიდში, დატოვე საქართველო და ჩამოდიო“. წასვლის რეალური შანსებიც მაქვს, მითუმეტეს, გერმანული ფესვები მაქვს. ჩემი დიდი ბებია გერმანელი იყო, ჩემი გამზრდელი ბებია მიუნხენში დაიბადა, როცა პაპა ემიგრანტი იყო, მაგრამ, არ ვაპირებ ახლო მომავალში, დიდი ხნით, დავტოვო ჩემი ქვეყანა. აქ მინდა ვიყო წარმატებულიც და წარუმატებელიც, ჩემებთან, ჩემს ქალაქში და ვიცხოვრო იმ ცხოვრებით, როგორითაც ჩემები. სხვაგან ბედნიერი ვერ ვიქნები.
მე ჩემი კუთხის სწორად შენებისთვის ვიბრძოლებ. მინდა, გავიმარჯვო იმიტომ, რომ რაც კარგი გვაქვს, მოვუარო და რაც ცუდია-შევცვალო.
შენების დროა!