“ლიტდებიუტის” ტალღაზე უნდა გადმოგრთოთ”…

(ავტოპორტრეტი)

მე ივდო ოტობარი ვარ…

გულწრფელი რომ ვიყო მკითხველთან, ვიტყვი, არ არის აუცილებელი იმ კონკრეტულ ადგილას დაიბადოთ, რათა ის ადგილი მშობლიური გახდეს. სრულიად უცხო ადამიანები რომ “გვე-ჩემ-ება” ესეც მსგავსი შემთხვევაა.

ჩვეულებრივი გოგო ვარ, ბნელი 90-იანებიდან და ჯერაც არ გათენებულა. ამიტომ პარალელურ განზომილებაში ვცხოვრობ.

ჩემი სამყარო კაშკაშა ყვითელია, როგორიც მინდვრის ბაია. სიყვარულიც და ჩემი ადამიანებიც “ყვითლები” არიან.

მარტი მიყვარს, გიჟია და ცვალებადი ძალიან მგავს.

ვნანობ არაფერს, მიყვარს ყოველთვის, მგონი დაბადებიდან შეყვარებული ვარ.

ვამაყობ ელფით ( ცოტა ინტრიგა),  ვუღიმი ყველას.

ვიშვილე ტკივილები, მათაც სჭირდებათ ყურადღება, სულ “ბუად” გამოგვყავს ადამიანებს.

არ მიყვარს ტყუილი.

მომწონს პოლიტიკა ოღონდ ქართული არა.

ვმეგობრობ მზესთან.

ვიპარავ ღიმილს, ვიგროვებ მზის სხივებს (სულში), ვცხოვრობ პეპელასავით, ანუ აწმყოთი. დავდივარ ქარის ჭკუაზე.

მძულს სტერეოტიპები.

ვუფრთხილდები ნერვებს, როგორც შემიძლია.

თავი წარმომიდგენია კატად.

ვაფასებ ბუნებრიობას, ამიტომ ვცდილობ, უშნო წიგნის საინტერესო ფურცელი ვიყო.

ამიერიდან, “ლიტდებიუტის” ტალღაზე უნდა გადმოგრთოთ.

“ზუგდიდელების”  ონლაინ “ცისფერ ოთახში” დავდგი ჩემი ლიტერატურული სამუშაო მაგიდა. სხვა რაკურსით დაგანახებთ შემოქმედებს, როგორც დამწყებ, ისე უკვე ცნობილ ადამიანებს… ბევრი კარგი ალავერდი გველოდება… მე თქვენამდე მოსვლა არ მეზარება, ნურც თქვენ დაიზარებთ და გადადებთ ჩემთან შეხვედრას. ლიტერატურის მოყვარულებს ჩემი ტელეფონიც გქონდეთ: 574235718.  შეგიძლიათ ფეისგვერდეზეც მომძებნოთ. ჩემი ერთი ლექსიც წაიკითხეთ:

 ავტოპორტრეტი…

ილაპარაკე, მეგობარო, ენა უძვლოა,

რომ ვერ ვერგები ნახატისთვის განკუთვნილ ჩარჩოს,

ბრბოსთვის ხომ ვიცი, ქრისტეს მსგავსად,  შორი, უცხო ვარ,

რადგანაც მიყვარს შეცდომებზე როდესაც ვსწავლობ.

სხვა ვერ გაიგებს რომელია სწორი, ან მრუდე,

სხვის მაგალითზე ვერ ავაგებ, რასაც ვაშენებ,

ოქროს გალიას მირჩევნია პატარა ბუდე,

თუნდ დღენიადაგ ქარს გაჰქონდეს, უშნოდ წეწავდეს.

თუნდაც მეტკინოს, ამერიოს საერთოდ თავგზა,

ვადაც დაკარგონ ცრემლებმა და ეულად დავრჩე,

ცხოვრებას მაინც დავამსგავსებ ჩემებურ ზღაპარს

დასაწყისში რომ გეშინია ბოლოს კი ამჩნევ:

დედინაცვალიც მოიტოვე, დევიც გალახე,

ხახვის ფურცლებიც ადგილზეა, ყველა უკლებლივ,

თუმცა ორჭოფობ, აღიარებ საკუთარ თავთან

უკან არ წახვალ და წარსულში არ დაბრუნდები,

რადგან ბრძოლისთვის დაიბადე, ცეცხლშიც გაივლი

იმ შემთხვევაში თუ მეზღაპრე განსაცდელს გიწყობს.

არაფერია ცხოვრებაზე უფრო ადვილი

და მასზე რთულიც მეეჭვება რაიმე იყოს.

 

 

 

 

 

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.