მაია ბუწაშვილი-ცხელ დღეებში, არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში


  • ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორიც ახლაა, არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში – განსაკუთრებით საშიშია გაჩერებულ მანქანაში ბავშვის ყოფნა,- ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორიც ახლაა, არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში. ასეთ დროს შესაძლებელია სხეულის ტემპერატურის აწევა. მშობლები როდესაც ხედავენ, რომ ბავშვი კარგად არ გრძნობს თავს, სიცხეს უზომავენ და ტეპმერატურა მომატებულია, იწყებენ მიზეზის ძებნას და გამოკვლევებს. ვინაიდან ასეთი შემთხვევები ახლა არაერთია, როცა ბავშვს უბრალოდ გადახურების გამო აეწია ტემპერატურა და არავითარი ინფექციური დაავადება არა აქვს, ამიტომ ვიფიქრე ეს დამეწერა.

სხეულის გადახურებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ძლიერი საერთო სისუსტე, ზოგჯერ შეიძლება გულის წასვლაც, თავის ტკივილი, ძილიანობა, ღებინება. განსაკუთრებით საშიში სიმპტომია დეზორიენტაცია. თუ ბავშვი სითხეს ვერ იღებს ან აღებინებს, საჭირო ხდება სითხის გადასხმა. პირველი დახმარებაა გრილ ადგილას მოთავსება, ბევრი სითხის მიცემა, ცივი ტილოს დადებით სხეულის გაგრილება. გართულებულ შემთხვევებში სამედიცინო დახმარება აუცილებელია.

სხეულის გადახურება განსაკუთრებით ადვილად ხდება ბავშვებში, რადგან ბავშვის ორგანიზმს უფრო მეტად უჭირს გარემოს მაღალ ტემპერატურასთან ადაპტირება, ოფლის გამოყოფაც უფრო ნელა ხდება და გაუწყლოებასთან დაკავშირებული მოვლენებიც უფრო სწრაფად ვითარდება. სხეულის გადახურების რისკი მატულობს მაღალი ტენიანობის პირობებში. ხშირია მოზარდებში, რომლებიც სიცხეში ვარჯიშობენ.

განსაკუთრებით საშიშია გაჩერებულ მანქანაში ბავშვის ყოფნა სიცხის დროს. აშშ-ში ჩატარდა კვლევა ამ საკითხის შესასწავლად. ყოველწლიურად აშშ-ში რეგისტრირდება ბავშვების სიკვდილის შემთხევევები მანქანაში გადახურების შედეგად. წელს 13 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, 2021 წელს – 21.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ მცირედ ჩაწეული ფანჯრები არ არის საკმარისი სხეულის გადახურების თავიდან ასაცილებლად. ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ გარემო ტემპერატურა 30 გრადუსზე მაღალიც საკმარისია იმისთვის, რომ გაჩერებულ მანქანაში ბავშვის გადახურებისთვის სარისკო ტემპერატურა იყოს.

მოკლედ, გავუფრთხლდეთ ბავშვებს და მოვარიდოთ სიცხეს, განსაკუთრებით სიცხეში გარეთ თამაშს. იმედია, ჩვენთან პარკირებულ მანქანაში ბავშვების დატოვების შემთხვევები არ გვაქვს, თუმცა ვინ იცის”.-წერს მაია ბუწაშვილი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!