ლუკა კანკიას ისტორიული ფილმების გმირი უნდა გახდეს

  • ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმში “იხვებზე ნადირობა” მთავარი გმირის, როლს ასრულებს, ზუგდიდელი ლუკა კანკია (რეჟისორი გიორგი ქობალია). ნორჩი მსახიობი, მეორე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელია, იმავდრულად, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელი.

ლუკა კანკია: “მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში 2016 წლიდან ვარ. თავიდან, აწგარდაცვლილ ქალბატონ ნინელი ჭითანავასთან დეკლამაციას ვსწავლობდი. შემდეგ ვიყავი “თეატრალურ დასში” მერაბ კაკალიასთან. რამდენიმე სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა.

როგორ მოხვდი ფილმში “იხვებზე ნადირობა”?…

-მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა ნატალია კემულარიამ, მითხრა ფილმის ქასტინგის შესახებ. ქასტინგზე ყველაზე ადრე, პირველი მივედი. მითხრეს, ფილმი მეგრულ ენაზე იქნებოდა. ცოტა შევშინდი, ვნერვიულობდი… მოგვიანებით, დამირეკეს და მითხრეს როლზე დამტკცებული ხარო. სიმართლე გითხრათ, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, არ ველოდი დადებით შედეგს.

-ვინ არის შენი პერსონაჟი?

-ჩემი პერსონაჟი აფექტის მდგომარეობაში მყოფი ბიჭია. შეშინებულია ნადირობის სეზონზე გაუცნობიერებლად ჩადენილი დანაშაულის გამო. სამწუხაროდ, ფილმი ფესტივალზეა წარდგენილი და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ… სულ ესაა, რისი თქმაც შემიძლია.

-როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდა გადამღებ ჯგუფთან?

-ყველასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. დაახლოებით 15 კაციანი ჯგუფი იყო. გადაღებები მიმდინარეობდა ფოთში, პალიასტომის ტბაზე. მსახიობებს ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ. ჯერ კიდევ ემოციების, შთაბეჭდილელების ქვეშ ვარ. საინტერესო იყო ფილმის გადაღების მომენტში მოსმენილი ისტორიები, ხუმრობები. საინტერესო აღმოჩნდა პროფესიონალ მსახიობებთან: ჯანო იზორიასთან, გიორგი სურმავასთან, თამარ აბშილავასთან და ზაალ გოგუაძესთან მუშაობა. ფილმის რეჟისორი გიორგი ქობალია  ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მსახიობები შებოჭილები არ ვყოფილიყავით და თავისუფლად გვეგრძნო თავი. გადაღებები ორი დღე მიმდინარეობდა. ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისგან დიდი გამოცდილება მივიღე.

-კამერასთან მუშაობა ხომ არ გაგიჭირდა?

-სხვათაშორის არა. გადაღებები მთელი დღე მიმდინარეობდა, მაგრამ დაღლას ვერ ვგრძნობდი. დაძაბულად არ მიგვრძნია თავი. ვფიქრობ, როცა ადამიანი კამერასთან დაძაბულად თუ გრძნობს თავს, ეს ფილმსაც და როლსაც ეტყობა. ფილმი, რომ ვნახე, მომეწონა, მაგრამ მქონდა იმის განცდა, რომ უკეთ შემეძლო თამაში.

-ლუკა, რა განსხვავებაა ფილმსა და სპექტაკლში თამაშს შორის…

-თეატრში თამაში უფრო რთულია, რადგან შეცდომის უფლება არ გაქვს მაყურებლის წინაშე. ფილმი ჰგავს სცენაზე გენერალურ რეპეტიციას. თუ შეცდომა მოხდა, შეგიძლია დუბლი თავიდან გადაიღო.

-რა არის ის მთავარი თვისება, რომელიც მსახიობს უნდა ახასიათებდეს?

-უპირველეს ყოვლისა, თავისუფალი უნდა იყოს. კომპლექსები არ უნდა ჰქონდეს და უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის.

–გაქვს საოცნებო როლი?

-დიდი სიამოვნებით,  ვითამაშებდი ქართულ ისტორიულ ფილმებში.

-გამიკვირდა, როცა მითხარი პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინისა და არქიტექტურის ფაკულტეტზე ვაბარებო.…

-დიახ, ასე მოხდა, მაგრამ მსახიობობას არასდროს დავანებებ თავს.

-და ბოლოს…

-…და ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის რეჟისორ გიორგი ქობალიას და მთელ შემოქმედებით ჯგუფს თანამშრომლობისთვის.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.