ლუკა კიტია: გერმანია ყველაზე უკეთ უმკლავდება პანდემიას


  • ზუგდიდელი ლუკა კიტია გერმანიაში, ქალაქ მარბურგში ანთროპოლოგიის, ევროპული ეთნოლოგიის და რელიგიის მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობს და კორონავიდ ვირუსის განსაცდელს, სხვა გერმანელებთან ერთად, ებრძვის. “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ ფრანკფურტიდან თუ ფრენას დაინიშნება, საქართველოში ჩამოვა.

ლუკა კიტია: “უკვე ორი წელია ვსწავლობ გერმანიის ქალაქ მარბურგში, ჰესენის მიწაზე. მთელ გერმანიაში უკვე Covid 19-ის 114 000 ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ჩემს ქალაქში კი, 200 ზე მეტი. ამ ქვეყანაში, ვირუსით სიკვდილიანობის შემთხვევები ყველაზე ნაკლებად ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპაში ყველაზე კარგად პანდემიას გერმანია უმკლავდება.

ამ მოვლენების დაწყებამდე, ყველაფერი, ჩვეულ რიტმში მიდიოდა, სემესტრი დავხურე თუ არა, არდადეგების დადგომისთანავე, დაიწყო პანდემია. ყველას მოგვიწოდებენ, რომ კარგი ამინდის მიუხედავად, დავრჩეთ სახლში და შევინარჩუნოთ სიმშვიდე.

მარკეტებისა და აფთიაქების გარდა ყველაფერი დაკეტილია. მარკეტებში, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შედის ერთდროულად. რიგში ვდგავართ გარეთ და ვიცავთ დისტანციას. ვცდილობთ,  მოვიმარაგოთ იმდენი საკვები, რომ ხშირად არ მოგვიწიოს სახლიდან გასვლა.

პირბადეებს თითქმის არავინ არ ხმარობს, მაგრამ მე მაინც მაქვს,-ხელთათმანი, პირბადე და სათვალე. ჩემს ქალაქში, ძირითადად,  სტუდენტები ცხოვრობენ და ასეთ კარგ ამინდში უკვე ვეღარ ძლებენ სახლში. გადიან გარეთ, ხვდებიან ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ორზე მეტი ადამიანის შეკრება არ არის დაშვებული (ისიც ერთი ოჯახიდან უნდა იყოს). ახალგაზრდები სეირნობენ, დისტანციის დაცვით. ხან თამაშობენ, სვამენ ლუდს და ერთობიან, მიუხედავად ყველანაირი გაფრთხილებისა. უნდა ვაღიარო, რომ ერთი-ორჯერ მეც “შევცოდე” და შევხვდი რამდენიმე მეგობარს. ტრანსპორტში ხალხი კარგად იცავს დისტანციას და ყველაფერი ხშირად სუფთავდება.

სწავლა 20 აპრილს მეწყება ონლაინ რეჟიმში და დიდი ალბათობით, მთელი ეს სემესტრი ასე გასტანს. ჩემს გარდა, აქ კიდევ რამდენიმე ქართველი სტუდენტია და ყველას გვინდა სამშობლოში დაბრუნება… მაგრამ აქედან, ბერლინი ძალიან შორსაა და ფრანკფურტიდან სპეცრეისი კი, არ იგეგმება… ასე, რომ ვრჩებით, ჯერჯერობით, სადაც ვართ და ვიმედოვნებთ, პანდემიის გაჩერდება. აქ ვარაუდობენ, რომ სადღაც ორ თვეში სიტუაცია გამოსწორების გზას დაადგება. დიდ მოკითხვას ვუგზავნი ზუგდიდელებს და მთელს სამშობლოს. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!