ლიზი მიქაძე,-გოგონა გადაცემიდან „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“


 ყოველ ოთხშაბათს, რვა საათზე, პირველ არხზე, გადის გეიმ-შოუ „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“, სადაც მონაწილეობას ღებულობს ზუგდიდელი ლიზი მიქაძე. ლიზი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინგირის #1 საჯარო სკოლაში სწავლობს. სხარტი და გონებამახვილი გოგონაა. უყვარს სწავლა, განსაკუთრებულად საქართველოს ისტორია. ლიზიკო საგანმანათლებლო პროექტებში და სხვადახვა ტურებში ღებულობს მონაწილეობას.

„სკოლის დირექტორს ქალბატონ ინეზა კვიტატიანს უნდოდა პროექტში მიმეღო მონაწილეობა. მეც დავთანხმდი და ქასტინგზე გავიარე ტესტირება, გასაუბრება და მოვხვდი პროექტში. ეთერში უკვე სამი გადაცემა გავიდა. ეს ის გადაეცემაა, რომელიც ბავშვებს  ახარებს. ეს გადაცემა არის შანსი ჩვენი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის “.

-პროექტში მონაწილეობამ რა მოგცა?

-ბევრი რამ: პირველ რიგში, კამერასთან მუშაობა. მეტი გავიგეთ ჟურნალისტიკის შესახებ.

-პროექტში შენს გარდა, კიდევ არიან ზუგდიდიდან?

-დიახ. ყველაზე მეტი მონაწილე იყო ზუგდიდიდან. ამჟამად პროექტში მონაწილეობას ღებულობს კოკიდან ვერიკო ნარმანია.

-კადრს მიღმა რა ხდება?

-კულისები ძალიან საინტერესო და სახალისოა. გვაცნობენ გადაცემის სტუმარს. მათთან ვკონტაქტობთ, ვსაუბრობთ და ვეცნობით ერთმანეთს. გავიცანი მომღერლები: ლიზა ყენია, სალომე ბაკურაძე, ზურა ხაჩიძე. ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძალიან ბევრი ცნობილი პიროვნება.

რას მეტყვი კონკურსანტებზე?

-ძალიან ჭკვიანები და მეგობრულები არიან.

-წამყვანი მუდამ ცდილობს თქვენს გამხნევებას…

-წამყვანი არის დავით ველიჯანაშვილი. ძალიან მხიარული და საინტერესო ადამიანია. რეჟისორი გახლავთ თემურ კვირკველია. ბავშვებთან კომუნიკაბელურია და მასთან კონტაქტი არ გვიჭირს.

-როგორ ფიქრობ, რა შანსები გაქვს?

-ოპტიმისტური განწყობა მაქვს. ჩემი აზრით, შეიძლება ჩვენმა გუნდმა მოიგოს და დავიმსახუროთ სხვადასხვა პრიზები.

-ალბათ, ქუჩაში უკვე გცნობენ?

-კი. ბევრჯერ მკითხეს, ტელევიზორში გნახე და მართლა შენ ხარო. სხვათაშორის, ეს ძალიან სასიამოვნო მომენტია. ამ დროს, ყველაზე მეტად შენი ქალაქის მხარდაჭერას გრძნობ. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ.

-შენს წარმატებას როგორ შეხვდა სკოლა და კლასელები?

– სკოლა და კლასელები მუდამ მგულშემატკივრობენ. ხშირად მეუბნებიან, რა მაგარია ჩვენი სკოლიდან, რომ ღებულობ მონაწილეობასო. ნებისმიერ პროექტში მონაწილეობა დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ყველაფერი უნდა გააკეთო იმ ადამიანებისთვის, ვისაც შენი სჯერა და ეიმედები.

-როგორც ვიცი, სხვადასხვა აქტივობებში ხარ ჩართული?

-დიახ. ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ძალიან ბევრ პროექტში ვარ ჩართული. ამის გარდა, სკოლის სხვადასხვა ტურებში ვღებულობ მონაწილეობას.

-შენზე მითხრეს, ხატავსო და პორტეპიანოზეც კარგად უკრავსო….

-დიახ. ვსწავლობ სამხატვრო სკოლაში. შეიძლება ითქვას, რომ ხატვა ჩემი ჰობია. ძალიან ბევრი ნახატი მაქვს შექმნილი. ძირითადად, პორტრეტებს ვხატავ. დავდივარ ზუგდიდის საგუნდო-სამუსიკო სკოლაში, ფორტეპიანოზე ვუკრავ და ვმღერი. მეშვიდე წელია ვცეკვავ  ანსამბლ „მზეკარში“. მონაწილეობას ვღებულობთ სხვადასხვა კონკურსებზე და ფესტივალებზე.

 -მომავალი პროფესია თუ გაქვს არჩეული?

-მინდა, ექიმი გავხდე. ჟურნალისტობაც მინდა და დიზაინერობაც. მინდა, ჩემი ბრენდი მქონდეს.

ეკა ფარულავა